I. მოსამზადებელი სამუშაო

როგორც ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის ანალიზი, ისე კაზუსის განხილვაც პრობლემის არსის იდენტიფიცირებით იწყება. შესაბამისად, მოსამზადებელი სამუშაოს პირველ ეტაპზე საქმის გარემოებების საერთო სურათის შესაქმნელად და განსახილველი პრობლემის დასასმელად მნიშვნელოვანია კაზუსის თავიდან ბოლომდე წაკითხვა. 

მოსამზადებელი სამუშაოს მეორე ეტაპი კაზუსის მეორედ წაკითხვაა, რომლის დროსაც დგინდება სამართლებრივად არსებითი გარემოებები დასმულ პრობლემასთან კავშირში. 

მნიშვნელოვანია ადეკვატური ინფორმაციის მოპოვების უნარის გამომუშავება. პრაქტიკული საქმიანობისას იურისტი ხშირად ისმენს სამართლებრივი თვალსაზრისით უსარგებლო ინფორმაციას. მას უყვებიან სუბიექტური დამოკიდებულების, განცდებისა და ადამიანური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი სხვა ნიუანსების შესახებ. ასეთი ინფორმაციის ფონზე იურისტი ვალდებულია, ამოიცნოს საქმის გარემოებისათვის მნიშვნელოვანი, სამართლებრივად არსებითი გარემოებები და მათზე დაყრდნობით ააგოს სამართლებრივი პოზიცია. 

გასათვალისწინებელია, რომ არსებითობა არ არის აბსოლუტური. შეიძლება გაიმიჯნოს გადამწყვეტი და დამხმარე მნიშვნელობის მქონე გარემოებები. არსებითი გარემოებებიდან გადამწყვეტია ის, რომელიც მოთხოვნის საფუძვლის ან მისი ცალკეული წინაპირობის განსაზღვრაზე ახდენს გავლენას. ამის საპირისპიროდ, დამხმარე მნიშვნელობის მქონედ, თუმცა მაინც არსებითად, უნდა ჩაითვალოს გარემოება, რომელსაც ეყრდნობა დამატებითი თუ გამამყარებელი არგუმენტი.

ამასთან, ცალკეული გარემოება, რომელიც ზოგადად სამართლებრივად არსებითია და იურიდიულ შეფასებას იმსახურებს, შესაძლებელია, უმნიშვნელო იყოს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემის თვალსაზრისით. შესაბამისად, თანმიმდევრულად იმიჯნება კონკრეტული საქმისთვის არსებითი გარემოებები არაარსებითისგან. 

არსებობს მოსამზადებელი სამუშაოს ტექნიკურად უკეთ წარმართვის სხვადასხვა საშუალება, მაგალითად:

მიზანშეწონილია, მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთოს, მაგალითად, ფანქრის ან სხვა მომნიშვნელის გამოყენებით, ხოლო უმნიშვნელო – მეხსიერებიდან "ამოიშალოს";

შესაძლებელია საქმის გარემოებების სტრუქტურირება – ნუმერაციის გამოყენება მოთხოვნის საფუძვლების, მათი წინაპირობებისა და მნიშვნელოვან გარემოებათა თანმიმდევრობის განსასაზღვრავად;

თუ კაზუსში ორზე მეტი მოქმედი პირია, ხელსაყრელია მათი ურთიერთობის გრაფიკულად გამოსახვა. ნახაზში აისახება ცალკეულ პირთა ურთიერთმიმართება, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დამფუძნებელი თუ განმსაზღვრელი ნორმების მითითებით;

საქმის გარემოებებისთვის მნიშვნელოვანი თარიღების არსებობის შემთხვევაში მოსახერხებელია დროის ცხრილის ფორმირება.