3.2.1 სახელშეკრულებო მოთხოვნები

უპირატესად შესამოწმებელია სახელშეკრულებო მოთხოვნების საფუძვლები. მათი არსებობა თუ არარსებობა განაპირობებს ყველა სხვა სახის მოთხოვნის საფუძვლის შემოწმების მიზანშეწონილობას. 

მაგალითად:

- თუ სახელშეკრულებო მოთხოვნის შემოწმებისას დადგინდა, რომ დავალების ხელშეკრულება დაიდო, ლოგიკურად აღარ იქნება შესამოწმებელი მოთხოვნა დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებიდან; 

- ნამდვილი ხელშეკრულებით შესაძლებელია, წარმოშვას ქონების ფლობის უფლება და, შესაბამისად, მესაკუთრის მოთხოვნის შემოწმება თავისი საკუთრების უკან დაბრუნებაზე აღარ იქნება მიზანშეწონილი; 

- ერთი შეხედვით, “დელიქტურ” ქმედებას თუ აღმოაჩნდება სახელშეკრულებო, ანუ სამართლებრივი, საფუძველი, ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებად არ ჩაითვლება; 

- ასევე უსაფუძვლო გამდიდრებაც გამოირიცხება, თუ დადებული ხელშეკრულება შესრულების “საფუძველს” შექმნის.

სახელშეკრულებო მოთხოვნები იყოფა პირველად და მეორად მოთხოვნებად. პირველადი მოთხოვნა წარმოიშობა ხელშეკრულების დადებით, ხოლო მეორადი მოთხოვნა _ პირველადი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

პირველადი მოთხოვნა, როგორც წესი, მოცემულია ცალკეული ხელშეკრულების მომწესრიგებელი თავის პირველსავე მუხლში. 

მაგალითად, შესრულების მოთხოვნა: 

- ნასყიდობაში გათვალისწინებულია სსკ-ის 477-ე მუხლის I ან II ნაწილით; 

- ქირავნობისას - სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 წინადადებით; 

- იჯარის შემთხვევაში - სსკ-ის 581-ე მუხლის I ნაწილის 1-ლი ან მე-2 წინადადებით; 

- ნარდობაში - სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის წინადადების 1-ლი ან მე-2 ნახევრით.

მეორადი მოთხოვნა დამოკიდებულია ვალდებულების დარღვევის სახეზე. ამასთან, მეორად მოთხოვნებს შორის შესაძლებელია შიდა იერარქია, ასევე ალტერნატიული თუ გამომრიცხავი ურთიერთმიმართება არსებობდეს. 

მაგალითად, ნასყიდობის დროს ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში: 

- უპირატესად შესამოწმებელია დამატებითი შესრულების მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 490-ე მუხლის I ნაწილით; 

- შემდგომი ეტაპის – ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების – ალტერნატიული მოთხოვნები ყალიბდება, შესაბამისად, სსკ-ის 491-ე (გამოიყენება სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში) და 492-ე მუხლებით. 

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები. მაგალითად: 

- ზიანის ანაზღაურების უზოგადესი მოთხოვნა გამომდინა-რეობს სსკ-ის 394-ე მუხლის I ნაწილიდან; 

- ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლისას გათვალისწინებულია სსკ-ის  407-ე მუხლის I ნაწილით;

- ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოვალის მიერ შესრულების ვადის გადაცილების გამო მოწესრიგებულია სსკ-ის  404-ე მუხლით.