14. მოძრავი და უძრავი ნივთები

ანის სურს შეიძინოს ბენოს ფიცრული ქოხი, რომელიც უნდა დაშალოს და ხის მასალა ხელახალი მშენებლობისათვის გამოიყენოს. მხარეები უპრობლემოდ თანხმდებიან, ანი საფასურს დაუყოვნებლივ იხდის და დემონტაჟის განსახორციელებლად მეორე დღისთვის ხელოსნებსაც იბარებს. სახლში მისულს, იურიდიული ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტი ძმა ეუბნება, რომ მას ბენოს მიმართ მოთხოვნის მოსაპოვებლად ხელშეკრულება წერილობით უნდა დაედო.

რა მოთხოვნა შეიძლება ჰქონდეს ანის ბენოს მიმართ?

არსი
ქონების თვისებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ამ ქონებაზე დადებულ გარიგებას ნამდვილობის სპეციალური მოთხოვნები წაეყენოს.
 
წესი
უძრავ ქონებაზე (ნივთზე) დადებული გარიგება ნამდვილობისათვის მოითხოვს წერილობითი ფორმით დადებას, სსკ-ის 323-ე მუხლის თანახმად. ანალოგიური ვალდებულება გათვალისწინებულია სსკ-ის 183-ე მუხლის წინაპირობად, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას აწესრიგებს.
სსკ-ის 148-ე მუხლის შესაბამისად, “ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი და უძრავი.” ამასთან, სსკ-ის 149-ე მუხლით ზუსტდება, რომ “უძრავ ნივთებს მიეკუთვნება: მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე არსებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.”
შესაბამისად, უძრავი ნივთია “მიწის ნაკვეთი” – სივრცობრივად გამოყოფილი, საკადასტრო წესით აზომილი და საჯარო რეესტრში სპეციალური აღნიშვნით რეგისტრირებული მიწის ზედაპირი(28).  ყველა სხვა ნივთი არის მოძრავი ან უძრავი ნივთის (არსებითი შემადგენელი) ნაწილი.
ბუნებრივია, სსკ-ის 149-ე მუხლის დებულების მიხედვით, მიწაზე არსებული მცენარეებისა და შენობა-ნაგებობების განხილვა შეიძლება არა დამოუკიდებელ უძრავ ნივთებად, არამედ იმ მიწის ნაკვეთის (არსებით შემადგენელ) ნაწილებად(29),  რომელთანაც არიან დაკავშირებულნი(30). 
იმ შემთხვევაში, თუ ნების გამოვლენის საგანი არის უძრავი ნივთის ნაწილი ამ უძრავი ნივთისაგან დამოუკიდებლად, შესაბამისი ურთიერთობა წარმოიშობა მასზე, როგორც (მომავალში) მოძრავ ნივთზე(31).  წინააღმდეგ შემთხვევაში, ნების გამოვლენის საგანი იქნებოდა უშუალოდ უძრავი ნივთი.

ანალიზი

ანის ბენოს მიმართ შესაძლებელია ჰქონდეს ქონების (ფიცრული ქოხისა თუ ხის მასალის) და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილის თანახმად.

წინაპირობაა ანისა და ბენოს შორის დადებული ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში პრობლემური შეიძლება იყოს ქონების სახიდან გამომდინარე კანონით გათვალისწინებული ნამდვილობის წინაპირობა – ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება.

სსკ-ის 323-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი ფორმის დაცვა სავალდებულოა უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რამდენად განეკუთვნება დემონტირებული ფიცრული ქოხი უძრავ ქონებას.

დემონტაჟამდე იგი მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილია და არსებითად მის სამართლებრივ ბედს იზიარებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების გადაცემის საგანი უნდა ყოფილიყო მიწის ნაკვეთი. ეს კი საქმის გარემოებებიდან არ დასტურდება.

უფრო მეტიც, დადგენილია, რომ ანიმ ფიცრული ქოხი “უნდა დაშალოს და ხის მასალა ხელახალი მშენებლობისათვის გამოიყენოს”. ეს კი საპირისპირო დასკვნას განაპირობებს. ხელშეკრულების საგანი არის უძრავი ნივთის ნაწილი ამ უძრავი ნივთისაგან (მიწის ნაკვეთისგან) დამოუკიდებლად, როგორც მომავალში მოძრავი ნივთი. არსებითად, ეს ხელშეკრულება არაფრით არ განსხვავდება (მეორადი) სამშენებლო მასალის ნასყიდობისგან.

შესაბამისად, ხელშეკრულება არ დადებულა უძრავ ნივთზე და არ არსებობს უძრავი ნივთის ნასყიდობის მიმართ წაყენებული სავალდებულო ფორმის დაცვის აუცილებლობა. ანისა და ბენოს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია.  

დასკვნა

ანის აქვს ბენოს მიმართ ქონების (ფიცრული ქოხის/ხის მასალის) და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად.

 

__________
28. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 194 შემდგომი მითითებებით.
29. შეად. სსკ-ის 150-ე მუხლი.
30. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 193 და შემდგომნი. 
31. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 194.