21. “გაცხადების ილუზია”

ანი სარეკლამო ბროშურის დათვალიერებისას აღმოაჩენს უცნობი დიზაინერის, ბენოს, საინტერესო საგაზაფხულო კოლექციას და გადაწყვეტს რამდენიმე კაბის შეკვეთას. იგი ავსებს ბროშურაზე თანდართულ შეკვეთის განაცხადს, მაგრამ მალე გადაიფიქრებს და შევსებულ განაცხადს ნაგვის ყუთში აგდებს. მომდევნო დღეს დამლაგებელი გულო იღებს ნაგვის ყუთიდან შეკვეთის განაცხადს და ვარაუდით, რომ ანის სურვილს ასრულებს, განაცხადს საფოსტო ყუთში აგდებს. მალე ანი იღებს შეკვეთილ კაბებს.

ვალდებულია ანი, გადაიხადოს კაბების საფასური?

 

არსი
ნების გამოვლენას, რომლის ფორმირების დასრულებაც საეჭვოა, ადრესატთან მისვლის მიუხედავად, შეიძლება არ მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
 
წესი
“ნების გამოვლენა” სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადებაა.(47) 
ნების გაცხადებაში ინდივიდის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის მასზე დამოკიდებული აუცილებელი წინაპირობების შესრულება იგულისხმება. სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნების იმ სახით გამოხატვაა აუცილებელი, რომ ის არა მხოლოდ აღქმადი იყოს ადრესატის მიერ, არამედ მის “საბოლოობაში”, ანუ გაცხადების პროცესის დასრულებაში, არ არსებობდეს ეჭვის შეტანის საფუძველი.(48)
არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენის შემთხვევაში “გაცხადების საბოლოობისთვის” აუცილებელია ნების გამოვლენის ფორმირების პროცესის დასრულება, ხოლო მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის შემთხვევაში – მას ემატება მისი (ნების გამოვლენის) ადრესატისკენ მიმართვა ისე, რომ, ჩვეულებრივ, სავარაუდო იყოს ადრესატის მიერ მისი მიღება.(49) 
შესაბამისად, აუცილებელია, “ნების გამოვლენა ბრუნვაში მოხვდეს გამომვლენის ნებით”, რომელსაც ჰქონდა საფუძველი, ევარაუდა და ივარაუდა კიდეც, რომ მისი ნების გამოვლენა ადრესატამდე მიაღწევდა.(50) 
სსკ-ის 329-ე მუხლის I ნაწილით პირი თავისი ნების გამოვლენით მაშინ იბოჭება, თუ ცალსახაა, რომ “წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება”.
თუ ნება ინდივიდის ძალაუფლების სფეროს მისი სურვილის გარეშე ტოვებს, იქმნება მხოლოდ “გაცხადების ილუზია”. ნების გამომვლენმა თავად უნდა გადაწყვიტოს: გააცხადებს თუ არა ნების გამოვლენას, რა სახით და როდის. ამდენად, “არაგაცხადებულ” ნებას ადრესატთან “მისვლის” შემთხვევაში არ მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.
არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი გაცხადება ნების გამოვლენის ნამდვილობას უნდა იწვევდეს და გამცხადებელს უნდა ენიჭებოდეს შეცილების უფლება. სხვა პოზიციის თანახმად, გადამწყვეტი უნდა იყოს ის, თუ რამდენად მიუძღვის ბრალი “გამცხადებელს” მისი ძალაუფლების სფეროში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე “გაცხადების ილუზიის” შექმნაში. იმ შემთხვევაში, თუ მას არ მიუძღვის ბრალი, ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად და, შესაბამისად, აუცილებელი არ იქნება შეცილება.(51) 
“გაცხადების ილუზიის” პრობლემის დაძლევისას მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება მოითხოვს ნების გამომვლენისა და ადრესატის თანაბარ დაცვას. იმის გამო, რომ “გაცხადების ილუზია” გამცხადებლის მიერ არის გამოწვეული, როგორც წესი, მან თავად უნდა აგოს პასუხი გამომდინარე შედეგებზე. შესაბამისად, ნების გამოვლენის ადრესატი უფლებამოსილია, მოითხოვოს ნების გამოვლენის ნამდვილობის ნდობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, მაგალითად, სსკ-ის 79-ე მუხლის II ნაწილის ანალოგიით ან წინასახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სსკ-ის 317-ე მუხლის II ნაწილის, 316-ე მუხლის II ნაწილისა და 394-ე მუხლის I ნაწილის ურთიერთკავშირში გამოყენებით.(52)  

ანალიზი

ბენოს შესაძლებელია ჰქონდეს ანისგან კაბების ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის II ნაწილიდან გამომდინარე.

ამ მოთხოვნის წინაპირობაა ბენოსა და ანის შორის დადებული ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება და ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოებების არარსებობა.

ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორმხრივი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა.

ამ შემთხვევაში საეჭვოა ანის ოფერტი, კერძოდ ის, თუ რამდენად დასრულებულია ნების ფორმირებისა და მისი სათანადოდ გამოხატვის, ანუ გაცხადების, პროცესი.

ნების გაცხადება გულისხმობს ინდივიდის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნების იმ სახით გამოხატვას, რომ მის “საბოლოობაზე” ეჭვი აღარ დარჩეს. მიღებასავალდებულო ნების გამოვლენისას არ არის საკმარისი წერილობითი დოკუმენტის მხოლოდ შემუშავება და ხელმოწერა. ნების გამომვლენმა იგი უნდა მიმართოს ადრესატისკენ, ანუ განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელიც ადრესატის მიერ ნების გამოვლენის მიღებას მისთვის (ნების გამომვლენისთვის) სავარაუდოს გახდის.

მოცემულ შემთხვევაში ანის ნების ფორმირებისა და გამოხატვის პროცესი ჯერ არ იყო დასრულებული. უფრო მეტიც, ანიმ შესაბამისი ნების გამოხატვა “გადაიფიქრა” და შევსებული განაცხადი ნაგვის ყუთში ჩააგდო. ეს მოქმედება მიუთითებს ანის მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის სურვილის არარსებობას. ამდენად, დაუშვებელია, პირს მიეწეროს არასასურველი და, რაც მთავარია, არგამოხატული ნების სამართლებრივი შედეგები.

ამდენად, ანის ნება სამართლებრივად მისაღები ფორმით არ გაცხადებულა. შეიქმნა მხოლოდ გაცხადების ილუზია.

დასკვნა

ბენოს არ აქვს ანისგან ნასყიდობის ფასის, ანუ კაბების საფასურის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის II ნაწილიდან გამომდინარე.

 

__________
47. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 242 და შემდგომნი.
48. იქვე, 244, შემდგომი მითითებებით.
49. იქვე.
50. იხ. BGH, NJW 1979, 2032, 2033.
51. შესაბამისი პოზიციების მიმოხილვისათვის იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 244.
52. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 246.