6. სახელმწიფოს მონაწილეობა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში

ანიმ გადაწყვიტა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სავარძლების ტენდერში მიიღოს მონაწილეობა და თავისი ხელით დამზადებული ძველებური სავარძლები გაყიდოს. სამინისტროს სატენდერო კომისია ანის შეთავაზებული პროდუქციის აღწერილობითა და ფასით კმაყოფილია და მას ტენდერში გამარჯვებულად აცხადებს. ანისთან დადებულ ხელშეკრულებას მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე აწერს ხელს.

ვის მიმართ აქვს ანის სავარძლების საფასურის გადახდის მოთხოვნა?

არსი
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო თავისი წარმომადგენლისა თუ ორგანოს მეშვეობით შესაძლებელია მონაწილეობდეს როგორც კერძო სამართლის ნებისმიერი სხვა სუბიექტი.
 
წესი
სსკ-ის მე-8 მუხლის II ნაწილის თანახმად, “სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან”, როგორც წესი, წესრიგდება სამოქალაქო კანონმდებლობით. გამონაკლისია “სახელმწიფოებრივი” (იგივე “საზოგადოებრივი”) ინტერესებიდან გამომდინარე ცალკეული მოქმედებები.
სსკ-ის 24-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებულია კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის ფორმის ერთგვარი გათანაბრება “კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან”. ამასთან, სსკ-ის  24-ე მუხლის IV ნაწილის მე-2 წინადადებით ზუსტდება, რომ “უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები... ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.”(18)

ანალიზი

ანის სახელმწიფოს მიმართ შეიძლება წარმოშობოდა სავარძლების ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის II ნაწილიდან გამომდინარე.

წინაპირობაა ანისა და სახელმწიფოს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა.

ამ კაზუსის მიხედვით, ტენდერს აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ანის გამარჯვებულად - სამინისტროს სატენდერო კომისია, ხოლო ხელშეკრულებას ხელს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე აწერს. შესაბამისად, დასადგენია, თუ რამდენად შეიძლება ხელშეკრულების მხარედ სახელმწიფოს მიჩნევა.

სახელმწიფო კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს იმავე უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც აქვს ნებისმიერ სხვა პირს (სსკ-ის მე-8 მუხლის II ნაწილი).

ამასთან, სხვა იურიდიული პირების მსგავსად, მისი სახელით მოქმედებენ სახელმწიფო ორგანოები (სსკ-ის 24-ე მუხლის IV ნაწილის მე-2 წინადადება). სამინისტრო, ცალკეული თანამდებობის პირი თუ კომისია არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი (ამ სტატუსის მინიჭება კანონით განისაზღვრება) და მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

შესაბამისად, ანისთან დადებული ხელშეკრულების მხარე არის სახელმწიფო, რომელსაც ანისთან ურთიერთობებში წარმოადგენს ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანო.

დასკვნა

ანის სახელმწიფოს მიმართ აქვს სავარძლების ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის II ნაწილიდან გამომდინარე.

 

_________
18. იხ. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამიჯვასთან დაკავშირებით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 170 და შემდგომნი.