VIII. ნების გამოვლენის ნამდვილობის წინაპირობები (ანალიზი და დასკვნა)

19. კეთილგანწყობის ურთიერთობა

ანი სთავაზობს თავის მეგობარ ბენოს საღამოს ცხრა საათზე ავტომანქანით გავლას და კინოთეატრში წაყვანას. ბენო, რომელიც ამ იდეით აღფრთოვანებულია, დაუყოვნებლივ თანხმდება წინადადებას. ამასთან, ის შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება და ახალ პერანგსაც ყიდულობს. საღამოს ანი ბებიას მოინახულებს, აწყობს ოჯახურ წვეულებას და ბენო მხოლოდ მეორე დღეს, მაშინ ახსენდება, როდესაც ბენოს საყვედურებით დამძიმებულ ტექსტურ შეტყობინებას კითხულობს.

რა მოთხოვნები აქვს ბენოს ანის მიმართ?

 

არსი
“ნების გამოვლენის” არარსებობა შესაძლებელია განპირობებული იყოს სამართლებრივი შედეგზე მიმართული ნების არარსებობით.
 
წესი
“გარიგების” ცნება წესრიგდება სსკ-ის 50-ე მუხლით. “გარიგება” “ნების გამოვლენაა”. ის შეიძლება ერთი, ორი ან ორზე მეტი პირის გაერთიანებული ნების საფუძველზე დაიდოს. შესაბამისად, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის შესაძლებელია საჭირო იყოს “ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა”.
“ნების გამოვლენა” სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადებაა.
“ნება” შინაგანი, სუბიექტური კომპონენტია. იგი მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომაზე. “გამოვლენა” ამ ნების ობიექტური გაცხადებაა იმ სახით, რომ გასაგები, აღქმადი იყოს ადრესატის მიერ.
თუ ნება არ არის მიმართული სამართლებრივი შედეგის დადგომაზე, მაშინ არ არსებობს “ნების გამოვლენის” სუბიექტური კომპონენტი. შესაბამისად, ასეთი ნების ობიექტურად შეცნობადად გაცხადების მიუხედავად, შეუძლებელია არსებობდეს “ნების გამოვლენა”.
ამდენად, სსკ-ის 50-ე მუხლის განმარტებისას მხედველობაშია მისაღები, რომ სწორედ “ნება”, როგორც “ნების გამოვლენის” ერთ-ერთი კომპონენტი (და არა “ნების გამოვლენა”, როგორც სუბიექტური და ობიექტური კომპონენტების ერთობლიობა), შეიძლება იყოს მიმართული სამართლებრივი შედეგის დადგომაზე, ანუ “სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.”(44) 
“ნების” კომპონენტს შინაარსობრივად უკავშირდება “ბოჭვის ნება”, რომელიც აღწერილია სსკ-ის 329-ე მუხლის I ნაწილით. “ბოჭვის ნება” არსებობს მაშინ, როდესაც ნების ფორმირების საბოლოობაში არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი.

ანალიზი

ბენოს შესაძლებელია ჰქონოდა ანის მიმართ, მაგალითად, გადაყვანის ხელშეკრულებიდან, ანუ სსკ-ის 668-ე მუხლიდან, გამომდინარე მოთხოვნა ან მეორადი მოთხოვნები ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

წინაპირობაა მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადება: ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა და ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოებების არარსებობა. მეორადი მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობა კი იქნებოდა პირველადი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ანუ ამ შემთხვევაში სსკ-ის 668-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, გასაანალიზებელია, თუ რამდენად შეიძლებოდა ანის მოქმედებას სამართლებრივი შედეგები მოჰყოლოდა.

ამისათვის, სსკ-ის 50-ე მუხლის გათვალისწინებით, აუცილებელი იქნებოდა ანის შეთავაზების ნების გამოვლენად განმარტება. შესაბამისად, ანის უნდა ჰქონოდა სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნება და ეს ნება ობიექტურად შეცნობადად გაეცხადებინა.

ანის “ნების გამოვლენის” შემთხვევაში შესაძლებელია, არ არსებობდეს სწორედ სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნება, ანუ ნების გამოვლენის სუბიექტური კომპონენტი. ეს, ბუნებრივია, გამორიცხავდა ნების გამოვლენის არსებობას და შესაბამისი ხელშეკრულების დადებას.

ანი ბენოს სთავაზობს “ავტომანქანით გავლას და კინოთეატრში წაყვანას”, როგორც თავის მეგობარს. ამასთან, შემთხვევის გარემოებებიდან იკვეთება, რომ ანის ამ შეთავაზებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, ანის ჰქონოდა ამ დაპირებით ბოჭვის ნება, ანუ სურვილი, სამართლებრივად ყოფილიყო ვალდებული, განეხორციელებინა შესაბამისი მოქმედება.

უფრო ლოგიკურია, რომ ანის შეთავაზება ბენოს მიმართ ყოფილიყო მეგობრული ჟესტი. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში არ არსებობს მოლოდინი, რომ დაპირების შეუსრულებლობას რაიმე სამართლებრივი შედეგები – მაგალითად, სასამართლოში მიმართვით კინოთეატრში წაყვანის იძულება – შეიძლება მოჰყვეს.

შესაბამისად, ანის არ ჰქონია სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნება და არ სურდა სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება. მისი დაპირება კეთილგანწყობის გამოხატვა იყო.

ამდენად, არ არსებობს ორი შინაარსობრივად ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა. შესაბამისად, ანისა და ბენოს შორის ხელშეკრულება არ დადებულა.

დასკვნა

ბენოს არ აქვს ანისგან კინოთეატრში წაყვანის მოთხოვნა, სსკ-ის 668-ე მუხლიდან გამომდინარე.  

 

20. მოქმედების ნება

ანი ქართული სუფრის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლას პრაქტიკულად ახორციელებს. მის გვერდით მჯდომ ბენოს რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოუტოვებია არცერთი განსხვავებული სასმისი და დამსახურებულ ძილს ახლა საცივში თვის ჩარგვის გზით მისცემია. ანის ყურადღება ბენოს ძილის პოზასა და მძიმე სუნთქვაზე მეტად მისმა ძვირფასმა საათმა მიიქცია. ანი საათის შეძენას ბენოს 50 ლარად სთავაზობს, ხოლო შემდგომ ნაზად კიდებს მის თავს ხელს და თანხმობის ნიშნად რამდენჯერმე აქნევინებს. ანი თვლის, რომ მან წარმატებული ხელშეკრულება დადო.

შესაძლებელია, ანის რაიმე მოთხოვნა მოეპოვებინა?

არსი
“ნების გამოვლენის” არარსებობა შესაძლებელია განპირობებული იყოს “მოქმედების ნების” არაარსებობით.
 
წესი
ნების გამოვლენა თუ გარიგება არ არსებობს სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული “ნების”, ანუ ნების გამოვლენის სუბიექტური კომპონენტის გარეშე.
ნების ფორმირების ანალიზისას იმიჯნება: “მოქმედების ნება”, “გამოვლენის ნება” და “სამართლებრივი შედეგის დადგომის ნება”.(45)
იმისათვის, რომ პირის მოქმედებას სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, მას უნდა ჰქონდეს ნება, იმოქმედოს. ამდენად, “მოქმედების ნება” ნების ფორმირებისა და, შესაბამისად, ნების გამოვლენის სავალდებულო კომპონენტია. ამის საპირისპიროდ, “გამოვლენის ნებისა” და “სამართლებრივი შედეგის დადგომის ნების” არარსებობა არ აფერხებს ნების გამოვლენის ფორმირებას.

მოქმედების ნება არ არსებობს, მაგალითად, რეფლექსური მოძრაობის, ძილში საუბრის, ჰიპნოზურ მდგომარეობაში მოქმედების ან “აბსოლუტური ფიზიკური ზემოქმედების” შემთხვევაში. ამასთან, აბსოლუტური ფიზიკური ზემოქმედებისას პირის მოქმედების ნების ფორმირება ვერ მოხდება, ვინაიდან რეალურად მის ნაცვლად სხვა პირი მოქმედებს, მაგალითად, როდესაც ინდივიდს უშუალოდ ამ მოქმედებაზე მიმართული ფიზიკური ზემოქმედებით ხელს აწერინებენ ან თავს აქნევინებენ.(46)

ანალიზი

ანის შესაძლებელია მოეპოვებინა ბენოს მიმართ საათისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე.

წინაპირობაა ანისა და ბენოს შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. ამისათვის აუცილებელია მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა და ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოებების არარსებობა.

ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ობიექტურად შეცნობადი “გამოვლენისა” თუ “გაცხადების” მიუხედავად, არ არსებობდეს ბენოს ნების გამოვლენა. ეს შესაძლებელია, განპირობებული იყოს იმით, რომ ბენოს არ ჰქონოდა “მოქმედების ნება”.

ეს იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა დადასტურებულად, თუ ბენო არ განახორციელებდა გაცნობიერებულ მოქმედებას.

საქმის გარემოებებიდან იკვეთება “აბსოლუტური ფიზიკური ზემოქმედების” შემთხვევა. ცალსახაა, რომ ბენოს ნაცვლად მოქმედება ანიმ განახორციელა. მან ბენოს თავი “დააქნევინა”.

ბენოს არ ჰქონდა იმის გაცნობიერების საშუალებაც კი, რომ მან რაიმე მოქმედება განახორციელა.

შესაბამისად, შეუძლებელია, მის ასეთ “უმოქმედობას” რაიმე სამართლებრივად არსებითი შედეგი მოჰყოლოდა. ბენოს ნება არ გამოუვლენია. 

ამასთან, ეს არათუ შეცნობადი იყო, არამედ უთუოდ იცოდა მისი “ნების გამოვლენის” ადრესატმა.

გარდა ამისა, თავის მხრივ გასაანალიზებელია, თუ რამდენად შეიძლება ანის ნების გამოვლენის შინაარსი (ოფერტი) მისვლოდა ადრესატს – ბენოს. დასაშვებია, იმის დასაბუთებაც, რომ ვერც ანის ნების გამოვლენა ვერ იქნება ნამდვილი, ვინაიდან მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, რომ ბენოს ჰქონოდა მისი შინაარსის შეცნობის რეალური შესაძლებლობა. ეს მოცემულ შემთხვევაში ბენოს არ ჰქონია.

დასკვნა

ანის არ აქვს ბენოს მიმართ საათისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე. 

 

21. “გაცხადების ილუზია”

ანი სარეკლამო ბროშურის დათვალიერებისას აღმოაჩენს უცნობი დიზაინერის, ბენოს, საინტერესო საგაზაფხულო კოლექციას და გადაწყვეტს რამდენიმე კაბის შეკვეთას. იგი ავსებს ბროშურაზე თანდართულ შეკვეთის განაცხადს, მაგრამ მალე გადაიფიქრებს და შევსებულ განაცხადს ნაგვის ყუთში აგდებს. მომდევნო დღეს დამლაგებელი გულო იღებს ნაგვის ყუთიდან შეკვეთის განაცხადს და ვარაუდით, რომ ანის სურვილს ასრულებს, განაცხადს საფოსტო ყუთში აგდებს. მალე ანი იღებს შეკვეთილ კაბებს.

ვალდებულია ანი, გადაიხადოს კაბების საფასური?

 

არსი
ნების გამოვლენას, რომლის ფორმირების დასრულებაც საეჭვოა, ადრესატთან მისვლის მიუხედავად, შეიძლება არ მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
 
წესი
“ნების გამოვლენა” სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადებაა.(47) 
ნების გაცხადებაში ინდივიდის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის მასზე დამოკიდებული აუცილებელი წინაპირობების შესრულება იგულისხმება. სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნების იმ სახით გამოხატვაა აუცილებელი, რომ ის არა მხოლოდ აღქმადი იყოს ადრესატის მიერ, არამედ მის “საბოლოობაში”, ანუ გაცხადების პროცესის დასრულებაში, არ არსებობდეს ეჭვის შეტანის საფუძველი.(48)
არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენის შემთხვევაში “გაცხადების საბოლოობისთვის” აუცილებელია ნების გამოვლენის ფორმირების პროცესის დასრულება, ხოლო მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის შემთხვევაში – მას ემატება მისი (ნების გამოვლენის) ადრესატისკენ მიმართვა ისე, რომ, ჩვეულებრივ, სავარაუდო იყოს ადრესატის მიერ მისი მიღება.(49) 
შესაბამისად, აუცილებელია, “ნების გამოვლენა ბრუნვაში მოხვდეს გამომვლენის ნებით”, რომელსაც ჰქონდა საფუძველი, ევარაუდა და ივარაუდა კიდეც, რომ მისი ნების გამოვლენა ადრესატამდე მიაღწევდა.(50) 
სსკ-ის 329-ე მუხლის I ნაწილით პირი თავისი ნების გამოვლენით მაშინ იბოჭება, თუ ცალსახაა, რომ “წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება”.
თუ ნება ინდივიდის ძალაუფლების სფეროს მისი სურვილის გარეშე ტოვებს, იქმნება მხოლოდ “გაცხადების ილუზია”. ნების გამომვლენმა თავად უნდა გადაწყვიტოს: გააცხადებს თუ არა ნების გამოვლენას, რა სახით და როდის. ამდენად, “არაგაცხადებულ” ნებას ადრესატთან “მისვლის” შემთხვევაში არ მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.
არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი გაცხადება ნების გამოვლენის ნამდვილობას უნდა იწვევდეს და გამცხადებელს უნდა ენიჭებოდეს შეცილების უფლება. სხვა პოზიციის თანახმად, გადამწყვეტი უნდა იყოს ის, თუ რამდენად მიუძღვის ბრალი “გამცხადებელს” მისი ძალაუფლების სფეროში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე “გაცხადების ილუზიის” შექმნაში. იმ შემთხვევაში, თუ მას არ მიუძღვის ბრალი, ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად და, შესაბამისად, აუცილებელი არ იქნება შეცილება.(51) 
“გაცხადების ილუზიის” პრობლემის დაძლევისას მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება მოითხოვს ნების გამომვლენისა და ადრესატის თანაბარ დაცვას. იმის გამო, რომ “გაცხადების ილუზია” გამცხადებლის მიერ არის გამოწვეული, როგორც წესი, მან თავად უნდა აგოს პასუხი გამომდინარე შედეგებზე. შესაბამისად, ნების გამოვლენის ადრესატი უფლებამოსილია, მოითხოვოს ნების გამოვლენის ნამდვილობის ნდობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, მაგალითად, სსკ-ის 79-ე მუხლის II ნაწილის ანალოგიით ან წინასახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სსკ-ის 317-ე მუხლის II ნაწილის, 316-ე მუხლის II ნაწილისა და 394-ე მუხლის I ნაწილის ურთიერთკავშირში გამოყენებით.(52)  

ანალიზი

ბენოს შესაძლებელია ჰქონდეს ანისგან კაბების ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის II ნაწილიდან გამომდინარე.

ამ მოთხოვნის წინაპირობაა ბენოსა და ანის შორის დადებული ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება და ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოებების არარსებობა.

ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორმხრივი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა.

ამ შემთხვევაში საეჭვოა ანის ოფერტი, კერძოდ ის, თუ რამდენად დასრულებულია ნების ფორმირებისა და მისი სათანადოდ გამოხატვის, ანუ გაცხადების, პროცესი.

ნების გაცხადება გულისხმობს ინდივიდის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნების იმ სახით გამოხატვას, რომ მის “საბოლოობაზე” ეჭვი აღარ დარჩეს. მიღებასავალდებულო ნების გამოვლენისას არ არის საკმარისი წერილობითი დოკუმენტის მხოლოდ შემუშავება და ხელმოწერა. ნების გამომვლენმა იგი უნდა მიმართოს ადრესატისკენ, ანუ განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელიც ადრესატის მიერ ნების გამოვლენის მიღებას მისთვის (ნების გამომვლენისთვის) სავარაუდოს გახდის.

მოცემულ შემთხვევაში ანის ნების ფორმირებისა და გამოხატვის პროცესი ჯერ არ იყო დასრულებული. უფრო მეტიც, ანიმ შესაბამისი ნების გამოხატვა “გადაიფიქრა” და შევსებული განაცხადი ნაგვის ყუთში ჩააგდო. ეს მოქმედება მიუთითებს ანის მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის სურვილის არარსებობას. ამდენად, დაუშვებელია, პირს მიეწეროს არასასურველი და, რაც მთავარია, არგამოხატული ნების სამართლებრივი შედეგები.

ამდენად, ანის ნება სამართლებრივად მისაღები ფორმით არ გაცხადებულა. შეიქმნა მხოლოდ გაცხადების ილუზია.

დასკვნა

ბენოს არ აქვს ანისგან ნასყიდობის ფასის, ანუ კაბების საფასურის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის II ნაწილიდან გამომდინარე.

 

__________
44. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 232 და შემდგომნი. 
45. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 237 და შემდგომნი.  
46. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 239.
47. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 242 და შემდგომნი.
48. იქვე, 244, შემდგომი მითითებებით.
49. იქვე.
50. იხ. BGH, NJW 1979, 2032, 2033.
51. შესაბამისი პოზიციების მიმოხილვისათვის იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 244.
52. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 246.