სიახლეები

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმების ვიზიტი თიანეთში
11 ნოემბერი 2015

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი თიანეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კიბოსწინარე დაავადებების პრევენციის მიზნით, სამედიცინო-დიაგნოსტიკური სერვისები უსასყიდლოდ შესთავაზეს. ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმებმა ორასზე მეტი ადგილობრივი პაციენტი გასინჯეს. ადგილზე გამოვლინდა რამდენიმე იშვიათი პათოლოგიაც.

„მედიცინაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ შემოწმებას და დროულ დიაგნოსტიკას, განსაკუთრებით ეს ეხება ონკოლოგიურ პაციენტებს. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლინება პაციენტების დაახლოებით 80%-ში მკურნალობის დადებით შედეგს იძლევა. დღევანდელი აქციის მიზანია დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დედაქალაქში ჩამოსვლას და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებას," - აღნიშნა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბიჭიკო (ალექსანდრე) ცალუღელაშვილმა.

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ასეთ პროგრამას პირველად არ ახორციელებს. 2015 წლის ზაფხულში მსგავსი ვიზიტით ექიმები მარტვილში იმყოფებოდნენ.