15. ჩანაცვლებადი და მოხმარებადი ნივთები

ანი თავის მეზობელ ბენოს ორი კვერცხის თხოვებას მოკრძალებულად სთხოვს. ბენო ღიმილით უწოდებს მას ორ კვერცხს და განუმარტავს, რომ კვერცხის თხოვება იგივეა, რაც ბენზინის თხოვება. როგორც ბენზინი გაილევა მოხმარებისას, ისე, სავარაუდოდ, ანის კვერცხი დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად უნდა და მისთვის გაუგებარია, როგორ შეძლებს ანი მათ უკან დაბრუნებას.

რა მოთხოვნა წარმოეშვა ბენოს ანის მიმართ?

არსი
ქონების თვისებამ შესაძლებელია განაპირობოს სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი.
 
წესი
თხოვების ხელშეკრულება, სსკ-იხ 615-ე მუხლის შესაბამისად, გულისხმობს “დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის” ქონების გადაცემას. “დროებითობა” განაპირობებს გადაცემული ქონების უკან დაბრუნების ვალდებულებას(32). ამ თვალსაზრისით შესაძლებელია ნებისმიერი ქონების თხოვება, თუმცა თხოვების ხელშეკრულების მიზანი არსებითად მიუღწეველია მოხმარებადი ნივთის შემთხვევაში. თუ ქონების ჩვეულებრივი დანიშნულება მოხმარებით ან გალევით ვლინდება, იგი მოხმარების შემდეგ აღარ იარსებებს და უკან ვეღარ დაბრუნდება(33).  ასეთი ნივთის თხოვება ეკონომიკურ აზრს მოკლებულია.
ამის საპირისპიროდ, სწორედ მოხმარებად ნივთებზე იდება სესხის ხელშეკრულება. მისი შინაარსი გულისხმობს “იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის” სხვა ქონების, და არა თავდაპირველად მიღებულის, “უკან დაბრუნებას”. ეს თავისთავად ამ ნივთების სხვა თვისებასაც – “ჩანაცვლებადობას” გულისხმობს. ამდენად, “ჩანაცვლებადის” შინაარსით უნდა განიმარტოს სსკ-იხ 623-ე მუხლში მითითებული “გვაროვნული” ნივთი(34).
ჩანაცვლებადი ნივთის თავისებურება განპირობებულია მისი სხვა ნივთით ჩანაცვლების შესაძლებლობით, ანუ იმით, რომ არსებობს სხვა იდენტური ნივთი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ვალდებულების სრულფასოვნად შესასრულებლად. ჩანაცვლებადი ნივთი განისაზღვრება რაოდენობით, ზომით ან წონით(35).  

ანალიზი

ბენოს ანის მიმართ შესაძლებელია ჰქონდეს, სსკ-იხ 623-ე მუხლის თანახმად, “იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის” ორი კვერცხის “დაბრუნების” მოთხოვნა.

წინაპირობაა მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში გასაანალიზებელია ანის ნების გამოვლენა და დასადგენია, რამდენად ჰქონდა ანის სესხის ხელშეკრულების დადების ნება.

ანის ნების გამოვლენის სიტყვასიტყვითი ფორმულირების მიუხედავად (“ორი კვერცხის თხოვება”), გადამწყვეტია ურთიერთობის შინაარსი, რაც ამ ურთიერთობის ეკონომიკური მიზნის მხედველობაში მიღებით უშეცდომოდ შეიძლება განისაზღვროს: ანის სურს ორი კვერცხი; კვერცხის ბუნებრივი დანიშნულება მისი მოხმარებით ვლინდება; ანის სურს კვერცხის მოხმარება; მოხმარებული კვერცხი, სულ მცირე, იმავე სახით ვეღარ იარსებებს. შესაბამისად, ანი ვერ შეძლებს იმავე ნივთის უკან დაბრუნებას. ამას ის ობიექტურად არც შეიძლება აპირებდეს. მას შეუძლია მხოლოდ “იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის” სხვა კვერცხების ბენოსათვის გადაცემა. 

შესაბამისად, ანის ნება მიმართულია არა თხოვების, არამედ სესხის ხელშეკრულების დადებაზე.

ვინაიდან საქმის გარემოებებიდან ხელშეკრულების დადების მიმართ სხვა სახის ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ანისა და ბენოს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია.

დასკვნა

ბენოს, სსკ-იხ 623-ე მუხლის თანახმად, აქვს ანის მიმართ ორი კვერცხის გადაცემის მოთხოვნა.

__________
32. იხ. სსკ-ის 621-ე მუხლი.
33. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 184 და შემდგომნი; ასევე 199 და შემდგომნი.
34. შეად., მაგალითად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლი, რომელშიც სწორედ “ჩანაცვლებადი” (vertretbare) და არა “გვაროვნული” (der Gattung nach bestimmte) ნივთი განიხილება სესხის ხელშეკრულების დადების წინაპირობად.
35. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 184; 196 და შემდგომნი.