3.3 სამართლებრივი ხასიათის გაცნობიერება

მხედველობაშია მისაღები კონკრეტული ურთიერთობის სამართლებრივი შინაარსი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი სამართლებრივი ხასიათის გაცნობიერება.

სამართლებრივი შედეგების დადგომა ხშირად არ არის დამოკიდებული ინდივიდის მიერ მისი მოქმედების მნიშვნელობის აღქმაზე. გადამწყვეტი საზომია სამართლებრივი შედეგების ობიექტური შეცნობადობა. ამდენად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს სხვათა ინტერესების სფეროში შეჭრის თუნდაც შესაძლებლობას, ექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას.

ამასთან, ცალკეული ურთიერთობა, სწორედ მისი შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია კერძო სამართლის მოქმედების სფეროში მოექცეს, ან მის ფარგლებს მიღმა სამართლის სხვა სფეროს განეკუთვნოს.

მაგალითად: სხვისი კალმის აღება, თუ ეს ამ პირის თანდასწრებით და (თუნდაც სავარაუდო) თანხმობით ხდება, თხოვების ხელშეკრულების დადებაა, ხოლო მის დაუსწრებლად და მისი (თუნდაც სავარაუდო) თანხმობის გარეშე – ქურდობა.

გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ და მეტყველებენ. თუ ადამიანს უკავია ისეთი თანამდებობა, რომელიც მას სახელმწიფო ორგანოდ აქცევს, ის “ორმაგი ცხოვრებით” იწყებს ცხოვრებას: არასამსახურებრივ ვითარებაში, “ჩვეულებრივი” ადამიანი რჩება, მაგალითად, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობაში, ხოლო სხვა შემთხვევებში, როდესაც საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებს, ის სახელმწიფოს სახელით, ანუ ამ სახელმწიფოს მოსახლეობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედებს.

სხვა სახის სამართლებრივი თავისებურებებით ხასითდება, მაგალითად, ფრაზა “პურის ყიდვა”, რომლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება შეიძლება ივარაუდებოდეს, თუმცა სამართლებრივი შედეგის დასადგომად, – რათა პირმა გადახდილი საფასურის სანაცვლოდ პური და მასზე საკუთრების უფლება მოიპოვოს, – აუცილებელია სამი ხელშეკრულების დადება:

1) ვალდებულებითსამართლებრივი ნასყიდობა, რომელიც წარმოშობს ერთი მხარისთვის პურისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარისთვის ამ პურის მიღებისა და მისი საფასურის გადახდის ვალდებულებას;

2) პურზე საკუთრების უფლების გადაცემის სანივთოსამართლებრივი ხელშეკრულება, როდესაც ერთი პირი გადასცემს, ხოლო მეორე თანახმაა, მიიღოს პური და მასზე საკუთრების უფლება;

3) საფასურზე (ფულზე) საკუთრების უფლების გადაცემის სანივთოსამართლებრივი ხელშეკრულება, როდესაც ერთი პირი გადასცემს, ხოლო მეორე თანახმაა, მიიღოს საფასური და მასზე საკუთრების უფლება.

ამდენად, თუ დაიდებოდა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება, ინდივიდი პურზე მხოლოდ მოთხოვნას მოიპოვებდა, შესაბამისად, ის პურზე მოთხოვნით, მაგრამ პურის გარეშე დარჩებოდა.