3.2.5 მოთხოვნები დელიქტიდან და უსაფუძვლო გამდიდრებიდან

დელიქტიდან და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნები ერთმანეთთან კონკურენციაში არ იმყოფებიან და, შესაბამისად, მათი თანმიმდევრობა არაარსებითია. 

ეს მოთხოვნები კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარეობენ და მხარეთა ინტერესებს შორის დარღვეული თანაფარდობის აღდგენას სწორედ კანონმდებლობით განსაზღვრული “გამაწონასწორებელი” გზით ითვალისწინებენ. 

მათ წარმოშობაში ურთიერთობის მხარეთა ნების გამოვლენა არ მონაწილეობს და, ამდენად, ისინი ყველაზე ნაკლებ “სასურველ” კერძოსამართლებრივ ურთიერთობებად ყალიბდებიან. მათი დაფუძნების სტადიაზე კერძო სამართლის ფუძემდებლური, მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი არ მოქმედებს და მხოლოდ ამ მოთხოვნების განხორციელების ეტაპიდან იძენს მნიშვნელობას(7). შესაბამისად, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნები, როგორც ყველაზე ნაკლებ სასურველნი, “უკან იხევენ” სხვა სახის კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებთან მიმართებით.

მაგალითად, სსკ-ის 976-ე მუხლის I ნაწილითა და სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების წინაპირობების შემოწმებისას არ უნდა დგინდებოდეს შესაბამისი მოქმედების განხორციელების ვალდებულებითი ან სანივთოსამართლებრივი საფუძველი. 

დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნების წარმოშობასთან დაკავშირებით მხედველობაში მიიღება მართლსაწინააღმდეგოობის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, როგორიცაა, მაგალითად, მოქმედება აუცილებელი მოგერიების, უკიდურესი აუცილებლობისა ან თვითდახმარების ფარგლებში(8).  

ამასთან, სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, უკიდურესი აუცილებლობის პირობებში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა იმ პირის მიმართ, რომელმაც შექმნა უფრო მნიშვნელოვანი ზიანის დადგომის საფრთხე. წინაპირობაა ის, რომ ამ ზიანის თავიდან აიცილება არ უნდა შეიძლებოდეს სხვა, უფრო ნაკლებად მძიმე შედეგის გამომწვევი საშუალებით და ეს ზიანი თავიდან აცდენილზე “ნაკლებ მნიშვნელოვანი” იყოს.

კიდევ ერთი, სპეციალური მოთხოვნა კანონმდებელმა თვითდახმარებასთან ურთიერთკავშირშიც გაითვალისწინა. სსკ-ის 120-ე მუხლით მოწესრიგებულია ზიანის ანაზღაურების სპეციალური მოთხოვნის საფუძველი იმ პირის მიმართ, რომელიც მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მცდარი ვარაუდით.

 

__________

8. იხ. სსკ-ის 116-ე-119-ე მუხლები.