მისია და სტრატეგია

მისია:

უნივერსიტეტის მისიაა ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვის ხელშეწყობით. უნივერსიტეტი ახალისებს ინდივიდს, დახვეწოს და გააზიაროს ცოდნა, უნარები და ღირებულებები საზოგადოების საკეთილდღეოდ. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ასევე ხელს უწყობს განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

ხედვა:

უნივერსიტეტი ქმნის ღია, ინოვაციურ და თანამშრომლობით გარემოს, რათა სტუდენტთა ჩართულობით წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. თანაბარი ხელმისაწვდომობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს განსხვავებული საჭიროებების სტუდენტზე ორიენტირებულ და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობებს. სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფოსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უნივერსიტეტი ესწრაფვის ცოდნისა და ინოვაციების გავრცელებას ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებაში. ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს ფორმირების პასუხისმგებლობის გაზიარებით, უნივერსიტეტი ახალისებს გარემოსდაცვით განათლებას საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მის დასაცავად ერთობლივი მოქმედებისათვის. ცოდნის შექმნით, გაფართოება-გავრცელებითა და კვალიფიციური კადრების მომზადებით უნივერსიტეტი ხელს უწყობს ეკონომიკურ წინსვლასა და მდგრადობას. 

ღირებულებები და დამოკიდებულებები

უნივერსიტეტის გუნდის მიერ გაზიარებული ღირებულებები და დამოკიდებულებებია:

  • თანამშრომლობა,
  • კვლევაზე კონცენტრაცია,
  • შემოქმედებითობა პრობლემის გადაჭრისას,
  • მრავალფეროვნება,
  • ეფექტიანობა,
  • თანასწორობა,
  • მიუკერძოებლობა,
  • ეთიკური ლიდერობა,
  • თავისუფლება,
  • ინოვაცია,
  • ინტეგრაცია,
  • პატიოსნება,
  • სამართლიანობა,
  • ღიაობა,
  • პროფესიონალიზმი,
  • საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება,
  • უსაფრთხოება,
  • სოციალური ჩართულობა.

ძირითადი ფაქტები:

არამომგებიანი (არაკომერციული) იურიდიული პირი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაარსდა 2013 წელს, ხოლო ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - 2014 წელს. უნივერსიტეტში დასაქმებულია 400-მდე პროფესორი, მეცნიერი და პრაქტიკოსი. საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობს 1000-ზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს ოცდახუთზე მეტი ქვეყნიდან.

სტრატეგიული გეგმა 2017-2024

უნივერსიტეტი სრულად იაზრებს მის უნიკალურ იდენტობას საზოგადოებაში. ის სთავაზობს რეგიონული და დასავლური საგანმანათლებლო სამეცნიერო ექსპერტიზის შერწყმას, რათა უზრუნველყოს შრომის ბაზრის პრიორიტეტებთან მჭიდრო კავშირი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ნვუ-ს მიზანია ინტეგრირებული და მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ზოგად და ლიდერობის უნარებზე, ასევე -  საერთო ღირებულებებზე. 

გეგმა განსაზღვრავს უნივერსიტეტის გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს. დოკუმენტი ხაზს უსვამს უნივერსიტეტის უმთავრეს მიზანს „მხარი დაუჭიროს პიროვნების თვალსაწიერის გაფართოებას განათლების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის გზით.“