2. ანალიზის ამომწურავობა

ანალიზი ამომწურავია, თუ განხილულია დასმულ საკითხთან დაკავშირებული არსებითი არგუმენტები და გამოკვეთილია ავტორის პოზიცია. ეს, ცხადია, არ ნიშნავს არაერთგვაროვნად შეფასებადი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას ალტერნატიული გადაჭრის გზების წარმოჩენის დაუშვებლობას.

შესაძლებელია, კონკრეტული პრობლემის განხილვისას სხვადასხვა მოსაზრების შეპირისპირება, ავტორის აზრით, უპირატესის გამოკვეთა, ან მათი შეჯერება გახდეს საჭირო. მნიშვნელოვანია, პოზიციებისა თუ თეორიების ზოგადი ანალიზის ნაცვლად, უშუალოდ განსახილველ პრობლემასთან ურთიერთკავშირში მყოფი საკითხების წარმოჩენა. გადამწყვეტია არა ამა თუ იმ თეორიისა თუ მიდგომის ცოდნა, არამედ წამოჭრილი პრობლემის მოგვარების გზის პოვნა.

განსხვავებული მიდგომაა სავალდებულო და დამარწმუნებელი წყაროების გამოყენების თვალსაზრისით.

სავალდებულოა ნორმატიული წყაროებისა და სასამართლო გადაწყვეტილებებში გამოხატული პოზიციის განხილვა. თუმცა შესაძლებელია დასაბუთდეს, თუ რატომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში მათი გაზიარება, მაგალითად, ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებულობის ან მიღებული შედეგის კანონის მიზნიდან თუ სამართლებრივ-პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუშვებლად მიჩნევის გამო.

დამარწმუნებელი წყაროს შერჩევა მიზნად ისახავს ჩამოყალიბებული პოზიციის გამყარებას. ღირებულია ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც, შესაძლებელია, დასმული საკითხის გადაწყვეტისას კონკრეტულ პოზიციას ამართლებდეს.

ამასთან, მხედველობაშია მისაღები შესასრულებელი დავალების ფორმატი. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო აუდიტორიაშია შესასრულებელი და ხელმისაწვდომია მხოლოდ ნორმატიული წყაროები, არ არის სავალდებულო სხვა წყაროების ციტირების ტექნიკის სრული დაცვით მითითება. საკმარისია, მაგალითად, იმის აღნიშვნა, რომ შესაბამისი ხედვა სასამართლო პრაქტიკით არის დადგენილი, ან ამა თუ იმ სამეცნიერო წყაროს მიხედვითაა მითითებული.

ამის საპირისპიროდ, სახლში შესასრულებელი სამუშაოს ფორმატში სავალდებულოა ადეკვატური ციტირების ტექნიკის დაცვა. წყაროები მისათითებელია იმ სიზუსტით, რომ მათი მოძიებისას მკითხველმა მაქსიმალურად ნაკლები დრო დაკარგოს. მაგალითად, სამეცნიერო წყაროს ციტირებისას ეს გულისხმობს მინიმუმ ავტორის, ნაშრომის სათაურის, გამოცემის წლისა და შესაბამისი გვერდების მითითებას.

მნიშვნელოვანია, არ მოხდეს სხვისი აზრის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მითვისება. ამ თვალსაზრისით, სავალდებულოა კონკრეტულ საკითხზე გამოთქმული პოზიციების სრულად მიმოხილვა. თუმცა ეს არ ნიშნავს ყველა სახის გამოქვეყნებული თუ სხვა მხრივ ხელმისაწვდომი ლიტერატურის განხილვის ვალდებულებას. განსახილველია დასმულ საკითხთან მიმართებით არსებითი და ორიგინალური პოზიციის გამომხატველი ნაშრომები.

არსებითია პოზიცია, რომელიც დასმული საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, ჩამოყალიბებული პოზიციის გამყარების, კონტრარგუმენტების განჭვრეტისა და გაბათილების თვალსაზრისით. თუ, ავტორის აზრით, კონკრეტული პოზიცია იმდენად “აბსურდულია”, რომ მისი განხილვა აზრს მოკლებულია, ის ვალდებულია, მხედველობაში საერთოდ არ მიიღოს ასეთი მოსაზრებები. მათზე არც მან და არც მკითხველმა დრო არ უნდა დაკარგოს.

ორიგინალობა წყაროსა თუ აზრის ავტორის ზუსტი იდენტიფიცირების თვალსაზრისით დგინდება. მითითებულ ნაშრომში სათანადო ციტირების არარსებობის გამო დამდგარ შედეგზე – სხვისი აზრის მითვისებაზე – პასუხისმგებლობა შესაბამისად ნაწილდება როგორც თავდაპირველ პლაგიატორზე, ისე მასზე, ვინც შეცნობადად სხვისი აზრი არასათნადო ავტორს მიაწერა. ციტირების ავტორს მოეთხოვება იმის იდენტიფიცირება, მის მიერ გაზიარებული თუ საყურადღებოდ მიჩნეული პოზიცია ნამდვილად მითითებულ წყაროში გამოითქვა, თუ ეს მხოლოდ სხვისი ნაშრომის გაცნობის საფუძველზე მითვისებული პოზიციაა.

ზოგადად, დამარწმუნებელი წყაროების სამართლებრივი ღირებულების ამოცნობისას მნიშვნელოვანია მათი სანდოობის გადამოწმება. მაგალითად, სამეცნიერო ნაშრომში გამოთქმული პოზიციის მითითებისას არსებითია შესაბამისი ნაშრომის მეცნიერულობის დადგენა, რაც კვლევის სიღრმითა და გამოყენებული ციტირების ტექნიკით განისაზღვრება. თუ ავტორი უარს ამბობს გამოყენებული წყაროების სათანადო მითითებაზე, ის ამით ავტომატურად განსაზღვრავს, რომ მის ნაშრომს არასამეცნიერო, უკეთეს შემთხვევაში, “სახელმძღვანელო მიმოხილვის”, მნიშვნელობას ანიჭებს. ზოგადად, ასეთი ნაშრომების დამარწმუნებელ წყაროდ მიჩნევა და ციტირება არასასურველია, თუნდაც იმიტომ, რომ თავად ავტორი არ ანიჭებს თავის მიერ დაწერილს მეცნიერულ ღირებულებას.