5. იურიდიული პირის მისი დამფუძნებლისგან გამიჯვნა

ანი შპს “დილა მშვიდობისას” რეგისტრაციისათვის ემზადება, თუმცა რეგისტრაციამდე ის შპს-ის სახელით ბენოსგან ოფისს ქირაობს.

ვის მიმართ აქვს ბენოს ოფისის ქირის გადახდის მოთხოვნა?

არსი
იურიდიული პირი შესაძლებელია ჩაითვალოს რეგისტრაციამდე მისი სახელით განხორციელებული ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ.
 
წესი
სსკ-ის 24-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, “იურიდიული პირი... თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს...”
იურიდიული პირის რეგისტრაციამდე მისი სახელით განხორციელებული სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობა და ამ ურთიერთობის მონაწილედ “ჯერ არარსებული” იურიდიული პირის განხილვა დასაშვებად უნდა ჩაითვალოს. ესეც ერთგვარ პირობითი უფლებაუნარიანობის მინიჭებად უნდა განიხილებოდეს – სამართლებრივად მისაღებია, თუ ეს მისთვის (იურიდიული პირისთვის) სარგებლის მომტანია. ამასთან, “სარგებლიანობა” ფართოდ უნდა განიმარტოს როგორც იურიდიული პირის ინტერესებში მოქმედება, რაც იურიდიული პირის შემდგომი თანხმობის სულ მცირე სავარაუდოობას განაპირობებს.
სსკ-ის 26-ე მუხლის I ნაწილით წესრიგდება იურიდიული პირის “იურიდიული მისამართის” – “ადგილსამყოფელის” საკითხი (“ადგილსამყოფელად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი.”)
იურიდიული მისამართი იურიდიული პირის აუცილებელი ატრიბუტია, ის არა მხოლოდ მისი იდენტიფიცირებისათვის, არამედ ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ მოქმედი სამართლის ნორმებისა თუ მათგან გამომდინარე შედეგებისათვის არის არსებითი (მაგალითად, ცალკეული ვალდებულების შესრულების ადგილისა თუ ხელშეკრულების პირობების განმარტების, ასევე სამოქალაქოსაპროცესო და საერთაშორისო კერძოსამართალებრივი თვალსაზრისით).

ანალიზი

ბენოს იურიდიული პირის - შპს “დილა მშვიდობისას” მიმართ შესაძლებელია წარმოშობოდა ოფისის ქირის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

წინაპირობაა ბენოსა და შპს “დილა მშვიდობისას” შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება.

ამ შემთხვევაში პრობლემური შეიძლება იყოს ის, რომ ანის მიერ ხელშეკრულების დადების მომენტში იურიდიული პირი ჯერ არ იყო რეგისტრირებული, ანუ არ არსებობდა. შესაბამისად, შესაძლებელია, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები უშუალოდ ანის, და არა შპს “დილა მშვიდობისას”, წარმოშობოდა.

თუმცა რეგისტრაციამდე მისი სახელით განხორცელებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ იურიდიული პირი შეიძლება მაინც ჩაითვალოს. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია პირობითი უფლებაუნარიანობის ანალოგიაზე საუბარი.

ამის წინაპირობაა ანის მოქმედების “სარგებლიანობა” იურიდიული პირისათვის. იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს ადგილსამყოფელი, ანუ იურიდიული მისამართი. ეს მისი არსებობის ერთ-ერთი წინაპირობაა და რეგისტრაციისას მისათითებელი გარემოება. შესაბამისად, ანის რომ არ დაედო ქირავნობის ხელშეკრულება, იურიდიული პირი ადგილსამყოფელის გარეშე დარჩებოდა. ამდენად, ანის მოქმედება შპს “დილა მშვიდობისას” ინტერესებში მოქმედებად უნდა ჩაითვალოს.

ანი იურიდიული პირის რეგისტრაციამდე და, სავარაუდოდ, რეგისტრაციის შემდეგაც შპს “დილა მშვიდობისას” სახელით მოქმედებს, ანუ ამ იურიდიული პირის წარმომადგენელია სამართლებრივ ურთიერთობებში. ცხადია, ის რეგისტრაციამდეც და რეგისტრაციის შემდეგაც უკვე სამართლებრივად გამყარებული საფუძვლით, როგორც იურიდიული პირის სახელით მოქმედი პირი, მის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების იურიდიულ პირზე გავრცელებას დაეთანხმებოდა.

ამასთან, საქმის გარემოებებიდან არ არსებობს ანის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რაც ბენოსთან დადებული ხელშეკრულების რაიმე დაუშვებელ პირობაზე შეიძლება მიუთითებდეს (მაგალითად, შეუსაბამოდ მაღალი ქირის ოდენობა).

ამდენად, ასეთი ხელშეკრულების დადება იურიდიული პირის – შპს “დილა მშვიდობისას” ინტერესებში მოქმედებად უნდა განიხილებოდეს.

დასკვნა

ბენოს შპს “დილა მშვიდობისას” მიმართ აქვს ოფისის ქირის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.