პროგრამები

საგადასახადო სამართლის კურსი

2016 წლის 1-11 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნიერსიტეტში საგადასახადო სამართლის აქტუალური საკითხების შესახებ ლექციების საზაფხულო ციკლი ჩატარდა. ლექციებს უძღვებოდნენ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასაადო შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსი, ლაშა თუთბერიძე და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და საერთაშორისო კომპანია Dechert LLP-ის უფროსი იურისტი, რუსლან ახალაია. გარდა ამისა, ლექციების ფარგლებში პრაქტიკული დავალებების (ქეისების) შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის „ტრანსფერ ფრაისინგის“ განყოფილების მთავარმა აუდიტორმა, გელა ბარშოვმა.  

კურსის მსვლელობისას განხილულ იქნა საგადასახადო სამართლის შემდეგი აქტუალური და პრობლემური საკითხები: უსასყიდლო მიწოდება, ძირითადი საშუალებების მიხედვით დღგ-ის ჩათვლა, ბარტერული ოპერაციების დაბეგვრა, კორპორაციული ოპერაციები, რემონტის ხარჯები, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის დაბეგვრა დღგ-ით, კურსთა შორის სხვაობის საგადასახადო შედეგები, აქტივების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, გრძელვადიანი კონტრაქტი, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.

საგადასახადო სამართლის ლექციების კურსი შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან. განსაკუთრებული აქცენტი პრაქტიკულ კომპონენტზე გაკეთდა.

კურსის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.