III. ანალიზი

კაზუსის განხილვისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიღებული შედეგი, არამედ შესაბამისი შედეგისკენ მიმავალი გზაც. ამასთან, “სამართლებრივად მეტყველება” და აზრის სტრუქტურირებულად ჩამოყალიბება არსებითად განაპირობებს გადმოცემულის სწორ აღქმას.

 

1. აზრის სტრუქტურირება და ჩამოყალიბების სტილის შერჩევა

განხილულ საკითხთა წრესა და თანმიმდევრობას ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს.

დაუშვებელია ყურადღების გამახვილება სამართლებრივად არაარსებით ან განსახილველი პრობლემისთვის უმნიშვნელო გარემოებებზე და მათი სამართლებრივი შეფასების მცდელობა.

ხოლო ის, რაც არსებითია, შეიძლება, შემთხვევის გარემოებებიდან უტყუარად გამომდინარეობდეს (დადგენილი იყოს) ან დამატებით შეფასებას, სამართლებრივ ანალიზს საჭიროებდეს; იმას, რაც დადგენილია, შემოწმება აღარ ესაჭიროება და “მტკიცებითი” ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს; ამის საპირისპიროდ, ის, რაც შესაფასებელია, უნდა შემოწმდეს “ალბათობის” ფორმით.

ამასთან, მოსარიდებელია სტილის აღრევა: თანაბრად მიუღებელია როგორც საქმის გარემოებებში მოცემული ფაქტების ალბათობის ფორმით, ისე შესამოწმებელი გარემოებების შეუმოწმებლად მტკიცებითი ფორმით ჩამოყალიბება.

ცალკეული პრობლემის ანალიზიც მსჯელობის ლოგიკურ ჯაჭვს მოითხოვს:

- მსჯელობა საკითხის დასმით იწყება, რაც შესამოწმებელი პრობლემის იდენტიფიცირებასა და “ალბათობის” ფორმით ჩამოყალიბებას გულისხმობს;

- მომდევნო ეტაპზე ხორციელდება დასმული საკითხის გადაწყვე-ტისათვის ყველა არსებითი წინაპირობის წარმოჩენა;

- შემდგომ ცალკეული წინაპირობა მოწმდება კონკრეტული საქმის გარემოებებთან ურთიერთკავშირში;

- დაბოლოს, მიღებული შედეგი მტკიცებითი ფორმით ფიქსირდება.

ამასთან, კონკრეტული საკითხის ანალიზისას მიღებული შედეგი შუალედური დასკვნის სახით ყალიბდება. ეს სასურველია იმ შემთხვევებში, თუ კაზუსის განხილვისათვის ერთზე მეტი საკითხის დასმა და განხილვაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული შედეგი, ზოგადად, კაზუსის განხილვის შემაჯამებლად უნდა ჩაითვალოს და უშუალოდ დასკვნაში ჩამოყალიბდეს.

 

2. ანალიზის ამომწურავობა

ანალიზი ამომწურავია, თუ განხილულია დასმულ საკითხთან დაკავშირებული არსებითი არგუმენტები და გამოკვეთილია ავტორის პოზიცია. ეს, ცხადია, არ ნიშნავს არაერთგვაროვნად შეფასებადი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას ალტერნატიული გადაჭრის გზების წარმოჩენის დაუშვებლობას.

შესაძლებელია, კონკრეტული პრობლემის განხილვისას სხვადასხვა მოსაზრების შეპირისპირება, ავტორის აზრით, უპირატესის გამოკვეთა, ან მათი შეჯერება გახდეს საჭირო. მნიშვნელოვანია, პოზიციებისა თუ თეორიების ზოგადი ანალიზის ნაცვლად, უშუალოდ განსახილველ პრობლემასთან ურთიერთკავშირში მყოფი საკითხების წარმოჩენა. გადამწყვეტია არა ამა თუ იმ თეორიისა თუ მიდგომის ცოდნა, არამედ წამოჭრილი პრობლემის მოგვარების გზის პოვნა.

განსხვავებული მიდგომაა სავალდებულო და დამარწმუნებელი წყაროების გამოყენების თვალსაზრისით.

სავალდებულოა ნორმატიული წყაროებისა და სასამართლო გადაწყვეტილებებში გამოხატული პოზიციის განხილვა. თუმცა შესაძლებელია დასაბუთდეს, თუ რატომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში მათი გაზიარება, მაგალითად, ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებულობის ან მიღებული შედეგის კანონის მიზნიდან თუ სამართლებრივ-პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუშვებლად მიჩნევის გამო.

დამარწმუნებელი წყაროს შერჩევა მიზნად ისახავს ჩამოყალიბებული პოზიციის გამყარებას. ღირებულია ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც, შესაძლებელია, დასმული საკითხის გადაწყვეტისას კონკრეტულ პოზიციას ამართლებდეს.

ამასთან, მხედველობაშია მისაღები შესასრულებელი დავალების ფორმატი. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო აუდიტორიაშია შესასრულებელი და ხელმისაწვდომია მხოლოდ ნორმატიული წყაროები, არ არის სავალდებულო სხვა წყაროების ციტირების ტექნიკის სრული დაცვით მითითება. საკმარისია, მაგალითად, იმის აღნიშვნა, რომ შესაბამისი ხედვა სასამართლო პრაქტიკით არის დადგენილი, ან ამა თუ იმ სამეცნიერო წყაროს მიხედვითაა მითითებული.

ამის საპირისპიროდ, სახლში შესასრულებელი სამუშაოს ფორმატში სავალდებულოა ადეკვატური ციტირების ტექნიკის დაცვა. წყაროები მისათითებელია იმ სიზუსტით, რომ მათი მოძიებისას მკითხველმა მაქსიმალურად ნაკლები დრო დაკარგოს. მაგალითად, სამეცნიერო წყაროს ციტირებისას ეს გულისხმობს მინიმუმ ავტორის, ნაშრომის სათაურის, გამოცემის წლისა და შესაბამისი გვერდების მითითებას.

მნიშვნელოვანია, არ მოხდეს სხვისი აზრის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მითვისება. ამ თვალსაზრისით, სავალდებულოა კონკრეტულ საკითხზე გამოთქმული პოზიციების სრულად მიმოხილვა. თუმცა ეს არ ნიშნავს ყველა სახის გამოქვეყნებული თუ სხვა მხრივ ხელმისაწვდომი ლიტერატურის განხილვის ვალდებულებას. განსახილველია დასმულ საკითხთან მიმართებით არსებითი და ორიგინალური პოზიციის გამომხატველი ნაშრომები.

არსებითია პოზიცია, რომელიც დასმული საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, ჩამოყალიბებული პოზიციის გამყარების, კონტრარგუმენტების განჭვრეტისა და გაბათილების თვალსაზრისით. თუ, ავტორის აზრით, კონკრეტული პოზიცია იმდენად “აბსურდულია”, რომ მისი განხილვა აზრს მოკლებულია, ის ვალდებულია, მხედველობაში საერთოდ არ მიიღოს ასეთი მოსაზრებები. მათზე არც მან და არც მკითხველმა დრო არ უნდა დაკარგოს.

ორიგინალობა წყაროსა თუ აზრის ავტორის ზუსტი იდენტიფიცირების თვალსაზრისით დგინდება. მითითებულ ნაშრომში სათანადო ციტირების არარსებობის გამო დამდგარ შედეგზე – სხვისი აზრის მითვისებაზე – პასუხისმგებლობა შესაბამისად ნაწილდება როგორც თავდაპირველ პლაგიატორზე, ისე მასზე, ვინც შეცნობადად სხვისი აზრი არასათნადო ავტორს მიაწერა. ციტირების ავტორს მოეთხოვება იმის იდენტიფიცირება, მის მიერ გაზიარებული თუ საყურადღებოდ მიჩნეული პოზიცია ნამდვილად მითითებულ წყაროში გამოითქვა, თუ ეს მხოლოდ სხვისი ნაშრომის გაცნობის საფუძველზე მითვისებული პოზიციაა.

ზოგადად, დამარწმუნებელი წყაროების სამართლებრივი ღირებულების ამოცნობისას მნიშვნელოვანია მათი სანდოობის გადამოწმება. მაგალითად, სამეცნიერო ნაშრომში გამოთქმული პოზიციის მითითებისას არსებითია შესაბამისი ნაშრომის მეცნიერულობის დადგენა, რაც კვლევის სიღრმითა და გამოყენებული ციტირების ტექნიკით განისაზღვრება. თუ ავტორი უარს ამბობს გამოყენებული წყაროების სათანადო მითითებაზე, ის ამით ავტომატურად განსაზღვრავს, რომ მის ნაშრომს არასამეცნიერო, უკეთეს შემთხვევაში, “სახელმძღვანელო მიმოხილვის”, მნიშვნელობას ანიჭებს. ზოგადად, ასეთი ნაშრომების დამარწმუნებელ წყაროდ მიჩნევა და ციტირება არასასურველია, თუნდაც იმიტომ, რომ თავად ავტორი არ ანიჭებს თავის მიერ დაწერილს მეცნიერულ ღირებულებას.

 

3. “სამართლებრივი” ენა

იურიდიული ენა ზუსტი, ანუ მკაცრად ლოგიკურია. ამ თვალსაზრისით “სამართლებრივი მეტყველება” არსებითად სამეცნიერო ენის მსგავსია.

3.1 აზრის სიზუსტე

იურიდიული ენა არ ხასიათდება სირთულითა და მაღალფარდოვნებით.

შესაბამისად, დასაძლევია რთული წინადადების აგებისადმი მიდრეკილება. ნაშრომის სიმდიდრე ვლინდება აზრის ლაკონიურად გადმოცემაში. მნიშვნელოვანია, აზრი იყოს ღრმა, ხოლო გადმოცემული მაქსიმალურად მარტივი ენით.

მოსარიდებელია მაღალფარდოვანი ფრაზების გამოყენება. ზედმეტი სიტყვა ქმნის აზრის არასწორად გაგების საფრთხეს, ყურადღებას უდუნებს მკითხველს და შესაძლებელია, იგი (ყურადღება) მნიშვნელოვანიდან უმნიშვნელოზე გადაიტანოს. მკითხველი “ნეიტრალური” სიტყვის მიღმა ეძებს შინაარსს, რომელიც ავტორს არ უგულისხმია. მაღალფარდოვანი ბუნდოვანი ფრაზა ართულებს სათქმელის გარკვევას.

სხვადასხვა წინადადება ერთიან აზრად დამაკავშირებელი სიტყვებით იქცევა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორი დამაკავშირებელი სიტყვების შერჩევა. ისინი კრავს ტექსტს და საკითხების თანმიმდევრული და სწორი აღქმისათვის შეუცვლელია. დამაკავშირებელი სიტყვა სხვადასხვა წინადადების დაწერის მიზნის გარკვევის დამატებითი ბერკეტია.

მაგალითად, სიტყვა “უპირველესად” მიუთითებს მსჯელობის საწყისს, პირველ არგუმენტს, “შემდგომ” – მომდევნო არგუმენტს, “დაბოლოს” ასრულებს ტექსტს დამაგვირგვინებელი არგუმენტით. “შემდგომის” ნაცვლად, უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია სიტყვების “აგრეთვე” ან “ასევეს” გამოყენება, ხოლო კონტრარგუმენტს წინ უძღვის ყურადღების გამამახვილებელი სიტყვა, მაგალითად: “ამასთან”, “თუმცა” ან “მაგრამ”. “ამასთან” შეიძლება, კონტრარგუმენტის ნაცვლად, წინ უძღოდეს დამატებით ან განმვრცობ მოსაზრებასაც. ანალოგიურად დაკავშირებული მოსაზრების გამოსაკვეთად გამოიყენება “შესაბამისად” ან “ამდენად”. როდესაც ავტორს სურს ორი ურთიერთდაკავშირებული არგუმენტის გამოყენება, მკითხველის ყურადღების გამახვილება შესაძლებელია “ერთი მხრივ” და “მეორე მხრივ” შესიტყვებათა გამოყენებით.

უპირატესობა ენიჭება მოკლე წინადადებებს. აზრის რამდენიმე დაკავშირებულ წინადადებად ჩამოყალიბება აუმჯობესებს სათქმელის ადეკვატურ აღქმას. თუმცა აზრის სიზუსტე ფრაზის სიმარტივის მსხვერპლი არ უნდა გახდეს.

 

3.2 მიმართება ზოგად ენობრივ მნიშვნელობასთან

ხშირად ერთსა და იმავე სიტყვას თუ ფრაზას შეიძლება ჰქონდეს სალაპარაკო ენაში დამკვიდრებული და სამართლებრივი მნიშვნელობა. ზოგიერთი ფრაზა იმდენად გამჯდარია ქართულ მეტყველებაში, რომ მისი სამართლებრივად სწორი ფორმით ჩანაცვლება არათანაზომიერად რთული და, შესაბამისად, გაუმართლებელია. სხვათა არასწორი გამოყენება კი არაიურისტის მიერაც არ არის სასურველი, ვინაიდან ეს, ზოგადად, ერის სამართლებრივი კულტურის გამომხატველია.

პირველი შემთხვევის საილუსტრაციო მაგალითია ბილეთის “ყიდვა”. “ყიდვა” სამართლებრივად ნასყიდობის ხელშეკრულებას გულისხმობს, ამ ხელშეკრულების შესაბამისი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას. თუმცა სამართლებრივი შედეგი ამ ხელშეკრულების დადების მიზნისგან მკვეთრად განსხვავდება. ინდივიდი ბილეთს სამართლებრივი თვალსაზრისით კი არ ყიდულობს, ანუ მიზნად ისახავს მასზე არა საკუთრების უფლების მოპოვებას, არამედ შესაბამისი მომსხურების მიღებას. ამდენად, სამართლებრივად ნასყიდობის ნაცვლად, მაგალითად, თეატრისა თუ კინოს ბილეთის “ყიდვისას” შერეული ტიპის ხელშეკრულება იდება უპირატესად ნარდობისა (მომსახურებისა) და ქირავნობის ხელშეკრულებების ელემენტებით, ხოლო ავტობუსისა თუ თვითფრინავის ბილეთის “ყიდვისას” გადაყვანის ხელშეკრულება.

მეორე შემთხვევის მაგალითია სიტყვა “დანაშაულის” თუ “დამნაშავის” არასწორი გამოყენება. ქმედება დანაშაულად, შესაბამისად მისი ჩამდენი – დამნაშავედ მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის მომენტიდან ითვლება. ამის საპირისპიროდ, ამ სიტყვას თუ მის შემცვლელ ვარიაციებს ხშირად უადგილოდ და უშინაარსოდ იყენებენ.           

შესაბამისად, “არაიურიდიულ” მეტყველებაშიც უპირატესობა ენიჭება სწორ სამართლებრივ ფორმულირებას, თუ იგი არათანაზომიერად არ ართულებს სათქმელის აღქმას.

 

3.3 სამართლებრივი ხასიათის გაცნობიერება

მხედველობაშია მისაღები კონკრეტული ურთიერთობის სამართლებრივი შინაარსი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი სამართლებრივი ხასიათის გაცნობიერება.

სამართლებრივი შედეგების დადგომა ხშირად არ არის დამოკიდებული ინდივიდის მიერ მისი მოქმედების მნიშვნელობის აღქმაზე. გადამწყვეტი საზომია სამართლებრივი შედეგების ობიექტური შეცნობადობა. ამდენად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს სხვათა ინტერესების სფეროში შეჭრის თუნდაც შესაძლებლობას, ექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას.

ამასთან, ცალკეული ურთიერთობა, სწორედ მისი შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია კერძო სამართლის მოქმედების სფეროში მოექცეს, ან მის ფარგლებს მიღმა სამართლის სხვა სფეროს განეკუთვნოს.

მაგალითად: სხვისი კალმის აღება, თუ ეს ამ პირის თანდასწრებით და (თუნდაც სავარაუდო) თანხმობით ხდება, თხოვების ხელშეკრულების დადებაა, ხოლო მის დაუსწრებლად და მისი (თუნდაც სავარაუდო) თანხმობის გარეშე – ქურდობა.

გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ და მეტყველებენ. თუ ადამიანს უკავია ისეთი თანამდებობა, რომელიც მას სახელმწიფო ორგანოდ აქცევს, ის “ორმაგი ცხოვრებით” იწყებს ცხოვრებას: არასამსახურებრივ ვითარებაში, “ჩვეულებრივი” ადამიანი რჩება, მაგალითად, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობაში, ხოლო სხვა შემთხვევებში, როდესაც საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებს, ის სახელმწიფოს სახელით, ანუ ამ სახელმწიფოს მოსახლეობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედებს.

სხვა სახის სამართლებრივი თავისებურებებით ხასითდება, მაგალითად, ფრაზა “პურის ყიდვა”, რომლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება შეიძლება ივარაუდებოდეს, თუმცა სამართლებრივი შედეგის დასადგომად, – რათა პირმა გადახდილი საფასურის სანაცვლოდ პური და მასზე საკუთრების უფლება მოიპოვოს, – აუცილებელია სამი ხელშეკრულების დადება:

1) ვალდებულებითსამართლებრივი ნასყიდობა, რომელიც წარმოშობს ერთი მხარისთვის პურისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარისთვის ამ პურის მიღებისა და მისი საფასურის გადახდის ვალდებულებას;

2) პურზე საკუთრების უფლების გადაცემის სანივთოსამართლებრივი ხელშეკრულება, როდესაც ერთი პირი გადასცემს, ხოლო მეორე თანახმაა, მიიღოს პური და მასზე საკუთრების უფლება;

3) საფასურზე (ფულზე) საკუთრების უფლების გადაცემის სანივთოსამართლებრივი ხელშეკრულება, როდესაც ერთი პირი გადასცემს, ხოლო მეორე თანახმაა, მიიღოს საფასური და მასზე საკუთრების უფლება.

ამდენად, თუ დაიდებოდა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება, ინდივიდი პურზე მხოლოდ მოთხოვნას მოიპოვებდა, შესაბამისად, ის პურზე მოთხოვნით, მაგრამ პურის გარეშე დარჩებოდა.