სიახლეები

ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმი "ნიუ ვიჟენ" - უნივერსიტეტში
6 ოქტომბერი 2014

2014 წლის 4 ოქტომბერს „ნიუ ვიჟენ“ – უნივერსიტეტმა უმასპინძლა თბილისში 2–4 ოქტომბერს ივანე ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას ეგიდით – „ნეიროპლასტიკურობა: ნერვული სუბსტრატი ჯანმრთელობისა და დაავადების დროს. ახალი მიდგომები და კვლევა“.

სიმპოზიუმი დაფინანსდა შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. სიმპოზიუმის მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოდან, ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან  ნეირობიოლოგებისა და ნეირომეცნიერების (სულ – 55 მონაწილე) შეკრება და ფუნდამენტური და გამოყენებითი ნეირომეცნიერების/ნანობიომეცნიერების ორიგინალური და აქტუალური მონაცემების წარმოდგენა-განხილვა.

სიმპოზიუმის ძირითადი თემები:

 

  • ცოცხალი უჯრედების ატომურძალოვანი მიკროსკოპია. უჯრედის პლასტიკურობის კვლევის სხვა ნანობიოლოგიური მიდგომები;

  • სტრუქტურული პლასტიკურობის კვლევა (ელექტრონული მიკროსკოპიის, კონფოკალური მიკროსკოპიის, ორფოტონიანი მიკროსკოპიისა და სხვა თანამედროვე მიდგომების მეშვეობით);

  • დაზიანებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ტვინი – დაგვეხმარება თუ არა ნეიროპლასტიურობა?

  • დნმ-ის ქიმია და გენების ექსპრესია. გამოცდილების გავლენა;

  • კოგნიციური და ემოციური ფუნქციები და ცხოვრების გამოცდილება;

  • უჯრედის ფიზიოლოგია.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა შემდეგი სპეციალური ღონისძიებები:

  • პლენარული ლექციები, ზეპირი პრეზენტაციები და პოსტერული პრეზენტაციები;

  • დებატები თემაზე – „ნეიროპლასტიურობის კვლევის მომავალი: ნანობიოლოგია და ნანომედიცინა";

  • ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი. საუკეთესო პოსტერული პრეზენტაციის ავტორებს გადაეცათ ამერიკული კვლევითი საზოგადოება „Sigma Xi“-ს საქართველოს წარმომადგენლობის ჯილდო.