სიახლეები

ბაკალავრიატის სტუდენტების პირველი სამუშაო დღე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში!
13 ოქტომბერი 2014

სამართლის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს თეორიული კომპონენტების პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას და სტუდენტის ინტეგრირებას პროფესიულ გარემოსა და კვლევით საქმიანობაში. 

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტები დღეიდან მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობაში, სადაც მათ მენტორობას მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები გაუწევენ.

იურიდიული დახმარების ცენტრში საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული. ბაკალავრიატის სტუდენტის მიერ კლიენტის რეგისტრაცია, ინტერვიუირების პროცესზე დაკვირვება და წერილობითი დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობა პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა.   

იურიდიული დახმარების ცენტრში საქმიანობა ბაკალავრიატის სტუდენტისათვის ორიენტირებულია „სწავლა კეთებით“ პრინციპზე დაფუძნებულ მეთოდზე, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის დამატებით - „სწავლა სწავლებით“ პრინციპზე დაფუძნებულ მეთოდზე.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების ცენტრში დასაქმების პარალელურად, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ჩაერთვებიან უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმების წინაპირობაა.