სიახლეები

უნიკალური ოპერაცია ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
20 სექტემბერი 2015

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მორიგი რთული ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტს ჩაუტარდა მუხლის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება კომპანია Implantcast-ის MUTARS® (Modular Universal Tumour And Revision System) ონკოპროტეზის გამოყენებით. 

პაციენტმა კლინიკას მუხლის სახსარში ტკივილებითა და სახსრის დეფორმაციით მიმართა. კანის, რბილი ქსოვილების და ძვლების ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის, კახაბერ თოდუასა და ტრამვატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, კობა დიასამიძის მიერ ჩატარდა შესაბამისი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები და პაციენტს დაესვა დიაგნოზი - მარჯვენა მუხლის სახსრის სიმსივნური ქსოვილის ინტიმური ჩაზრდით რბილ ქსოვილებში.აღნიშნული პათოლოგიის დროს, როგორც წესი, 90% ალბათობით კეთდება კიდურის მაღალი ამპუტაცია ან ეგზარტიკულაცია. ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარდა ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, კერძოდ სიმსივნის სრული ამოკვეთა რბილ ქსოვილებთან ერთად, ბარძაყის ძვლის რეზექცია შუა მესამედისა და წვივის ძვლის რეზექცია ზემო მესამედის დონეზე.

პაციენტის მუხლის სახსარი ჩანაცვლდა ონკოპროტეზით, აღდგა რბილი ქსოვილების მთლიანობა, სრულად აღდგა და შენარჩუნდა კიდურის ფუნქცია. ზემოთხსენებული ოპერაციები მაღალტექნოლოგიურ, ძვირადღირებულ და ტექნიკურად რთულად შესრულებად ოპერაციებს მიეკუთვნება, მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, რის გამოც ასეთი ოპერციები ფართო მასშტაბით ტარდება მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში.

მსგავსი ოპერაციები ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გერმანელი სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით ინერგება. ოპერაცია წარმატებით განხორციელდა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელის, კობა დიასამიძის, კანის, რბილი ქსოვილების და ძვლების ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის, კახა თოდუასა და ტრავმატოლოგ-ორთოპედების, შალვა დადიანისა და გიორგი კვარაცხელიას მიერ.