8. სრული ემანსიპაცია

16 წლის ანი რამდენიმე წელია ოცნებობს ძვირადღირებული ვიოლინოს შეძენაზე. ვიოლინოს შესახებ ინფორმაცია ანტიკვარული საქონლით მოვაჭრე ბენოს თავის ვებგვერდზე აქვს განთავსებული და ამ უნიკალური ექსპონატის ღირსებების ჭეშმარიტ დამფასებელს მოთმინებით ელოდება. ანის სიყვარული ვიოლინოს მიმართ იმდენად დიდია, რომ უკვე გულწრფელ შეშფოთებას იწვევს როგორც მის მშობლებში, რომლებიც ვიოლინოს შეძენაზე მას თანხმობას არ აძლევენ, ისე მის შეყვარებულ გიოში, რომელიც ვიოლინოს ნამდვილ ღირსებებს ვერ ხედავს, თუმცა თავს მაინც ხშირად იჭერს ეჭვიანობის განცდებში. სწორედ ამ უკანასკნელის გამბედავ გადაწყვეტილებას, დაეთანხმებინა ანი ქორწინებაზე, მოჰყვა ანისა და ბენოს ოცნების ასრულება – მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. ანი უსაზღვროდ ბედნიერია, მიუხედავად იმისა, რომ მას ვიოლინოს საფასურის გადასახდელად გრძელვადიანი საბანკო სესხის აღება სჭირდება. ანის მშობლები ამ გარიგების დადების კვლავ წინააღმდეგნი არიან. გიო ფიქრს მისცემია, მისთვის აუხსნელია, ანის უსაზღვრო ბედნიერების წყარო ის თავად არის, თუ ისევ ვიოლინოზე უნდა იეჭვიანოს.

აქვს ანის ბენოს მიმართ რაიმე მოთხოვნა?  

არსი
16 წლის ასაკს მიღწეული, დაქორწინებული არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება შესაძლებელია ნამდვილი იყოს, კანონიერი წარმომადგენლის წინააღმდეგობის მიუხედავად.
 
წესი
სსკ-ის მე-12 მუხლის III ნაწილის თანახმად, “ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე.”
შესაბამისად, ქორწინებით ხორციელდება 16 წლის ასაკს მიღწეული პირის სრული ემანსიპაცია, ანუ არასრულწლოვნის უფლებრივი სტატუსის გათანაბრებაა ქმედუნარიან პირთან.
სსკ-ის 1108-ე მუხლის I ნაწილით საქორწინო ასაკად ასევე 18 წელია დადგენილი, თუმცა იმავე მუხლის II ნაწილით შესაძლებელია დაქორწინდეს 16 წლის პირიც, “მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობით.”
სსკ-ის 1108-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, “თანხმობაზე მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უარის შემთხვევაში პატივსადები მიზეზის არსებობისას დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვა შეუძლია გასცეს სასამართლომ.”
კანონიერი წარმომადგენელის თანხმობა ან სასამართლო “ნებართვა” ქორწინებაზე, ამავდროულად, არის თანხმობა, მიენიჭოს არასრულწლოვანს შეუზღუდავ ქმედუნარიანობასთან გათანაბრებული სტატუსი(20).

ანალიზი

ანის შესაძლებელია ჰქონდეს ბენოს მიმართ ვიოლინოსა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე.

ინაპირობაა ანისა და ბენოს შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება.

ამ საქმის გარემოებებით უტყუარად დასტურდება მათ შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი, თუმცა გასაანალიზებელია, თუ რამდენად შეეძლო ანის შესაბამისი გარიგების დადება მშობლების თანხმობის გარეშე.

შესაძლებელია, ანის აღარ დასჭირვებოდა მათი თანხმობა, თუ მოხდებოდა მისი სრული ემანსიპაცია. სსკ-ის მე-12 მუხლის III ნაწილის თანახმად, სრული ემანსიპაციის, ანუ ქმედუნარიან პირთან უფლებრივი სტატუსით გათანაბრების წინაპირობაა “ქორწინება”. თავის მხრივ, ქორწინების წინაპირობაა სსკ-ის 1108-ე მუხლის II ნაწილით 16 წლის ასაკს მიღწევა და კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ალტერნატივის სახით, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, სსკ-ის 1108-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელია ჩაანაცვლოს სასამართლოს “ნებართვამ”.

საქმის გარემოებებიდან არ ჩანს, ქორწინებაზე თანხმობა მშობლებმა, ანუ კანონიერმა წარმომადგენლებმა, განაცხადეს, თუ ანის ქორწინების “ნებართვის” მოპოვება სასამართლოს მეშვეობით დასჭირდა. თუმცა ეს არ არის არსებითი. საქმის გარემოებებიდან უტყუარად დგინდება, რომ ანიმ იქორწინა.

შესაბამისად, მოხდა ანის სრული ემანსიპაცია, სსკ-ის მე-12 მუხლის III ნაწილის თანახმად, და ამ მომენტიდან ანის შეუძლია, დამოუკიდებლად შეიძინოს უფლებები და იტვირთოს მოვალეობები.

ამდენად, ანის მიერ ბენოსთან ხელშეკრულების გაფორმება არ საჭიროებს მშობლების თანხმობას. იგი ნამდვილია.

დასკვნა

ანის ბენოს მიმართ აქვს ვიოლინოსა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად.

 

_________
20. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 118 და შემდგომნი.