სიახლეები

დოქტორანტურის სასწავლო პროცესი დაიწყო!
18 ოქტომბერი 2014

აიწყო სწავლა „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება პირველ სემესტრში სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის (სადოქტორო კვლევის ძირითადი ინსტრუმენტები) მეშვეობით. იგი საშუალებას აძლევს სტუდენტს, გაეცნოს სადოქტორო კვლევის ორგანიზების მეთოდებს, პირველად წყაროებთან მუშაობისა და მეორადი წყაროების გამოყენების სპეციფიკას. ძირითადი მეთოდი არის „გააკეთე და ისწავლე“, ვინაიდან სტუდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კომპონენტები.

სადოქტორო პროგრამა სრულად გაწერილია კრედიტებში და იძლევა სწავლის ოპტიმალურ ვადაში დასრულების რეალურ შესაძლებლობას. მეორე სემესტრიდან სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, თავად დაგეგმოს საკუთარი პროფილის ჩამოყალიბება: აირჩიოს სავალდებულო სასწავლო კომპონენტები (სწავლების მეთოდები – I ან I სემინარი), ან აიღოს ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა – I.

სემინარი სასწავლო კომპონენტია და, შედეგად, არ არის დაკავშირებული სადოქტორო ნაშრომთან, ხოლო კოლოკვიუმი, როგორც სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კომპონენტი, დისერტაციის ნაწილია. ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა კოლოკვიუმისგან იმით განსხვავდება, რომ არის მითითებების მიღების ფართო შესაძლებლობა იმ დროს, როცა კოლოკვიუმი უპირატესად დამოუკიდებელ მუშაობას ემყარება. ამ კომპონენტების გონივრული ნაზავი (თითოეული 15-კრედიტიანი კომპონენტია) ხელს უწყობს, შესაბამისად, სამეცნიერო იდეების ხელმძღვანელთან თანამშრომლობის ფორმატში გენერირებითა და დამოუკიდებელი მუშაობით განპირობებული უნარების განვითარებას.

სწავლების მეთოდები – II და II სემინარი არჩევითი კომპონენტებია, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევენ, გამოკვეთონ საკუთარი პროფილი. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მეტ დაინტერესებას სწავლების, და არა დამატებითი კვლევითი უნარების განვითარების, მიმართ იჩენს, ის აირჩევს სწავლების მეთოდები – II-ს, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში - II სემინარს.