II. განხილვის თანმიმდევრობა

კაზუსი განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით: “არსი”, “წესი”, “ანალიზი” და “დასკვნა”.

1. “არსი”

“არსში” ყალიბდება განსახილველი პრობლემა. ყურადღება მახვილდება სამართლებრივად არსებით იმ გარემოებაზე, რომელიც გადამწყვეტია შესაბამისი შემთხვევის სწორი კვალიფიკაციისა და ადეკვატური შედეგის მისაღებად. პრობლემის სწორად დანახვა მიუთითებს საკითხში წვდომის სიღრმეს. 

ამასთან, “არსი” “წესთან” ურთიერთკავშირში დგინდება. “არსში” გამოკვეთილი პრობლემის სწორად განსასაზღვრავად მხედველობაში მიიღება შესაბამისი გარემოებების შეფასებისას მოქმედი “წესი”.

2. “წესი”

“წესში” განსახილველი პრობლემის გადასაჭრელად გამოსაყენებელი სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება და განიმარტება. 

“წესის” შინაარსსა თუ მოქმედების ფარგლებს განაპირობებს მისი არსიდან და მიზნიდან გამომდინარე განმარტება საზოგადოების განვითარების ეტაპისა და სამართლებრივ-პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება განმარტების დამხმარე მეთოდებიც(3).

წესის განმარტებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა სასამართლო გადაწყვეტილებებისა თუ სხვა ისეთი წყაროების ანალიზს ენიჭება, რომლებზე დაყრდნობითაც ხორციელდება წესის მოქმედების დადგენა.

ტერმინ “სამართლის წყაროს” სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში განსხვავებული ან რამდენიმე, შინაარსობრივი მნიშვნელობა აქვს: 

იგი შეიძლება გამოიყენებოდეს ცალკეული ქცევის წესის წარმოშობის წყაროს განსასაზღვრავად. ამ გაგებით, რომის სამართალი, ჩვეულება თუ საეკლესიო სამართალი ცალკეული თანამედროვე ქცევის წესის წყაროა; 

სხვა შემთხვევაში ეს ტერმინი გამოხატავს საფუძველს, საიდანაც მოქმედი პრინციპი ან ქცევის წესი გამომდინარეობს. ამ გაგებით, სამართლის წყაროა, მაგალითად: კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულება, კანონი, კანონქვემდებარე აქტი(4). 

ამასთან, შეიძლება გაიმიჯნოს სავალდებულო და დამატებითი, ე.წ. “დამარწმუნებელი” წყაროები. წესის იდენტიფიცირებისას შემფარდებელს არ აქვს უფლება, თავი აარიდოს სავალდებულო წყაროს. თუმცა მას შეუძლია, დაასაბუთოს, თუ რატომ არ მოქმედებს კონკრეტული წესი არსებულ გარემოებებში, ან რა სახის მოდიფიცირებას მოითხოვს. დამარწმუნებელი შეიძლება იყოს ნებისმიერ წყაროზე (მათ შორის, დოქტრინაზე) დამყარებული არგუმენტი.

3. “ანალიზი” 

3.1 “ვინ? ვისგან? რას? საიდან?”

“ანალიზი” იწყება კაზუსში დასმული შეკითხვის შესაბამისი მოთხოვნის ერთი ან რამდენიმე საფუძვლის მოძიებით. მხარის ინტერესის განსახორციელებლად ყალიბდება მოთხოვნა ფორმულით: “ვინ? ვისგან? რას? საიდან?”.

ნებისმიერი, მათ შორის სსკ-ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს განსაზღვრულ უფლებასა თუ მოვალეობას, მიუთითებს შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მოთხოვნის წარმოშობაზე. 

მოთხოვნის საფუძვლებისგან იმიჯნება დამხმარე ნორმები, რომლებიც არ აფუძნებენ მოთხოვნებს, თუმცა გამოიყენება მოთხოვნის წინაპირობების ან მოთხოვნასთან დაკავშირებული ცალკეული გარემოების შემოწმებისას. 

3.2 მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია

რამდენიმე სავარაუდო მოთხოვნის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წარმოიშობა მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია(5). 

მოთხოვნის საფუძვლები არ უნდა განიხილებოდეს ერთმანეთისგან იზოლირებულად. მათ შორის შესაძლებელია, გამომრიცხავი თუ განმდევნი კავშირი არსებობდეს და ცალკეული მოთხოვნის არსებობა გამორიცხავდეს სხვა მოთხოვნების ან მოთხოვნის საფუძვლების შემოწმების მიზანშეწონილობას. ანალოგიურად, ზოგიერთი მოთხოვნის საფუძვლის გამოყენების წინაპირობა შეიძლება იყოს სხვა მოთხოვნის ან მოთხოვნის საფუძვლის არსებობის გამორიცხვა.

შესაბამისად, კონკურენციისას მოთხოვნები შესამოწმებელია გარკვეული თანმიმდევრობით. ეს თანმიმდევრობა კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის, თუმცა მისი დაცვა ანალიზის ადეკვატურობისა და თანმიმდევრულობის ლოგიკიდან გამომდინარეობს. 

3.2.1 სახელშეკრულებო მოთხოვნები

უპირატესად შესამოწმებელია სახელშეკრულებო მოთხოვნების საფუძვლები. მათი არსებობა თუ არარსებობა განაპირობებს ყველა სხვა სახის მოთხოვნის საფუძვლის შემოწმების მიზანშეწონილობას. 

მაგალითად:

- თუ სახელშეკრულებო მოთხოვნის შემოწმებისას დადგინდა, რომ დავალების ხელშეკრულება დაიდო, ლოგიკურად აღარ იქნება შესამოწმებელი მოთხოვნა დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებიდან; 

- ნამდვილი ხელშეკრულებით შესაძლებელია, წარმოშვას ქონების ფლობის უფლება და, შესაბამისად, მესაკუთრის მოთხოვნის შემოწმება თავისი საკუთრების უკან დაბრუნებაზე აღარ იქნება მიზანშეწონილი; 

- ერთი შეხედვით, “დელიქტურ” ქმედებას თუ აღმოაჩნდება სახელშეკრულებო, ანუ სამართლებრივი, საფუძველი, ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებად არ ჩაითვლება; 

- ასევე უსაფუძვლო გამდიდრებაც გამოირიცხება, თუ დადებული ხელშეკრულება შესრულების “საფუძველს” შექმნის.

სახელშეკრულებო მოთხოვნები იყოფა პირველად და მეორად მოთხოვნებად. პირველადი მოთხოვნა წარმოიშობა ხელშეკრულების დადებით, ხოლო მეორადი მოთხოვნა _ პირველადი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

პირველადი მოთხოვნა, როგორც წესი, მოცემულია ცალკეული ხელშეკრულების მომწესრიგებელი თავის პირველსავე მუხლში. 

მაგალითად, შესრულების მოთხოვნა: 

- ნასყიდობაში გათვალისწინებულია სსკ-ის 477-ე მუხლის I ან II ნაწილით; 

- ქირავნობისას - სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 წინადადებით; 

- იჯარის შემთხვევაში - სსკ-ის 581-ე მუხლის I ნაწილის 1-ლი ან მე-2 წინადადებით; 

- ნარდობაში - სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის წინადადების 1-ლი ან მე-2 ნახევრით. 

მეორადი მოთხოვნა დამოკიდებულია ვალდებულების დარღვევის სახეზე. ამასთან, მეორად მოთხოვნებს შორის შესაძლებელია შიდა იერარქია, ასევე ალტერნატიული თუ გამომრიცხავი ურთიერთმიმართება არსებობდეს. 

მაგალითად, ნასყიდობის დროს ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში: 

- უპირატესად შესამოწმებელია დამატებითი შესრულების მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 490-ე მუხლის I ნაწილით; 

- შემდგომი ეტაპის – ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების – ალტერნატიული მოთხოვნები ყალიბდება, შესაბამისად, სსკ-ის 491-ე (გამოიყენება სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში) და 492-ე მუხლებით. 

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები. მაგალითად: 

- ზიანის ანაზღაურების უზოგადესი მოთხოვნა გამომდინა-რეობს სსკ-ის 394-ე მუხლის I ნაწილიდან; 

- ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლისას გათვალისწინებულია სსკ-ის  407-ე მუხლის I ნაწილით;

- ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოვალის მიერ შესრულების ვადის გადაცილების გამო მოწესრიგებულია სსკ-ის  404-ე მუხლით. 

3.2.2 სახელშეკრულებოს მსგავსი მოთხოვნები

სახელშეკრულებოს მსგავსი მოთხოვნები გამომდინარეობს ისეთი ვალდებულების დარღვევიდან, რომელსაც არ აქვს სახელშეკრულებო საფუძველი. ამასთან, ისინი ემსგავსებიან სახელშეკრულებო მოთხოვნებს მათი “განმდევნი როლით”. სახელშეკრულებოს მსგავსი მოთხოვნების არსებობამ, შესაძლებელია, არამიზანშეწონილი გახადოს სხვა სახის მოთხოვნის საფუძვლების განხილვა. 

ასეთია, მაგალითად, კერძო სამართლის უზოგადესი მოქმედების სტანდარტი – სხვა პირის ინტერესების იმ მოცულობით გათვალისწინების ვალდებულება, რაც არ იწვევს თავად მოქმედების განმახორციელებლის ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას. შესაბამისი ვალდებულება გამომდინარეობს:

- კეთილსინდისიერების პრინციპის ამსახველი სსკ-ის მე-8 მუხლის III ნაწილით ან 316-ე მუხლის II ნაწილით; 

- წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში სსკ-ის 316-ე მუხლის II ნაწილისა და 317-ე მუხლის II ნაწილის ურთიერთკავშირით.

გარდა ამისა, სახელშეკრულებოს მსგავს მოთხოვნებს განეკუთვნება “წარმომადგენლის” მიერ შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მოქმედების სამართლებრივი შედეგები.  სსკ-ის 113-ე მუხლის I ნაწილით მოწესრიგებულია ნების გამოვლენის ადრესატისა თუ ხელშეკრულების მეორე მხარის მოთხოვნა ვალდებულების შესრულებაზე ან ზიანის ანაზღაურებაზე.

3.2.3 მოთხოვნები დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებიდან

შინაარსობრივად განსხვავებულ, ე.წ. კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს მიეკუთვნება დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება. მიუხედავად ამისა, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნები სხვა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან განსხვავებულ რეჟიმში ექცევა და მათი შემოწმება სახელშეკრულებოს მსგავსი მოთხოვნების პარალელურად ხდება. 

არსებითად ამის მიზეზი სახელშეკრულებო მოთხოვნის საფუძვლებთან არსებული მსგავსებაა. თუ დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების ურთიერთობის ფარგლებში, ამან მისი თუ მის მიმართ სხვა პირთა მოთხოვნების არსებობაზე გადამწყვეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს. მაგალითად, მისი მოქმედება აღარ ჩაითვლება დელიქტურ ქმედებად.

დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებიდან გამომდინარე ძირითადი მოთხოვნა გათვალისწინებულია სსკ-ის 970-ე მუხლის II ნაწილით. დავალების გარეშე მოქმედ პირს (“შემსრულებელს”) აქვს “ზიანის” ანაზღაურების მოთხოვნა იმ პირისაგან, ვის საქმეებსაც იგი ასრულებდა. ამასთან, “ზიანი” ფართოდ უნდა განიმარტოს და მოიცვას შემსრულებლის მიერ გაწეული ხარჯები(6).  

მხედველობაშია ასევე მისაღები, რომ სსკ-ის 973-ე მუხლით გათვალისწინებულია შემსრულებლის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლების დაზუსტება. კერძოდ, მას შეუძლია მხოლოდ იმ ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს, რომელიც “აუცილებლად იქნა მიჩნეული”.

3.2.4 სანივთო მოთხოვნები

სანივთოსამართლებრივი მოთხოვნები “უკან იხევენ” სახელშეკრულებო და სახელშეკრულებოს მსგავს მოთხოვნებთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, მათი არსებობა თუ მოქმედების ფარგლები დამოკიდებულია შესაბამისი სახელშეკრულებო ან მსგავსი საფუძვლის არსებობაზე.  

მაგალითად, სსკ-ის 172-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულია კერძო სამართლის ყველაზე მყარი მოთხოვნა – მესაკუთრის მოთხოვნა, გამოითხოვოს მფლობელისგან თავისი საკუთრება. მიუხედავად ამისა, ეს მოთხოვნა ვერ იარსებებს, თუ მფლობელს ექნება ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულებიდან. 

3.2.5 მოთხოვნები დელიქტიდან და უსაფუძვლო გამდიდრებიდა

დელიქტიდან და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნები ერთმანეთთან კონკურენციაში არ იმყოფებიან და, შესაბამისად, მათი თანმიმდევრობა არაარსებითია. 

ეს მოთხოვნები კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარეობენ და მხარეთა ინტერესებს შორის დარღვეული თანაფარდობის აღდგენას სწორედ კანონმდებლობით განსაზღვრული “გამაწონასწორებელი” გზით ითვალისწინებენ. 

მათ წარმოშობაში ურთიერთობის მხარეთა ნების გამოვლენა არ მონაწილეობს და, ამდენად, ისინი ყველაზე ნაკლებ “სასურველ” კერძოსამართლებრივ ურთიერთობებად ყალიბდებიან. მათი დაფუძნების სტადიაზე კერძო სამართლის ფუძემდებლური, მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი არ მოქმედებს და მხოლოდ ამ მოთხოვნების განხორციელების ეტაპიდან იძენს მნიშვნელობას(7). შესაბამისად, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნები, როგორც ყველაზე ნაკლებ სასურველნი, “უკან იხევენ” სხვა სახის კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებთან მიმართებით.

მაგალითად, სსკ-ის 976-ე მუხლის I ნაწილითა და სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების წინაპირობების შემოწმებისას არ უნდა დგინდებოდეს შესაბამისი მოქმედების განხორციელების ვალდებულებითი ან სანივთოსამართლებრივი საფუძველი. 

დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნების წარმოშობასთან დაკავშირებით მხედველობაში მიიღება მართლსაწინააღმდეგოობის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, როგორიცაა, მაგალითად, მოქმედება აუცილებელი მოგერიების, უკიდურესი აუცილებლობისა ან თვითდახმარების ფარგლებში(8).  

ამასთან, სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, უკიდურესი აუცილებლობის პირობებში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა იმ პირის მიმართ, რომელმაც შექმნა უფრო მნიშვნელოვანი ზიანის დადგომის საფრთხე. წინაპირობაა ის, რომ ამ ზიანის თავიდან აიცილება არ უნდა შეიძლებოდეს სხვა, უფრო ნაკლებად მძიმე შედეგის გამომწვევი საშუალებით და ეს ზიანი თავიდან აცდენილზე “ნაკლებ მნიშვნელოვანი” იყოს.

კიდევ ერთი, სპეციალური მოთხოვნა კანონმდებელმა თვითდახმარებასთან ურთიერთკავშირშიც გაითვალისწინა. სსკ-ის 120-ე მუხლით მოწესრიგებულია ზიანის ანაზღაურების სპეციალური მოთხოვნის საფუძველი იმ პირის მიმართ, რომელიც მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მცდარი ვარაუდით. 

3.2.6 პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნები

თავისი არსით პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნა შინაარსობრივად ემსგავსება დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნას – ითვალისწინებს სამართლებრივად დაცულ სფეროში უკანონო შეჭრის აღკვეთას. 

მიუხედავად ამისა, პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნების ცალკე ჯგუფად გამოყოფის მიზანშეწონილობა სწორედ ამ დაცული სფეროს თავისებურებით არის განპირობებული. ხელყოფისას მხედველობაში მიიღება პიროვნული უფლებების “კომერციალიზაციის” საფრთხის თავიდან არიდების ინტერესი. ეს მოთხოვნის შინაარსზე ახდენს გავლენას. უპირატესობა ენიჭება ხელყოფის შეწყვეტისა და მასზე შემდგომში უარის თქმის, ასევე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისას მათი უარყოფისა და საპასუხო ცნობების გავრცელების მოთხოვნას. 

მაგალითად, სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულია სახელის უფლების ხელყოფის – “სახელის ტარების უფლების შეცილებისა” და “სახელით უნებართვო სარგებლობის” – შემთხვევებში, მოთხოვნა ხელმყოფის მიმართ ამ მოქმედების შეწყვეტასა და შემდგომში ასეთ ქმედებაზე უარის თქმაზე(9).  

შესაბამისად, მატერიალური კომპენსაციის, ანუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობა განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორც წესი, ხელმყოფის ბრალისა და ქონებრივი ზიანის არსებობისას უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად(10).  ამ დროს პიროვნული უფლებების დაცვის მსგავსება დელიქტთან გამოკვეთილია.

თუ არ იარსებებდა პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე სპეციალური მოთხოვნები, პირს შესაბამისი მოთხოვნები სწორედ დელიქტიდან გამომდინარე წარმოეშობოდა. ამდენად, დელიქტიდან და პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნები კუმულაციურად თუ ერთმანეთის შემვსებად(11) არის განსახილველი. 

3.3 წინაპირობების შემოწმება

მოთხოვნის საფუძვლის იდენტიფიცირების შემდგომ ხორციელდება შესაბამისი მოთხოვნის წინაპირობების შემოწმება. ცალ-ცალკე მოწმდება ყველა წინაპირობა, ვინაიდან ერთი მათგანის არარსებობაც საკმარისია მოთხოვნის არარსებობის დასადგენად. 

ვინაიდან ამ ეტაპის მიზანი მოთხოვნის თითოეული წინაპირობის თანმიმდევრული შემოწმებაა, შესაძლებელია მოთხოვნის წარმოშობის, არსებობისა და განხორციელებადობის ლოგიკური ჯაჭვის ფორმირება.

3.3.1 მოთხოვნის წარმოშობა

“წარმოშობა” მოთხოვნის შემოწმების პირველი ეტაპია, რომლის დროსაც დგინდება მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებისა და მისი წარმოშობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. 

მაგალითად, სახელშეკრულებო მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების დადების წინაპირობები: ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა და შესაბამისი ხელშეკრულების ტიპისათვის არსებით პირობებზე შეთანხმება (სსკ-ის 327-ე მუხლი). გარდა ამისა, არ უნდა არსებობდეს ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოება, რაც ბათილობის საფუძვლის არარსებობას გულისხმობს (სსკ-ის 54-ე-59-ე მუხლები).

3.3.2 მოთხოვნის არსებობა

“არსებობა” თუ გაუქარწყლებლობა მოთხოვნის შემოწმების მეორე ეტაპია, რომლის დროსაც მოწმდება წარმოშობილი მოთხოვნის შემდგომი გაქარწყლების გამომწვევი გარემოებებისა თუ იურიდიული ფაქტების არსებობა. 

მაგალითად, ვალდებულების შეწყვეტას იწვევს: შესრულება (სსკ-ის 427-ე მუხლი) ან შესრულების ნაცვლად სხვა შესრულების მიღება (სსკ-ის 428-ე მუხლი), დეპონირება (სსკ-ის 434-ე მუხლი), ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა (სსკ-ის 442-ე მუხლი) ან ვალის პატიება (სსკ-ის 448-ე მუხლი). 

გარდა ამისა, შესაბამისი მოთხოვნა აღარ იარსებებს, მაგალითად: შესრულების შეუძლებლობის (სსკ-ის 405-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტი), ხელშეკრულებიდან გასვლის (სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლები), შეცილებისა (საცილოობის საფუძვლის არსებობისას ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, სსკ-ის 59-ე მუხლის II-III ნაწილები) და მოთხოვნის დათმობის (სსკ-ის 198-ე მუხლის I ნაწილი) შემთხვევაშიც.

3.3.3 მოთხოვნის განხორციელებადობა

“განხორციელებადობა” მოთხოვნის შემოწმების დასკვნითი ეტაპია, რაც გულისხმობს შესაგებლის არარსებობას. შესაბამისად, მოწმდება ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმოშობილ და არსებულ მოთხოვნას განუხორციელებელს ხდის. 

მაგალითად, ასეთი საფუძვლებია: ხანდაზმულობა (სსკ-ის 144-ე მუხლის I ნაწილი), შესრულებისაგან თავის შეკავების უფლება  (სსკ-ის 369-ე მუხლი), უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის დათქმა (სსკ-ის 115-ე მუხლი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან უკან დაბრუნების მოთხოვნის შეზღუდვა (მაგალითად, სსკ-ის 976-ე მუხლის II ნაწილი და 977-ე მუხლის II ნაწილი).

 

4. დასკვნა

დასკვნაში ყალიბდება მიღებული შედეგი. იგი ზუსტი, ანუ არაორაზროვანი, და ლაკონიური უნდა იყოს.

 

__________

3. განმარტების ძირითად და დამხმარე მეთოდებთან დაკავშირებით იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი (“ეშსი”), 2009, 74 და შემდგომნი, ხოლო მეთოდების ევოლუციის შესახებ იქვე, 65 და შემდგომნი.

4. შეად. Vogenauer, Sources of Law and Legal Method in Comparative Law, in: Reimann/ Zimmermann (eds.), The Oxford Handbook of Comparative Law, Oxford (University Press), 2006, 877 et seq.

5. იხ. ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, თბილისი (“ეშსი”), 2011, 20 და შემდგომნი.

6. “ხარჯების” ცნების გამოყენებასთან დაკავშირებით იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 216.

7. კერძოსამართლებრივ ურთიერთობასა და მასში კანონისმიერი ურთიერთობების გაერთიანების დასაბუთებასთან დაკავშირებით იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 80 და შემდგომი.

8. იხ. სსკ-ის 116-ე-119-ე მუხლები.

9. იხ. სსკ-ის მე-18 მუხლის I-V ნაწილები.

10. იხ. სსკ-ის მე-18 მუხლის VI ნაწილი.

11. იხ. ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, 2011, 42 და შემდგომნი.