9. დელიქტუნარიანობა

10 წლის ანი, მისი 30 წლის ფსიქიკურად დაავადებული და სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული მეზობლის რჩევით, ეზოში გაჩერებულ ბენოს 25 წლის ავტომანქანის ბორბლებს მძიმე ქვებისგან -ათავისუფლებს-. ავტომანქანა, რომელის მუხრუჭიც ტექნიკურად გაუმართავია, გორდება და ბენოს ღობეს ეჯახება. ავტომანქანის მესაკუთრის განრისხებულ შეძახილებს ანი ჩუმი ზლუქუნით პასუხობს, რომ მას მხოლოდ დახმარება სურდა. ის ფიქრობდა, რომ ქვები მანქანის ბორბლებს აბეზარმა მეზობელმა ბიჭებმა შეულაგეს, ბენოს გასაწვალებლად.

აქვს ბენოს ანის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა?

არსი
ზიანის გამომწვევი ქმედების ჩადენის გამო პასუხისმგებლობის ქონის უნარი შეიძლება არ იყოს მხოლოდ პირის ასაკსა თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებული და ამ პირის ცალკეული ვითარების “შეფასებაუნარიანობას” დაუკავშირდეს.
 
წესი
სსკ-ის 994-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირი დელიქტუუნაროა და მისი მოქმედებიდან გამომდინარე ზიანისათვის არ აგებს პასუხს.
სსკ-ის 994-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით ზუსტდება, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებათ ამ პირის მშობლებს ან “მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს”(21). 
გარდა ამისა, სსკ-ის 994-ე მუხლის III ნაწილით სამართლებრივად არსებით გარემოებად მიიჩნევა არასრულწლოვანის “შეფასებაუნარიანობა” (“არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო”). შესაბამისად, კანონმდებლის ნება არის 10-დან 18 წლამდე ასაკის პირის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება, თუ ის განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომლის შედეგებზეც მას ნათელი წარმოდგენა არ აქვს(22).
“დელიქტუუნარო” პირად, სსკ-ის 995-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ითვლება ასევე “ჭკუასუსტი ან სულით ავადმყოფი პირი”.

ანალიზი

ბენოს შესაძლებელია ჰქონდეს ანის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე მუხლის თანხმად.

ამ მოთხოვნის წინაპირობებია: ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

ამ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, დეტალურად განსახილველია მხოლოდ ანის დელიქტუნარიანობის საკითხი, რასაც შეიძლებოდა ანის ბრალი გამოერიცხა. სხვა წინაპირობის არსებობა არ არის სადავო და არ საჭიროებს დამატებით განხილვას.

ანი 10 წლისაა. სსკ-ის 994-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ის, მისი ასაკიდან გამომდინარე, დელიქტუუნაროდ ვეღარ ჩაითვლება. თუმცა, შესაძლებელია, ანის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება გამომდინარეობდეს სსკ-ის 994-ე მუხლის III ნაწილით. ანი არასრულწლოვანია და გადამწყვეტია მისი “შეფასებაუნარიანობა”, ანუ ის, თუ რამდენად შეეძლო მას, “თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო”.

შემთხვევის გარემოებებიდან იკვეთება, რომ ანის “მხოლოდ დახმარება სურდა”. ის არ აპირებდა ბენოსთვის ზიანის მიყენებას. ეს მის განზრახვას ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს. რაც შეეხება გაუფრთხილებლობას, სწორედ ამ თვალსაზრისით არის გადამწყვეტი მისი შეფასებაუნარიანობა - შეეძლო 10 წლის ანის, გაეთვალისწინებინა, რომ ქვების მოშორება ავტომანქანის დაგორებასა და გამომდინარე ზიანს გამოიწვევდა?

იმის დაშვება, რომ შესაძლებელია, ანის არ სცოდნოდა და ვერც გაეთვალისწინებინა ქვების მნიშვნელოვანი როლი ბენოს 25 წლის ავტომანქანის უმოძრაო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, საკმარისი საფუძველია, სსკ-ის 994-ე მუხლის III ნაწილით, მისი პასუხისმგებლობის გამოსარიცხად.

ამ შემთხვევაში ასეთი დაშვება მისაღებია. ანის, მისი ასაკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ავტომანქანის მოძრაობისა თუ უმოძრაო მდგომარეობაში შენარჩუნების ტექნიკურ საშუალებებზე რეალურისაგან არსებითად განსხვავებული წარმოდგენაც კი ჰქონოდა. საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება, რომ მას რაიმე განსაკუთრებული შეხება ჰქონდა ავტომანქანებთან, რასაც შეეძლო საპირისპირო დაშვების ალბათობა განეპირობებინა.

ანის სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული მეზობლის რჩევა ამ შემთხვევის შეფასებაზე არ ახდენს გადამწყვეტ გავლენას. მისი რჩევა არარსებითია, თუნდაც იმიტომ, რომ ის თავად არის ქმედუუნარო თუ “დელიქტუუნარო”, სსკ-ის 995-ე მუხლის I ნაწილის თანახმად. თუმცა დამატებით არგუმენტად დასაშვებია იმის გამოყენება, რომ სრულწლოვანი პირის რჩევა ანისათვის მისი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნების წყარო ყოფილიყო. ამასთან, ანის შეიძლება არც სცოდნოდა ან ვერც შეეცნო ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა.

შესაბამისად, ანის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, სსკ-ის 994-ე მუხლის III ნაწილიდან გამომდინარე.

დასკვნა

ბენოს არ აქვს ანის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე მუხლის თანხმად(23).

_________
21. სსკ-ის 994-ე მუხლის II ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებულია “მეთვალყურეობაზე ვალდებული პირების” პასუხისმგებლობისაგან გათავისეუფლება, როცა მათ “არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება”.
22. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 129 და შემდგომნი.

23. მიღებული შედეგი არ გამორიცხავს, სსკ-ის 994-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, ბენოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ანის მშობლების ან “მეთვალყურეობაზე ვალდებული პირების” მიმართ, თუ არ დადგინდება, რომ მათ “არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება”. თუმცა ეს სცდება ამ შემთხვევის შეკითხვით შემოსაზღვრულ ანალიზის ფარგლებს.