სიახლეები

ინდოეთის რესპუბლიკის დღე უნივერსიტეტში
30 იანვარი 2016

28 იანვარს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტების ინიციატივით ინდოეთის რესპუბლიკის დღე აღინიშნა.

სპეციალურად ღონისძიებისათვის ათამდე ინდოელმა სტუდენტმა პრეზენტაციები მოამზადა. გამომსვლელებმა სხვა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ინდოეთის ტრადიციები, კულტურა და რესპუბლიკის ისტორია გააცნეს. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად შეაფასეს მათი გამოსვლა და ორ საუკეთესო გამომსვლელს - ვიშნუ პრია დარშინსა და ბახტ სინგჰ კენედის სპეციალური სერტიფიკატი - "ინდოეთის ელჩი უნივერსიტეტში" გადასცეს.

ვიშნუ პრია დარშინის პრეზენტაციის თემა მიეძღვნა ძველ ინდურ მედიცინასა და კულტურას თანამედროვე აზროვნების გადმოსახედიდან, ბახტ სინგჰმა კი ჰიპოთეტური ქართველი ბიზნესმენის ინდოეთში მოგზაურობის პერსპექტივიდან წარმოადგინა ინდური ტრადიციები.

ღონისძიებამ სტუდენტებში ინტერესი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ინგლისურენოვან პროგრამებზე ამჟამად ოცამდე ქვეყნის წარმომადგენელი სწავლობს. უახლოეს მომავალში მსგავს ღონისძიებებს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც გამართავენ.