სიახლეები

უწყვეტი სამედიცინო განათლების სასწავლო კურსების აკრედიტაცია
3 აგვისტო 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის უწყვეტი სამედიცინო განათლების ორმა სასწავლო კურსმა: „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“ და „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ღონისძიებები“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია მიიღო.

ტრენინგკურსები შედგენილია ამერიკის გულის ასოციაციისა და ამერიკის ქირურგთა კოლეგიის მიერ მსოფლიოში ფართოდ აღიარებული პროგრამების (HeartSaver- First Aid; Basic Life Support და PreHospital Trauma Life Support) მიხედვით და მათში განხილულია სიცოცხლისთვის საშიში სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობა: გულის უეცარი გაჩერება, ტრავმა, დამწვრობა, მოწამვლა, დახრჩობა და სხვა, რომლებიც სიკვდილის უხშირესი მიზეზებია საავადმყოფოს გარეთ განვითარებული კრიტიკული მდგომარეობის დროს.

კურსები განკუთვნილია როგორც ჰოსპიტალში მომუშავე ნებისმიერი სპეციალობის ექიმისა და ექთნისთვის, ასევე არასამედიცინო კადრისთვის, რომელთაც შესაძლებელია შეხება ჰქონდეთ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ მდგომარეობასთან. ყველაზე ხშირად დაზარალებულთან პირველი კონტაქტი უწევთ თვითმხილველებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იცოდეს პირველადი დახმარების გაწევა პრეჰოსპიტალურ დონეზე.

ხოლო რაც შეეხება კურსის სარგებელს ჰოსპიტალურ დონეზე, მსოფლიო სტატისტიკით, საავადმყოფოს გადამზადებული პერსონალის მიერ ჩატარებული გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგად გადარჩენილთა 75%-ს აქვს კარგი ნევროლოგიური გამოსავალი.  

აღნიშნული სასწავლო კურსების ფართო საზოგადოებისთვის შეთავაზება მეტი გადარჩენილი სიცოცხლის  საწინდარია.