სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი ვენის საერთაშორისო შეჯიბრიდან დაბრუნდა
1 აპრილი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია მონაწილეობს არბიტრაჟისა და საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის „მსოფლიო ოლიმპიადად“ მოხსენიებულ ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში. 2016 წელს ამ საერთაშორისო იმიტირებულს პროცესში მონაწილეობა მსოფლიოს სამასამდე უნივერსიტეტმა მიიღო.

ამ საერთაშორისო შეჯიბრის გენერალური რაუნდებისთვის მზადება ჯერ კიდევ ოქტომბერში იწყება. გუნდი შეჯიბრის პირველ ეტაპის ფარგლებში ამზადებს წერილობით სარჩელსა და შესაგებელს, რომელიც ყოველ წელს საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟსა და საერთაშორისო ნასყიდობის სახელშეკრულებო სამართალთან დაკავშირებულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს შეეხება. მეორე ეტაპი კი მოიცავს მომზადებული არგუმენტაციის დამუშავებას და მის წარდგენას სამარბიტრიანი ტრიბუნალისა და მოწინააღმდეგე მხარის წინაშე.

2016 წლის 19 -24 მარტის ფარგლებში ქ. ვენაში გაიმართა ყოველწლიური 23-ე ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესი. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სამართლის სამაგისტრო პროგრამის ოთხი სტუდენტით იყო წარმოდგენილი: ლელა ბასილაია, ანა ქოჩიაშვილი, რუსუდან ხაზარაძე და ალექსი ქორბუდიანი. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა ზეპირი რაუნდები გამართა ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ), პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რუსეთი), ბაჰიას ფედერალური უნივერსიტეტისა (ბრაზილია) და ამიტის სამართლის სკოლის (ინდოეთი) გუნდებთან. შეჯიბრის შემფასებლებისგან გუნდმა არაერთი პრაქტიკული რჩევა და პოზიტიური კომენტარი მიიღო. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გუნდის გამოსვლამ ჰარვარდისა და ბაჰიას უნივერსიტებთან.

"ვის მუთი არის საუკეთესო შესაძლებლობა მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კონკრეტულ სამართლებრივ სფეროში, განავითარო და დახვეწო საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები, გამოიმუშავო გუნდში მუშაობის კულტურა და იყო ამაყი, რომ ამგვარი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიების მონაწილე ხარ" - აღნიშნავენ შეჯიბრის მონაწილეები.