სიახლეები

სამედიცინო დაწესებულებების მიერ პაციენტების ერთმანეთთან „გაგზავნის“ ვალდებულების ბათილობა
4 აპრილი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამედიცინო დაწესებულებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ამგვარი დაწესებულებების მიერ კონკრეტული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, პაციენტების ერთმანეთისათვის „გაგზავნის“ ვალდებულებას.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი იყო ხელშეკრულების ასეთი პუნქტის „დარღვევის“ შედეგად პირგასამტეხლოს დაკისრება. სასამართლომ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი - ბათილად ცნო ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტი. სასამართლომ განმარტა, რომ „სამოქალაქო ურთიერთობის მხარეები სარგებლობენ თავიანთი უფლებების თავისუფლად განკარგვის ნებით, მაქსიმალურად თავისუფლად განაგებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს და ფარგლებს, მაგრამ სამართლებრივ ურთიერთობებში აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს.“ სასამართლომ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე და დაეყრდნო პაციენტთა უფლებების შესახებ კანონის მე-8 მუხლს, რომლის თანახმადაც, პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების სადავო პუნქტი სწორედ პაციენტის ნების ავტონომიის საწინააღმდეგო დათქმად კვალიფიცირდება და ზემოხსენებული შეთანხმება ეწინააღმდეგება როგორც პაციენტის უფლებების შესახებ კანონის მოთხოვნებს, ასევე ზნეობის ნორმებს.

საქმეზე წარმომადგენლობა უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორებმა განახორციელეს.