სიახლეები

მიღება სამართლის სადოქტორო პროგრამაზე!
19 დეკ 2013

„ნიუ ვიჟენ“-უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამართლის სადოქტორო პროგრამაზე

სამართლის სადოქტორო პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება სამართლებრივი ინსტიტუტების, ღირებულებების, კანონშემოქმედებისა და სამართლებრივი ნორმების განმარტების შემდგომი სრულყოფით.

 

პროგრამა იძლევა უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, რაც ქმნის არსებული ცოდნის ინოვაციური მეთოდების გამოყენებით გაფართოების საფუძველს. დოქტორანტს გამოუმუშავდება კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და ზედამხედველობის, აგრეთვე კვლევის შედეგების დასაბუთებულად წარმოჩენის უნარი, რაც მას ახალი იდეების განვითარებისთვის მზაობისა და ახალ ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევის ან არსებულ ღირებულებათა დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავების შესაძლებლობას აძლევს.

 

პროგრამა მორგებულია დოქტორანტის ინდივიდუალურ საჭიროებებს. კერძოდ, სადოქტორო პროგრამის ფარგლებში საწყის ეტაპზე კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნების, სტრატეგიებისა და ტექნიკური სტანდარტების სწავლებას. ამ კომპონენტით დოქტორანტი ანვითარებს კვლევითი ნაშრომის სათაურისა და სტრუქტურის ფორმირების, აქტუალობის დასაბუთების, კვლევით დასახული მიზნის გამოკვეთის და გამოსაყენებელი მეთოდის შერჩევის უნარს. ამასთან, უშუალოდ მის კვლევასთან კავშირში დოქტორანტი ხვეწს პირველად და მეორად წყაროებზე მუშაობის, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამეცნიერო სტატიების კვლევაში ინტეგრაციის უნარს.

 

შემდგომ ეტაპზე, პროგრამის სავალდებულო სასწავლო კომპონენტებია სწავლების მეთოდები – I და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარებაზე მიმართული II სემინარი. ხოლო კვლევითი კომპონენტების - ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევისა და დამოუკიდებლად შესასრულებელი კოლოკვიუმის - ურთიერთმონაცვლეობა და გონივრული ნაზავი ხელს უწყობს, შესაბამისად, ინტერაქტიული და დამოუკიდებელი მუშაობით განპირობებული უნარების განვითარებას. სავალდებულო კვლევითი კომპონენტები დისერტაციის ნაწილია. ამასთან, როგორც სასწავლო ისე კვლევითი კომპონენტების განხორციელების თანმიმდევრობა მნიშვნელოვნად ემყარება სტუდენტის არჩევანს.

 

გარდა ამისა, პროგრამა დოქტორანტს აძლევს შესაძლებლობას, თავად დააზუსტოს საკუთარი პროფილი: განივითაროს სწავლებაზე ან კვლევაზე ორიენტირებული უნარები, ანუ აირჩიოს შესაბამისად სწავლების მეთოდები – II ან კვლევის უნარის შემდგომ განვითარებაზე მიმართული II სემინარი. 

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)

სწავლების ენა: ინგლისური/ქართული

სემესტრის საფასური: 2250 ლარი*

*დოქტორანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი სკოლის საბჭოს საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოპოვების შუამდგომლობით. 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გამოყოფილია 10 სტიპენდია.

 

პროგრამაზე მიღების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.

ელექტორნული განცხადის ფორმაში ასატვირთია:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  3. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  4. ფოტოსურათი;

  5. ხელმძღვანელის რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის განათლების, სამსახურებრივი გამოცდილების ან მანამდე განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;

  6. ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ „B2” დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (ინგლისური ენის დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ: http://www.geo.newvision.ge/#!english/comz)

  7. ავტობიოგრაფია („CV“).

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.newvision.ge/#!-/c1bx5

 

ღია კარის დღე გაიმართება 2014 წლის 3 სექტემბერს, 19:00 საათზე.

 

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის განაცხადის მიღების ვადებია:

    1. საბუთების წარმოდგენის ვადა - 30 სექტემბერი (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა);

    2. საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთების ვადა - 10 სექტემბერი (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა);

    3. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის ვადა - 8 ოქტომბერი.

სწავლა დაიწყება 2014 წლის 13 ოქტომბერს!

 

საკონტაქტო პირები:

ნინო ბეგიაშვილი

ტელ.: 598 56 50 12

ან

ელენე მამუკელაშვილი

ტელ.: 599 27 33 27

ელ.ფოსტა: info@NewVision.ge