სიახლეები

ონკოლოგიის ზამთრის სკოლა - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი
28 ოქტომბერი 2015

2016 წლის ზამთარში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის2015 წლის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი - „ონკოლოგიის ზამთრის სკოლა“ განხორციელდება.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების ორგანიზებასა და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობას; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვას, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებას; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას.

ონკოლოგიის ზამთრის სკოლის მიზანს წარმოადგენს მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების და მაგისტრთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ახალგაზრდების დაინტერესება და ახალი კადრების მოზიდვა ბიო-სამედიცინო მეცნიერებების სფეროში. კურსი ორიენტირებულია მსმენელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კვლევის მეთოდების შესწავლასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ზამთრის სკოლა უზრუნველყოფს მსმენელთა ჩართულობას მასპინძელ დაწესებულებაში მიმდინარე კვლევით პროექტებში.

ონკოლოგიის ზამთრის სკოლის აკადემიური სწავლების პროგრამა ითვალისწინებს სწავლების და დასვენების რეჟიმის ოპტიმალურ შერწყმას, რაც სტუდენტს აძლევს საშუალებას, გაიაზროს მიღებული ინფორმაცია და აითვისოს ის. პროგრამა განხორციელდება სამ მოდულად (სულ 90 სთ), სამი კვირის განმავლობაში.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ.ფოსტის საშუალებით: admissions@newvision.ge