სიახლეები

ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმი
9 სექტემბერი 2014

2-4 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში (გოთუას ქ. 14), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) და „ნიუ-ვიჟენ“ უნივერსიტეტში (ე.მიქელაძის ქუჩა 1ა) გაიმართება ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე:  „ნეიროპლასტიურობა: ჯანმრთელობისა და დაავადებების ნერვული სუბსტრატი. კვლევის უახლესი მიდგომები". სიმპოზიუმის სპონსორია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ორგანიზების ძირითადი მიზანია საქართველოს, ევროპისა და შეერთებული შტატების ნეირომეცნიერების/ნანობიოლოგების თავმოყრა (სულ – 55 მონაწილე), რათა ერთმანეთს გააცნონ თეორიული და გამოყენებითი ნეირომეცნიერების / ნანობიომეცნიერების განსაკუთრებით საინტერესო, უახლესი მონაცემები, საკითხები  და მიღწევები.

ორგანიზატორები:

  • ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;

  • „ნიუ-ვიჟენ“ უნივერსიტეტი;

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საორგანიზაციო კომიტეტი განსაკუთრებით დაინტერესებულია შემდეგი საკითხებით:

  • ცოცხალი უჯრედის ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპია. უჯრედული  პლასტიურობის კვლევის სხვა  ნანობიოლოგიური მიდგომები;

  • სტრუქტურული პლასტიურობის კვლევა (ელექტრონული მიკროსკოპია, კონფოკალური მიკროსკოპია, ორფოტონური მიკროსკოპია, სხვა თანამედროვე მიდგომები);

  • თავის ტვინის პათოლოგიები და ნეიროპლასტიურობა; 

  • დნმ-ის ქიმია და გენების ექსპრესია: გამოცდილების გავლენა;

  • კოგნიტური და ემოციური ფუნქცია და ცხოვრებისეული გამოცდილება;

  • უჯრედის ფიზიოლოგია.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

  • პლენარული ლექციები, ზეპირი და პოსტერ-პრეზენტაციები;

  • დებატები: „ნეიროპლასტიურობის კვლევის მომავალი: ნანობიოლოგია და ნანომეცნიერება;“

  • ახალგაზრდა მეცნიერთა (35 წლამდე) კონკურსი. საუკეთესო პოსტერ-პრეზენტაციის ავტორი დაჯილდოვდება აშშ–ს სამეცნიერო საზოგადოების „Sigma Xi “ -ს საქართველოს განყოფილების მიერ.

სამუშაო ენებია ინგლისური და ქართული. პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე.

ცხადდება აბსტრაქტების მიღება.

როგორც ზეპირი, ისე პოსტერ-პრეზენტაციების აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 15 სექტემბერი. აბსტრაქტების მიღება მოხდება შერჩევის საფუძველზე.

შერჩეული აბსტრაქტები დაიბეჭდება სიმპოზიუმის აბსტრაქტების კრებულში  და   ავტორთა სურვილის შემთხვევაში, სტატიების სახით გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში „Journal of Biological Physics and Chemistry“ (http://www.amsi.ge/jbpc).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://neuroplasticity2014.org.ge/index.php