სიახლეები

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების სპირალური მიდგომის პრეზენტაცია
29 აგვისტო 2018

27 აგვისტოს, დავით კერესელიძემ, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ბაზელის კონგრეს-ცენტრში (შვეიცარია) ჩატარდა, წარადგინა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სპირალური სწავლების მეთოდი. პრეზენტაციის - „სპირალური კურიკულუმის დანერგვა სამედიცინო განათლების სფეროში: ოთხი დონე“ - მიზანი სწავლების თავსებადობის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო პრაქტიკულად გამოსაყენებელ კომპეტენციებთან და ამის მიღწევის შესაძლებლობის წარმოჩენა სპირალური კურიკულუმის დანერგვით.

მედიცინის სკოლამ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება 2014 წელს დაიწყო, ხოლო მისი იმპლემენტაციის შუა ეტაპზე, 2017 წელს, სწავლების შედეგების მიღწევა შეაფასა. პროგრამა გააზრებულია როგორც ცოდნის ათვისებისკენ და უნარებისა თუ ღირებულებების გამომუშავებისკენ მიმართული ოთხდონიანი სპირალი, რომელიც ყოველი მომდევნო დონე დაფუძნებულია წინაზე და სწავლის უფრო რთულ მიზნებს ითვალისწინებს.

შეფასება განხორციელდა ჯგუფური, საკომიტეტო და  კურიკულუმის კომიტეტის გაფართოებული შეხვედრების ფორმატით. შეფასების პროცესში გაანალიზდა პროგრამის განხროციელებისას დაგროვილი გამოცდილება, სხვა უნივერსიტეტების მიდგომები და სტუდენტთა გამოკითხვები. დოკუმენტის პროექტი განხილულ იქნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და გაფართოებული აუდიტორიის, მათ შორის პროფესიული წრეებისა და პოტენციური დამსაქმებლების მონაწილეობით.

შედეგად, ცოდნა და გაცნობიერება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მიღებისა და სწავლის უნარები, ასევე ღირებულებები მიჩნეულ იქნა სპირალური სასწავლო პროგრამის დამაკავშირებელ ელემენტებად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამოისახა სამედიცინო კომპეტენციის ოთხდონიანი სპირალი, სადაც ყოველი მომდევნო დონე ეფუძნება წინამორბედს, კომპეტენციის შემდგომი გაღრმავება-განვითარების მიზნით.

პროგრამის კომპონენტებს შორის ურთიერთკავშირი ნათლად ასახავს საგანმანათლებლო პროგრამის სპირალური მოდელის უპირატესობას, იმდენად რამდენადაც ცალკეული კომპონენტების მიზნები და შედეგები, ასევე მათ შორის ურთიერთკავშირი, დამახასიათებელია ასეთი ტიპის მიდგომებისთვის. დამაკავშირებელმა კომპონენტებმა გააადვილა სპირალური კურიკულუმის ერთი დონიდან მეორეზე გადასვლა. კურიკულუმის ბოლო დონეზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრანსდისციპლინური კომპონენტების ფორმირებას.