სიახლეები

პრეზენტაცია - თანამედროვე ტექნოლოგიები მედიცინაში
17 ოქტომბერი 2014

"ნიუ ვიჟენ" - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკატერინე კლდიაშვილის ორგანიზებით 2014 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაცია) მიერ ჩატარდა სადემონსტრაციო დღე - პრეზენტაცია "თანამედროვე ტექნოლოგიები მედიცინაში". ღონისძიება მიზნად ისახავდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "მორფოლოგიური ონლაინ ხარისხის კონტროლის პროგრამა" - შუალედური შედეგების წარმოდგენას, ასევე, ელექტრონული ჯანდაცვისა (eHealth) და დისტანციური სწავლების (eLearning) შესაძლებლობების განხილვას. ელექტრონული ჯანდაცვა და დისტანციური სწავლება სამედიცინო სფეროს განვითარების ეფექტური შესაძლებლობაა და შეიძლება, წარმატებით იყოს გამოყენებული მედიცინის ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის განხორციელებისათვის.

საქართველოში სამედიცინო განათლების ხარისხის სრულყოფისა და ელექტრონული ჯანდაცვის კორექტული განვითარებისათვის დაიგეგმა "ნიუ ვიჟენ" - უნივერსიტეტისა და საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაციის) ერთობლივი სამეცნიერო პროექტები და სასწავლო პროგრამები.