17. ნივთის შემადგენელი ნაწილი და საკუთვნებელი

ანი გადაწყვეტს, ბენოს თავისი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მიჰყიდოს. მხარეები ხელშეკრულების პირობებზე თანხმდებიან და ანი დაუყოვნებლივ იწყებს ნასყიდობის საგნის “მისი ნივთებისგან განთავისუფლებას”. როდესაც ანი ხელოსნებს ურეკავს სამზარეულოს ჩაშენებული კარადების, სახლის აივნის ანტიკვარული მოაჯირისა და საცურაო აუზთან მოწყობილი წყლის სასრიალოს დემონტაჟის განსახორციელებლად, ბენო აღშფოთებას ვერ მალავს. ის დარწმუნებულია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ შეიძლება დამოუკიდებელ ნივთად იქნეს განხილული და ისინი მან შეიძინა როგორც მიწის ნაკვეთისგან განუყოფელი ქონება. ანის ამ შეხედულებაზე ეცინება და ბენოს განუმარტავს, რომ “თითოეული მათგანი მხოლოდ ჭანჭიკებით არის დამაგრებული და მათ განცალკევებას მხოლოდ ხელმარჯვე ოსტატის ქანჩი სჭირდება.”

აქვს ბენოს ანის მიმართ რაიმე მოთხოვნა სამზარეულოს ჩაშენებული კარადების, სახლის აივნის ანტიკვარული მოაჯირისა და საცურაო აუზთან მოწყობილ წყლის სასრიალოსთან მიმართებით?

არსი 
ნივთის განცალკევადობის თვისებამ შეიძლება განაპირობოს მისი ცალკე უფლების ობიექტად განხილვის შესაძლებლობა, ხოლო სხვა ნივთისადმი მიკუთვნებადობამ – მისი ამ “ძირითადი ნივთის” მიმართ მოქმედ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა.
 
წესი
“შემადგენელი ნაწილი” ძირითადი ნივთისაგან “განუყოფელია” და მასთან ერთ მთლიანობად აღიქმება. სსკ-ის 150-ე მუხლის I ნაწილით ასეთად განიხილება “ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების, ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.” შესაბამისად, მას არ აქვს დამოუკიდებელ ნივთად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი თვისებები და ყოველთვის ნივთის ნაწილად რჩება(40).  
სსკ-ის 151-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, “საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, ითვლება საკუთვნებლად.” 
შესაბამისად, შემადგენელი ნაწილისგან განსხვავებით, საკუთვნებელი დამოუკიდებელი მოძრავი ნივთია და, ბუნებრივია, შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. 
მიუხედავად ამისა, ნებისმიერი განკარგვა, მიმართული ცალკეულ ქონებაზე, როგორც წესი, მოიცავს მის საკუთვნებელსაც. ეს გამომდინარეობს საკუთვნებლის ეკონომიკური მიზნიდან, რომელიც ძირითადი ნივთის “სამსახურითა” და “მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით” ვლინდება.
სსკ-ის 151-ე მუხლის I ნაწილის დეფინიციის მიუხედავად, არ არის აუცილებელი, “საკუთვნებელს” ჰქონდეს ნივთთან “სივრცობრივი კავშირი”. გადამწყვეტია ის, რომ იგი “განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის”. გარდა ამისა, ნივთი სამართლებრივ ურთიერთობებში (“დამკვიდრებული შეხედულების თანახმად”) უნდა ითვლებოდეს საკუთვნებლად, ანუ ამ ნივთებს შორის ერთგვარი იერარქიული დაქვემდებარება უნდა არსებობდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ნივთის “მთავარი ნივთისათვის” მიკუთვნების ფაქტი და არა ის, უკვე იყო თუ არა იგი რეალურად გამოყენებული მასთან ურთიერთკავშირში(41).  

ანალიზი

ბენოს შესაძლებელია მოეპოვებინა ანის მიმართ სამზარეულოს ჩაშენებული კარადების, სახლის აივნის ანტიკვარული მოაჯირისა და საცურაო აუზთან მოწყობილ წყლის სასრიალოსა და მათზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად.

წინაპირობაა მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, თუ რამდენად მოექცა ჩამოთვლილი მხარეთა მიერ შეთანხმებულ ქონებაში.

პირველ რიგში, გასაანალიზებელია, ხომ არ შეიძლება, რომელიმე მათგანის განცალკევებამ მისი ან ძირითადი ნივთის დანიშნულების მოსპობა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ეს ნივთი, სსკ-ის 150-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ნივთის შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა. ცხადია, მასზე ცალკე უფლების არსებობა სამართლებრივ-ტექნიკურადაც გამოირიცხებოდა და ბენოს მოთხოვნის არსებობა უკვე ამ გარემოებიდან გამომდინარე დადასტურდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში, სამზარეულოს ჩაშენებული კარადები, სახლის აივნის ანტიკვარული მოაჯირი და საცურაო აუზთან მოწყობილი სასრიალო ძირითადი ნივთისგან განცალკევებით არ კარგავს ეკონომიკურ დანიშნულებას. ბუნებრივია, ეს არ გამოიწვევს ძირითადი ნივთის – მიწის ნაკვეთისა თუ სახლის – არც “განადგურებასა” და არც “დანიშნულების მოსპობას”.

ამდენად, ისინი, სსკ-ის 150-ე მუხლის I და II ნაწილების შესაბამისად, ვერ განიხილება ნივთის შემადგენელ ნაწილად.

შემდგომ გასაანალიზებელია, ხომ არ შეიძლება, ეს ნივთები საკუთვნებლად იქნეს განხილული, სსკ-ის 151-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში ისინი სამართლებრივ-ტექნიკურად შეიძლება განიხილებოდნენ ცალკე უფლების ობიექტად, თუმცა მოექცეოდნენ სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში და გაიზიარებდნენ იმ ძირითადი ქონების ბედს, რომლთანაც ეკონომიკური თვალსაზრისით არიან დაკავშირებულნი. ეს რომ ასე არ მოხდეს, აუცილებელია მხარეთა ხელშეკრულებაში სპეციალური დათქმის გაკეთება, რომ მათზე უნდა გავრცელდეს ძირითადი ნივთისგან განსხვავებული სამართლებრივი შედეგი.

შესაბამისად, დასადგენია, რამდენად უნდა ჩაითვალოს ეს ნივთები საკუთვნებლად. ის, რომ მხარეებს მათზე სპეციალური შეთანხმება არ ჰქონიათ, საქმის გარემოებებიდან დადგენილია და დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებს. ამდენად, თუ ისინი საკუთვნებლად ჩაითვლებიან, ბენო ძირითად ქონებასთან ერთად მოიპოვებს მათზეც სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

საკუთვნებლად განხილვისთვის მითითებული საგნებიდან თითოეული უნდა იყოს განცალკევებადი მოძრავი ნივთი.

ამ შემთხვევაში დასაშვებად უნდა ჩაითვალოს, რომ დემონტაჟის ანუ განცალკევების შემდეგ თითოეული მათგანი შესაძლებელია გადაადგილებულ იქნეს და კვლავ დამონტაჟებული მათი ეკონომიკური დანიშნულებისამებრ. შესაბამისად, ეს წინაპირობა დაკმაყოფილებულია.

შემდგომ უნდა დასტურდებოდეს ამ ნივთების ძირითად ნივთთან ეკონომიკური თუ დანიშნულებრივი კავშირი. ამ შემთხვევაში, სამზარეულოს ჩაშენებული კარადები, სახლის აივნის ანტიკვარული მოაჯირი და საცურაო აუზთან მოწყობილი წყლის სასრიალო, ეკონომიკური თუ “საერთო სამეურნეო დანიშნულებით”, დაკავშირებულია, შესაბამისად, სამზარეულოსთან, აივანთან ან აუზთან, ანუ სახლსა და მიწის ნაკვეთთან.

ამასთან, თითოეული მათგანის დაქვემდებარებაც, ანუ “მთავარი ნივთის სამსახურისათვის” მოაზრებაც, არ ქმნის სირთულეს: კარადა ესაჭიროება სამზარეულოს, მოაჯირი – აივანს, წყლის სასრიალო – აუზს, და არა პირიქით.

დაბოლოს, არც “დამკვიდრებული შეხედულების” თვალსაზრისით არ არის სადავო ჩამოთვლილთაგან თითოეულის საკუთვნებლად განხილვა. ისინი დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონედ, როგორც წესი, არ მიიჩნევიან. ზოგადად, გაზიარებულად უნდა ჩაითვალოს შეხედულება, რომ მათი ეკონომიკური დანიშნულება სხვა ნივთის სამსახურით ვლინდება.

შესაბამისად, ეს ნივთები საკუთვნებლად უნდა იქნენ განხილული.

დასკვნა

ბენოს აქვს ანის მიმართ სამზარეულოს ჩაშენებული კარადების, სახლის აივნის ანტიკვარული მოაჯირისა და საცურაო აუზთან მოწყობილ სასრიალოსა და მათზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად.

__________
40. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 210 და შემდგომნი.
41. იქვე, 212, შემდგომი მითითებებით.