სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ექიმები ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე
5 ოქტომბერი 2016

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმები ნანა ჩიხლაძე (ქიმიოთერაპიის განყოფილება) და მაკა გოგოლაძე (ზოგადი ქირურგიის მიმართულება) სამეცნიერო მოხსენებით წარდგნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენცია ჩატარდა ქ. ბათუმში 7-10 სექტემბერს. 

ნანა ჩიხლაძის მოხსენება  საქართველოში პალიატიური მზრუნველობის პრობლემატიკას ეხებოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში  ექიმებს ყოველდღიურად უწევთ  ქრონიკულ ინკურაბელურ და მომაკვდავ პაციენტებთან ურთიერთობა, თუმცა პაციენტთან და მათი ოჯახის წევრებთან ექიმთა კომუნიკაციის უნარი საკმაოდ დაბალია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პაციენტის ოჯახის წევრთა მხოლოდ მესამედია კმაყოფილი  ექიმებთან კომუნიკაციით. კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება პალიატიური მზრუნველობის სწავლების  სპეციალურ ონლაინ მოდელს, რომელიც განკუთვნილი იქნება კრიტიკული და ინტენსიური მედიცინის სფეროში მომუშავე ექიმთათვის.  კონფერენციაზე საპატიო სტუმრად იმყოფებოდა პროფესორი ხავიერ ბატისტა (ესპანეთი), რომელმაც სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღო კვლევის მეთოდიკის დახვეწაში. მეორე მოხსენება, რომლის ავტორი იყო მაკა გოგოლაძე, ეფუძნებოდა ექსპერიმენტულ კვლევას ჰერნიოპლასტიკის შესახებ. თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. მსოფლიოში ყოველწლიურად 20-21  მლნ  ჰერნიოპლასტიკა ტარდება. კვლავ გადაუჭრელი და აქტუალური პრობლემაა თიაქარპლასტიკების შემდგომი, ბადესთან ასოცირებული პრობლემები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მუცლის წინა კედლის, თიაქრის მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება. მოხსენებით დაინტერესდა ბულგარეთის დელეგაცია (ხელმძღვანელი პროფ გ.ცარიანსკი, ბულგარეთის სამედიცინო აკადემია, წმ ეკატერინეს სახ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი) და ავტორს შესთავაზეს სტატიის გამოქვეყნება ბულგარეთის წამყვან სამეცნიერო-ქირურგიულ ჟურნალში.  

კონფერენციაში 150-მდე დელეგატი მონაწილეობდა. მოწვეული იყვნენ მსოფლიო ექიმთა ასოციაციის (WMA), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF), ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედი კომიტეტის (CPMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (UEMS, AEMH, EMSA) ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.