16. ადამიანის ნეშტი

ანი არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობს და, მისი აზრით, ზეზვასა და მზიას ახლო ნათესავის ნეშტს აღმოაჩენს. ანი თავისი მიღწევით აღფრთოვანებულია, ნეშტს შორენას არქმევს და ერთ-ერთი მუზეუმისთვის მის მიყიდვას განიზრახავს. მუზეუმის უფლებამოსილი თანამშრომელი სიამოვნებით თანხმდება შეთვაზებული თანხის გადახდას და ნეშტს სასწარაფოდ შემდგომი გამოკვლევისთვის აგზავნის.

ანის აინტერესებს, რამდენად მოიპოვა მან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის გადახდის მოთხოვნა?

არსი
ადამიანის სხეული თუ მისი ცალკეული ნაწილი შეიძლება არ განიხილებოდეს ქონებად მისი გარდაცვალების შემდეგაც.
 
წესი
ცოცხალი ადამიანის სხეული თუ მისი ცალკეული ნაწილი არ არის ქონება. თავად ადამიანსაც არ გააჩნია თავის სხეულზე საკუთრების უფლება. ადამიანს აქვს პიროვნული უფლება საკუთარ ხელშეუხებლობაზე(36). ადამიანის ორგანოს (მაგალითად, თირკმელი) შესახებ დადებული გარიგება ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსებასა და ხელშეუხებლობას. ანალოგიურად, განსაკუთრებული დაცვა ვრცელდება ადამიანის გვამზეც(37).
თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადამიანის ნეშტების მიმართ ცალკეულ ქვეყანაში შეინიშნება მცდელობა, რომ ისინი გარდაცვალებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩაითვალოს ნივთად. ეს აიხსნება იმით, რომ გვამი კონკრეტულ პიროვნებასთან არ იდენტიფიცირდება. თუმცა ასეთი არგუმენტის ლეგიტიმურად აღიარება იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. შესაძლებელია, ანალოგიურად განიხილებოდეს ამჟამად გარდაცვლილი უცნობი ადამიანის გვამი, რომლის ვინაობის დადგენაც, თუნდაც გენეტიკური ტესტის მეშვეობითაც, ვერ ხერხდება(38).
ადამიანის ღირსების დაცვა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით არის განმტკიცებული და ხორციელდება მისი ვინაობის მიუხედავად. საკმარისია, რომ ის არის, ან იყო ადამიანი(39).  

ანალიზი

ანის მუზეუმის მიმართ შესაძლებელია ჰქონდეს, სსკ-ის 477-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა.

წინაპირობაა მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აქ პრობლემურია იმის დადგენა, თუ რამდენად შეიძლება ქონებად ადამიანის ნეშტის განხილვა.

ამ შემთხვევაში ადამიანის სხეულის ნივთად მიჩნევის არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ აღარ არსებობს კავშირი გარდაცვლილ ადამიანსა და მის გვამს შორის. შესაბამისად, გვამი არ იდენტიფიცირდება კონკრეტულ პიროვნებასთან. ანი მხოლოდ ერთობ ბუნდოვან ვარაუდს გამოთქვამს, რომ ის ზეზვასა და მზიას ახლო ნათესავი შეიძლებოდა ყოფილიყო და სახელსაც თავად არქმევს. შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს ვარაუდი, რომ იგი (მაგალითად, მრავალი საუკუნის გასვლის გამო) აღარ არის ადამიანის ღირსებიდან გამომდინარე დაცული.

თუმცა ეს რეალურად ნიშნავს ადამიანის ღირსების არსის უგულებელყოფას. ღირსების დაცვა ხორციელდება იმის განურჩევლად, თუ ვინ არის კონკრეტული ადამიანი. ვინაობის დადგენა თუ დადგენადობა არ შეიძლება გავლენას ახდენდეს მის სამართლებრივ სტატუსზე. არსებითია მხოლოდ ის, რომ ის არის, ან იყო ადამიანი. შესაბამისად, მიუღებელია ნებისმიერი სხვა განმარტების ალტერნატივა. თუ ის “იყო ადამიანი”, მას აქვს ღირსება გარდაცვალების შემდეგაც.

შესაბამისად, შეუძლებელია ადამიანის ნეშტის ნივთად განხილვა. ის არ არის ქონება.

ანისა და მუზეუმს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.

დასკვნა

ანის მუზეუმის მიმართ არ აქვს, სსკ-იხ 477-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა.

 

__________
36. შეად., მაგალითად, საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის მე-16 და შემდგომი მუხლები.
37. იხ. დეტალურად კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 203 და შემდგომნი.
38. იხ. იქვე, 205 და შემდგომი.
39. იქვე, 206.