სიახლეები

სტაჟიორთა კონკურსი იურიდიული დახმარების ცენტრში
18 მარტი 2016

2016 წლის 4 აპრილიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული შემადგენლობით განაგრძობს. ცენტრის სახელით იურიდიულ მომსახურებას ადვოკატების ზედამხედველობით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორებიც გაუწევენ. სტაჟიორები მუშაობის დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რომლის ფარგლებშიც მიიღებენ საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს იურიდიული მომსახურების სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხებზე.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს. სამართლის სკოლის პროგრამა მთლიანად ეფუძნება თეორიული მასალის პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, ასევე ადრეულ ეტაპზევე სტუდენტის ჩართვას პროფესიულ გარემოსა და კვლევით საქმიანობაში. სავალდებულო კომპონენტები მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკული და კვლევითი უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო ჯგუფებს. ხოლო იურიდიული კლინიკების არსებობა უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ მრავალ სამართლებრივ საკითხს შორის მისთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებათა გამოკვეთას, რათა მან „ისწავლოს კეთებით“ (learning by doing), საზოგადოებაში გავრცელებული სამართლებრივი პრობლემების რეალური მოგვარების გზით.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს:

  • უფასო იურიდიულ კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში; 

  • განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას;

  • დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, ისე სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ან სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. პრაქტიკის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტუდენტებს  სერტიფიკატები გადაეცემათ.

იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2016 წლის 27 მარტისა.