4. იურიდიული პირი, როგორც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე

ანის რამდენიმე საინტერესო ბიზნესპროექტის იდეა აქვს, თუმცა მათი განხორციელება საკუთარი სახელით არ უნდა. მას, განსაკუთრებით, პროექტებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების გამო, საკუთარი ქონების რისკის ქვეშ დაყენების პერსპექტივა არ მოსწონს. შესაბამისად, ის არეგისტრირებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) “სტაბილურ პარტნიორს” და მისი სახელით დებს ბენოსთან რამდენიმე მომგებიან ხელშეკრულებას.

ბენოს აინტერესებს, თუ ვის მიმართ წარმოეშვა მას მოთხოვნები?

არსი
სამართლებრივი ურთიერთობის შედეგების ადრესატი შეიძლება იყოს უშუალოდ იურიდიული პირი.
 
წესი
ვინაიდან „პირი“ არა სამართლებრივ-ეთიკური, არამედ სამართლებრივ-ტექნიკური ცნებაა, სამართლებრივად აღიარებულია იურიდიული პირის შესაძლებლობაც, გახდეს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის შედეგების ადრესატი. ამდენად, იურიდიული პირი შეიძლება უშუალოდ აღიჭურვოს ცალკეული ურთიერთობისათვის დამახასიათებელი უფლებებით და/ან იტვირთოს შესაბამისი მოვალეობები(17).  
კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, “მათი შინაარსის გათვალისწინებით”, ვრცელდება იურიდიულ პირებზეც. ანალოგიურად, სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებშიც ყველა ის უფლება, რომელიც თვისებრივად არ უკავშირდება ადამიანს, შესაძლებელია ჰქონდეს იურიდიულ პირსაც.
სსკ-ის 24-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, “იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.”
სსკ-ის მე-8 მუხლის I ნაწილის მე-2 წინადადებით, კანონმდებელი აკონკრეტებს, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ იურიდიულ პირში იგულისხმება “როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის” იურიდიული პირები. 

ანალიზი

ბენოს შესაძლებელია წარმოშობოდა მოთხოვნები იურიდიული პირის – შპს “სტაბილური პარტნიორის” მიმართ.

წინაპირობაა ის, რომ ანის შესაბამისი იურიდიული პირის შესაქმნელად სავალდებულო მოქმედება – იურიდიული პირის რეგისტრაცია _ უნდა განეხორციელებინა და სამართლებრივ ურთიერთობაში ამ იურიდიული პირის სახელით, როგორც მის წარმომადგენელს, ემოქმედა.

კაზუსის გარემოებებიდან დასტურდება როგორც იურიდიული პირის რეგისტრაციის, ისე ანის მიერ იურიდიული პირის სახელით მოქმედების ფაქტი (“ის არეგისტრირებს შპს “სტაბილურ პარტნიორს” და მისი სახელით დებს ბენოსთან რამდენიმე მომგებიან ხელშეკრულებას”).

შესაბამისად, ანიმ ხელშეკრულებები დადო არა საკუთარი სახელით, არამედ როგორც შპს “სტაბილური პარტნიორის” წარმომადგენელმა.

დასკვნა

ბენოს მოთხოვნები უშუალოდ იურიდიული პირის – შპს “სტაბილური პარტნიორის” მიმართ წარმოეშვა.

_________
17. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 160 და შემდგომნი.