3.2.6 პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნები

თავისი არსით პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნა შინაარსობრივად ემსგავსება დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნას – ითვალისწინებს სამართლებრივად დაცულ სფეროში უკანონო შეჭრის აღკვეთას. 

მიუხედავად ამისა, პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნების ცალკე ჯგუფად გამოყოფის მიზანშეწონილობა სწორედ ამ დაცული სფეროს თავისებურებით არის განპირობებული. ხელყოფისას მხედველობაში მიიღება პიროვნული უფლებების “კომერციალიზაციის” საფრთხის თავიდან არიდების ინტერესი. ეს მოთხოვნის შინაარსზე ახდენს გავლენას. უპირატესობა ენიჭება ხელყოფის შეწყვეტისა და მასზე შემდგომში უარის თქმის, ასევე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისას მათი უარყოფისა და საპასუხო ცნობების გავრცელების მოთხოვნას. 

მაგალითად, სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულია სახელის უფლების ხელყოფის – “სახელის ტარების უფლების შეცილებისა” და “სახელით უნებართვო სარგებლობის” – შემთხვევებში, მოთხოვნა ხელმყოფის მიმართ ამ მოქმედების შეწყვეტასა და შემდგომში ასეთ ქმედებაზე უარის თქმაზე(9).  

შესაბამისად, მატერიალური კომპენსაციის, ანუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობა განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორც წესი, ხელმყოფის ბრალისა და ქონებრივი ზიანის არსებობისას უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად(10).  ამ დროს პიროვნული უფლებების დაცვის მსგავსება დელიქტთან გამოკვეთილია.

თუ არ იარსებებდა პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე სპეციალური მოთხოვნები, პირს შესაბამისი მოთხოვნები სწორედ დელიქტიდან გამომდინარე წარმოეშობოდა. ამდენად, დელიქტიდან და პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნები კუმულაციურად თუ ერთმანეთის შემვსებად(11) არის განსახილველი. 

 

__________

9. იხ. სსკ-ის მე-18 მუხლის I-V ნაწილები.

10. იხ. სსკ-ის მე-18 მუხლის VI ნაწილი.

11. იხ. ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, 2011, 42 და შემდგომნი.