7. შეზღუდული ქმედუნარიანობა

ანი გადაწყვეტს, 16 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავს საჩუქარი გაუკეთოს და ახალი თაობის მობილური ტელეფონი შეიძინოს. ბენოს მაღაზიაში უპრეცედენტო ფასდაკლებაა და ანი აირჩევს ტელეფონს, რომელიც 70%-იანი ფასდაკლებით იყიდება. ანის არჩევანს მისი 20 წლის ძმაც იწონებს, თუმცა მისი აზრი ანის ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან იგი, ფსიქიკური პრობლემების მკურნალობის ხანგრძლივი მონაკვეთების გამო, ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა და მას, ანის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მეურვეც კი დაენიშნა. ძმის ჩარევამ, თავად შეეძინა ანისთვის მობილური ტელეფონი და საფასური დაზღვევის ბარათით გადაეხადა, ანიზე და ბენოზე ვერ მოახდინა სასურველი გავლენა. ანის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბენომ ხელშეკრულების დადების წინაპირობად მის მშობლებთან გასაუბრება დაასახელა და მხოლოდ მათგან თანხმობის მიღების შემდეგ დადო ანისთან ხელშეკრულება.

მოიპოვა ანიმ რაიმე მოთხოვნა?

არსი
გარემოებების შეცნობისა და შეფასების უნარის განვითარების დონის ასაკსა და ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირება შესაძლებელია, გარიგების ნამდვილობისათვის განაპირობებდეს კანონირი წარმომადგენლის თანხმობის აუცილებლობას.
 
წესი
გარემოებების შეცნობისა და შეფასების უნარის განვითარების დონეს უკავშირდება ადამიანის ქცევის სამართლებრივი შედეგების აღიარება. ამ თვალსაზრისით, ქმედუნარიანობა იმიჯნება შეზღუდული ქმედუნარიანობისგან(19).
სსკ-ის მე-12 მუხლის I ნაწილით ქმედუნარიანობა განიმარტება როგორც ფიზიკური პირის უნარი, “თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები...“. იგი წარმოიშობა “სრულწლოვანების მიღწევისთანავე”.
სსკ-ის მე-12 მუხლის II ნაწილით ზუსტდება, რომ “სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.”
სსკ-ის მე-14 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, “არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა”, ხოლო იმავე მუხლის II ნაწილით არასრულწლოვანთან თანაბრდება ასევე ის სრულწლოვანი, რომელიც ქმედუნარიანობაში სასამართლოს გადაწყვეტილებით იზღუდება და უწესდება მზრუნველობა. 
სსკ-ის მე-15 მუხლით დადგენილია, რომ “შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა”. იმავე მუხლით ამ წესიდან გამონაკლისად სახელდება შემთხვევა, “როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს”.

ანალიზი

ანის ბენოს მაღაზიის მიმართ შესაძლებელია მოეპოვებინა მობილური ტელეფონისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე.

წინაპირობაა ანისა და ბენოს მაღაზიას შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება.

უშუალოდ ხელშეკრულების დადების ფაქტი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევს. თუმცა გასაანალიზებელია, ხომ არ შეეძლო ანის არასრულწლოვანებას, ანუ შეზღუდულ ქმედუნარიანობას, გავლენა მოეხდინა ხელშეკრულების ნამდვილობაზე.

ანი 16 წლისაა. სსკ-ის მე-14 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, იგი შეზღუდულქმედუნარიანია. მას შეუძლია, დადოს გარიგებები, ანუ თავად გახდეს ხელშეკრულების მხარე, თუმცა, სსკ-ის მე-15 მუხლის გათვალისწინებით, მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

ანის ძმის “მოწონება”, ისევე როგორც უშუალოდ მის მიერ გარიგების დადების მცდელობა, არსებითად არაფერს ცვლის. ის არ არის ანის კანონიერი წარმომადგენელი და მისი მოქმედება ანის ნების გამოვლენის მოწონებად ვერ განიხილება. ამასთან, სრულწლოვანების მიუხედავად, ის მეურვეობას ექვემდებარება. შესაბამისად, სავარაუდოდ, არც არის უფლებამოსილი, დამოუკიდებლად დადოს მსგავსი ტიპის გარიგება.

თუმცა საქმის გარემოებებიდან ცალსახაა, რომ ანიმ ხელშეკრულება მშობლების თანხმობით დადო (“ბენომ... მხოლოდ მათგან თანხმობის მიღების შემდეგ დადო ანისთან ხელშეკრულება.”)

ეს კი, სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, მისი ნების გამოვლენისა და, შესაბამისად, ბენოს მაღაზიასთან დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობაა.

ანიმ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით დადო ბენოს მაღაზიასთან ხელშეკრულება და გახდა ხელშეკრულების მხარე. 

დასკვნა

ანის აქვს ბენოს მაღაზიის მიმართ მობილური ტელეფონისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე.

_________
19. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 115 და შემდგომნი, ასევე 126 და შემდგომნი.