18. საკუთრების შინაარსი

ანი თავისი მიწის ნაკვეთზე წვეულებას აწყობს. ხმაურიანი მეგობრების წრეში ის სასიამოვნო დროს ატარებს, მეზობლებს მრავალმხრივი  მუსიკალური მიმდინარეობის უფასო კონცერტით ანებივრებს და გარემოს სხვადასხვა კერძის სასიამოვნო სურნელში ახვევს. ბენო აღშფოთებულია - ის არც წვეულებაზე დაპატიჟეს, არც ამაზრზენი მუსიკის ხმის დახშობა არ ისურვეს და, რაც მთავარია, მისი კუჭიც უსაფუძვლოდ ააფორიაქეს. მის მრისხანე შეძახილებს ანიმ მუსიკის მომატებით უპასუხა და როდესაც უკვე ბენო ანის ეზოში უკიდურესი ზომის სახით, თოხით ხელში, გამოცხადდა, ანიმ მას მოურიდებლად განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ თოხითურთ დაეტოვებინა ეზოს ტერიტორია. ის მას მტკიცედ დაჰპირდა, რომ სტუმრები დროულად, საღამოს 9 საათისთვის დაიშლებოდნენ და გარემოც თავის ჩვეულ მშვიდ რიტმს დაუბრუნდებოდა. ამასთან, მეტი დამაჯერებლობისთვის ანი ბენოს სხვის საკუთრებაში უნებართვო შეჭრის გამო საპატრულო პოლიციის გამოიძახებითაც დაემუქრა.

აქვს ანის უფლება, მოსთხოვოს ბენოს მისი ეზოს დატოვება და გააგრძელოს თავისი საკუთრებით წვეულებით გათვალისწინებული ფორმით სარგებლობა?

 

არსი
საკუთრებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებისას შესაძლებელია, დასაშვებად იქნეს მიჩნეული სხვა პირის ინტერესებში შეჭრა იმ მოცულობით, რაც არათანაზომიერად არ ზღუდავს მას თავის უფლებებში.
 
წესი
სსკ-ის 170-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, “მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.”
საკუთრების უფლების შინაარსის ეს აღწერა ადგენს მესაკუთრის მოქმედების თავისუფლების ფარგლებს.
ერთი მხრივ, საკუთრება ქონებაზე “სრული ბატონობის” გამომხატველი აბსოლუტური უფლებაა. მესაკუთრე უფლებამოსილია, მოექცეს ქონებას თავისი შეხედულებისამებრ, მათ შორის, განკარგოს იგი. იგი ამ ქონების ბედს განაგებს მასზე მესამე პირების ზემოქმედების გამორიცხვის თვალსაზრისითაც.
მეორე მხრივ, მესაკუთრის მოქმედების თავისუფლება იზღუდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს აუცილებელია სხვა პირთა ინტერესების არათანაზომიერი ხელყოფის აღკვეთისათვის(42). 
სსკ-ის 175-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, “მიწის ნაკვეთის... მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.”
სსკ-ის 175-ე მუხლის II ნაწილით დასაშვებად მიიჩნევა არსებითი ზემოქმედებაც, რაც გამოწვეულია “ჩვეულებრივი სარგებლობით” და მისი აღკვეთა არ შეიძლება ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ გამოყენებული საშუალებებით.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სსკ-ის მე-10 მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული “უფლების ბოროტად გამოყენების” აკრძალვა და სსკ-ის მე-8 მუხლის III ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების პრინციპი.

ანალიზი

ანის შესაძლებელია ჰქონდეს ბენოს მიმართ მისი საკუთრებით უნებართვო სარგებლობისაგან თავის შეკავების მოთხოვნა, ისევე როგორც თავისი საკუთრებით სურვილისამებრ სარგებლობის უფლება, სსკ-ის 170-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე.

ამ მოთხოვნის წინაპირობებია ის, რომ ანი უნდა იყოს მესაკუთრე და ბენო მისი ქონებით სარგებლობას სამართლებრივი, მაგალითად, სახელშეკრულებო, საფუძვლის გარეშე ახორციელებდეს.

ეს წინაპირობები საქმის გარემოებებიდან დგინდება. ანი მესაკუთრეა, ბენო მის ნაკვეთზე უნებართვოდ იმყოფება.

თოხმოღერებული ბენოს გამოჩენა ანის მიწის ნაკვეთზე თუნდაც რომ ჩაითვალოს მიწის ნაკვეთით სარგებლობაზე ხელშეკრულების დადების შეთავაზებად, ანის თანხმობა ცალსახად არ გამოუთქვამს. შესაბამისად, ბენოს ვერ წარმოეშობოდა ანის ნაკვეთზე ყოფნის სახელშეკრულებო საფუძველი.

გარდა ამისა, დამატებით განსახილველია, ხომ არ შეიძლება ანის მოქმედება განხილულიყო, მაგალითად, უფლების ბოროტად გამოყენებად, რასაც შეეძლო, ბენოს მიმართ მოთხოვნის განხორციელება შეეფერხებინა.

შესაბამისად, დასადგენია, თუ რამდენად ჯდება ანის მოქმედება საკუთრების უფლების შინაარსის ფორმატში. კერძოდ, ხომ არ შეიძლება, ანის საკუთრების უფლების რეალიზებიდან ბენოს ინტერესების შეზღუდვა გამომდინარეობდეს, ხოლო თუ გამომდინარეობს, რამდენად შეიძლება, ის “მნიშვნელოვნად” ჩაითვალოს. სსკ-ის 175-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, წინაპირობაა ის, რომ მესაკუთრის სხვა მესაკუთრის ქონებაზე ზემოქმედებანი “ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.”

ამ შემთხვევაშიც მხედველობაშია მისაღები თანაზომიერების პრინციპი, რათა გამოირიცხოს მესაკუთრის მიერ სხვა მესაკუთრის უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა.

თავის მხრივ, ბენოს ეკისრება ე.წ. თმენის ვალდებულება, რაც მისი მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომავალი ხმაურითა და სუნით გამოიხატება. მესაკუთრემ უნდა ითმინოს დისკომფორტი, რომელიც მას ექმნება სხვა პირის მიერ თავისი საკუთრებით სარგებლობის გამო. თანაზომიერების პრინციპის მოქმედების ფარგლები ამ შემთხვევაშიც უცვლელია: ინდივიდმა უნდა გაითვალისწინოს სხვა ინდივიდის ინტერესები იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს არ იწვევს თავისი საკუთარი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას. 

დასკვნა

ანის აქვს ბენოს მიმართ მისი საკუთრებით უნებართვო სარგებლობისაგან თავის შეკავების მოთხოვნა, ისევე როგორც თავისი საკუთრებით სურვილისამებრ სარგებლობის უფლება, სსკ-ის 170-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე.

 

__________
42. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 220 და შემდგომნი.