3. დაბადებამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა

ანის დედა მშობიარობამდე მცირე ხნით ადრე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა. მას ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ნასვამი ბენო ავტომანქანით დაეჯახა. იგი მძიმედ არ დაშავებულა. თუმცა მოგვიანებით, ანის გამოკვლევისას, დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და პერიოდულ მკურნალობას საჭიროებს.

აქვს ანის რაიმე მოთხოვნა?

არსი
ჩანასახის პირობითმა უფლებაუნარიანობამ შესაძლებელია, განაპირობოს დაბადებამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობა.
 
წესი
უფლებაუნარიანობა ადამიანის ღირსებიდან გამომდინარეობს და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზების წინაპირობაა. შეუძლებელია, ადამიანი თავისუფლად განვითარდეს, მისი ინტერესების განხორციელებისთვის აუცილებელი უფლებების მოპოვების გარეშე.
სსკ-ის 992-ე მუხლით “პირს” ენიჭება მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ამასთან, “პირი” ჩანასახის სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელ ნორმებთან ურთიერთკავშირში უნდა განიმარტოს. კერძოდ, მან უნდა მოიცვას პირობითი უფლებაუნარიანობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც.
მხედველობაშია მისაღები, რომ, ადამიანის ღირსებისა თუ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებიდან გამომდინარე, მიუღებელი იქნებოდა “პირის” ვიწროდ, ზიანის დადგომის მომენტამდე დაბადებულად, განმარტება. ამით პირი დაკარგავდა მოთხოვნას, რომელიც მას ჩანასახად ყოფნის პერიოდში მიყენებული ზიანის გამო უნდა წარმოშობოდა(15). 
შესაბამისად, მიუღებელი იქნებოდა სსკ-ის 992-ე მუხლის ადამიანის ლეგიტიმური უფლებების წარმოშობის სამართლებრივი აღიარების საწინააღმდეგო განმარტება.

შედარებისათვის, მაგალითად, გერმანულ სამართალში შესაბამისი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაშვებად მიიჩნევა ჯერ კიდევ ჩასახვამდე დედის დაინფიცირებითა და შემდგომ ავადმყოფობის ბავშვზე გადასვლის შემთხვევაშიც(16).

ანალიზი

ანის ბენოს მიმართ შესაძლებელია ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე.

მოთხოვნის არსებობის წინაპირობებია: ქმედების მართლსაწინააღმდე-გოობა, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი, მიზეზობრიობა ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

საქმის გარემოებებიდან არცერთი ამ წინაპირობის არსებობა არ არის სადავო და დამატებით განხილვას არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში პრობლემური შეიძლება იყოს ის, რომ ანი ზიანის მიყენების მომენტში ჯერ არ იყო დაბადებული. შესაბამისად, იგი არ იყო უფლებაუნარიანი, რასაც შეიძლება მისი უფლებისა თუ მოთხოვნის წარმოშობა შეეფერხებინა.

თუმცა ადამიანის ღირსებიდან თუ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებიდან გამომდინარეობს ჩანასახის პირობითი უფლებაუნარიანობა, რომელიც ჩანასახის სამართლებრივი სარგებლის მინიჭებითა თუ მისი ინტერესების უპირობო დაცვით არის ნაკარნახევი. ამდენად, მიზანშეწონილია სსკ-ის 992-ე მუხლის შინაარსშიც “პირი” ჩანასახის უფლებების დაცვიხ ადეკვატურად განიმარტოს. შესაბამისი მოთხოვნა უნდა გავრცელდეს პირობითი უფლებაუნარიანობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზეც.

ჩანასახს აქვს პირობითი უფლებაუნარიანობა. პირობითობა მის დაბადებასთან არის დაკავშირებული. დაბადებით პირი მოიპოვებს იმ უფლებებსა თუ მოთხოვნებს, რომლებიც მას ჩანასახად ყოფნის პერიოდში პირობითად წარმოეშვა. ანალოგიურად, დასაშვები უნდა იყოს, პირს დაბადებამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოეშვას.

დასკვნა

ანის აქვს ბენოს მიმართ ზიანის ანაზღაურების (მკურნალობის ხარჯების გადახდის) მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე.

_________
15. შეად. გერმანულ სამართალში: Amtliche Sammlung der Entscheidungen des Bundesgerichtshofs in Zivilsachen, 58, 48.
16. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 107, შემდგომი მითითებებით.