13. “სიკვდილის უფლება”, ანუ “უფლება სრულფასოვან სიცოცხლეზე”

ანი ქიმიური საშუალებებით მკურნალობასა და მძიმე გვერდითი ეფექტების მქონე მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს. მისი ექიმი დარწმუნებულია, რომ ამით ანი თავისი სიცოცხლის რამდენიმე თვით გახანგრძლივების ბოლო შანსს კარგავს. ის მას დაბეჯითებით მოუწოდებს, შეასრულოს სამედიცინო დაწესებულებასთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ხელშეკრულება ერთ-ერთ პუნქტად მართლაც ითვალისწინებს პაციენტის ვალდებულებას – განუხრელად შეასრულოს მკურნალი ექიმის მითითებები.

აქვს ანის “სიკვდილის უფლება”?

არსი
“სიკვდილის უფლება” უნდა განიმარტოს როგორც “უფლება სრულფასოვან სიცოცხლეზე”, რამაც უფლებამოსილ პირს შესაძლებელია, ცალკეული მოქმედებების შესრულებისგან თავის შეკავების უფლება მიანიჭოს.
 
წესი
“სიკვდილის უფლება” ნიშნავს “უფლებას სრულფასოვან სიცოცხლეზე”, სამედიცინო ჩარევაზე უარის თქმის უფლების გაგებით. უპირატესი ინტერესის დაცვის თვალსაზრისით, სიცოცხლის რაიმე სხვა ფასეულობასთან შედარება მიუღებელია. შესაძლებელია, სამართლებრივად აღიარებულ იქნეს მხოლოდ სრულფასოვანი სიცოცხლის უპირატესობა არასრულფასოვან სიცოცხლესთან შედარებით. ეს დასაშვებია, თუ ადამიანს სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში აღარ ექნება დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში “სიცოცხლით ტკბობის” შესაძლებლობა, ანუ მისი ხელოვნურად “გახანგრძლივებული სიცოცხლე” თავად ინდივიდისთვის (მაგალითად, მკურნალობის გვერდითი ეფექტების გამო) ნაკლებად ღირებულია, უფრო მოკლე, მაგრამ სრულფასოვან, სიცოცხლესთან მიმართებით(27).
“უფლება სრულფასოვან სიცოცხლეზე” საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებული ადამიანის ღირსებისა და მე-16 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებიდან გამომდინარეობს. კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვა გამოიხატება კერძოსამართლებრივ ურთიერთობებშიც.

ანალიზი

ანის შესაძლებელია ჰქონდეს ზოგადი პიროვნული უფლებიდან ნაწარმოები “უფლება სრულფასოვან სიცოცხლეზე”, რაც მას სამედიცინო დაწესებულების მიმართ სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღებასა და თავისი ვალდებულების შესრულებისაგან თავის შეკავების უფლებას შეიძლება ანიჭებდეს.

წინაპირობაა ის, რომ ანის უნდა ჰქონდეს შესაბამისად მოქმედების დაცვის ღირსი ინტერესი, რაც არ უნდა ეწინაარმდეგებოდეს უპირატეს ღირებულებებს.

ამ შემთხვევაში ასეთ უპირატეს ღირებულებად შესაძლებელია სიცოცხლის გახანგრძლივების ინტერესის მიჩნევა. ანის არ აქვს უფლება, ავნოს საკუთარ თავს, ასევე არ შეიძლება ე.წ. სიკვდილის უფლების ლეგიტიმურ ინტერესად მიჩნევა.

მიუხედავად ამისა, “სიკვდილის უფლება” უნდა განიმარტოს როგორც “უფლება სრულფასოვან სიცოცხლეზე”, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-16-მე-17 მუხლებიდან გამომდინარე კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ზოგადი პიროვნული უფლების დაცვის გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში მისი შინაარსი სრულფასოვანი სიცოცხლის უპირატესობით ვლინდება, თუნდაც უფრო ხანგრძლივ არასრულფასოვან სიცოცხლესთან შედარებით.

დამატებით არგუმენტად შესაძლებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებული “სიცოცხლის უფლების” “სიცოცხლით ტკბობის უფლებად” განმარტების გამოყენებაც. სიცოცხლის უფლების შინაარსი უპირველესად სხვა პირის მიერ სიცოცხლის ხელყოფის დაუშვებლობით ვლინდება. ამავე დროს, დასაშვებია მისი განმარტება ზოგადი პიროვნული უფლების თვალსაზრისით, როგორც სიცოცხლით ტკბობის თუ სრულფასოვანი სიცოცხლის უფლების აღიარება.

რამდენად შეიძლება, ზოგადი პიროვნული უფლების დაცვის ინტერესმა ცალკეული ხელშეკრულების დებულებების შესრულებაზე მოახდინოს გავლენა, კონკრეტული შემთხვევის გარემოებების მიხედვით უნდა გადაწყდეს. თუმცა სრულფასოვან სიცოცხლეზე უფლების სპეციფიკა ნებისმიერ სხვა შედარების ლეგიტიმურობას გამორიცხავს. პირის სიცოცხლე შეიძლება მხოლოდ სიცოცხლესთან შედარდეს.

ამ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობის შინაარსი ანის სასარგებლოდ მომსახურების გაწევას უნდა ითვალისწინებს. თუ ანი ამ მომსახურებას “თავის სასარგებლოდ” არ მიიჩნევს, ბუნებრივია, ამით ხელშეკრულების დადების მიზანი მიუღწეველი ხდება. შესაბამისად, გადამწყვეტია ის, თუ რამდენად შეიძლება, ანისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს.

შესაბამისად, ანის სიცოცხლეზე ღირებული შეიძლება იყოს მხოლოდ ანისავე სრულფასოვანი სიცოცხლე.

დასკვნა

ანი უფლებამოსილია, სრულფასოვანი სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღებისა და თავისი ვალდებულების შესრულებისაგან.

__________
27. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 203 და შემდგომნი.