12. პატივი და საზოგადოებრივი სახე

ბენოს გენიალური აზრი მოსდის თავში - ის უცნობ მწერალ ანის “დათა თუთაშხიას” ავტორად საქვეყნოდ აცხადებს და წიგნის ახალი გამოცემის გარეკანს მისი სახელითა და ფოტოთი ამშვენებს. წიგნის ერთი ეგზემპლარი ანის ჩაუვარდა ხელში. “დათა თუთაშხია” მისი საყვარელი ნაწარმოებია. ის უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა, მხატვრული ღირებულებით მასთან რაიმე მიახლოებულიც კი რომ შეექმნა, მაგრამ მან ხომ ზუსტად იცის, რომ ავტორი არ არის. ანი ჭეშმარიტი ავტორის წინაშე ერთგვარ პასუხისმგებლობას გრძნობს და სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას აპირებს. ანის ადვოკატი განუმარტავს, რომ პატივის ხელყოფის წინაპირობა “შეურაცხმყოფელობაა”, ხოლო მისი აზრით, ანი ასეთი ნაწარმოების ავტორად მიჩნევით შეურაცხყოფილი ობიექტურად ვერ იქნება.

აქვს ანის რაიმე მოთხოვნა? 

არსი
შესაძლებელია, ადამიანის საზოგადოებრივი სახე მოექცეს პატივის დაცვის ანალოგიურ რეჟიმში.
 
წესი
პატივის დაცვა გულისხმობს ადამიანის უფლებას, უსამართლოდ არ იქნეს წარმოდგენილი საზოგადოებაში უარყოფით ჭრილში.
პატივის პიროვნული უფლების დაცვას ორი მიმართულება აქვს. იგი ხორციელდება:
– არაკეთილგანწყობილი, დამამცირებელი გამონათქვამისას, რაც შეიძლება, ზოგადად, შეურაცხყოფად შეფასდეს. ასეთი გამონათქვამი “უსამართლოა” უკვე იმიტომ, რომ ის ადამიანის (შესაბამისად, იურიდიული პირის ან პირთა გაერთიანების) მიმართ გამოიყენება;
– დამამცირებელი ფაქტის გავრცელებისას, რომელიც ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, ან რომლის ჭეშმარიტების დამტკიცებაც შეუძლებელია.
პირს მასზე საჯაროდ არასწორი წარმოდგენის შექმნის აღკვეთის მოთხოვნა აქვს მაშინაც, თუ ეს მისთვის არ არის შეურაცხმყოფელი. მაგალითად, იმ შემთხვევებში, თუ მას არასწორად მიაწერენ თუნდაც ობიექტურად პოზიტიურ გამონათქვამებს, შეხედულებებსა თუ მოქმედებებს.
საზოგადოებრვი სახის დაცვის შემთხვევაში, პატივთან მიმართებით მოქმედი “უსამართლობის” (თუ “სამართლიანობის”) კრიტერიუმისაგან განსხვავებით, მოქმედებს “სისწორის” კრიტერიუმი. კერძოდ, საკმარისია ის, რომ ასეთი გამონათქვამი არასწორია და აღარ არის მხედველობაში მისაღები არც მათი სამართლიანობა და არც უარყოფითობა(26).
არსებითად საზოგადოებრვი სახის დაცვის სამართლებრივი საფუძველი არის სსკ-ის მე-18 მუხლით რეგულირებული ღირსების დაცვა, რაც ზოგადი პიროვნული უფლების აღიარებად უნდა ჩაითვალოს. ეს საზოგადოებრვი სახის დაცვაზე სსკ-ის მე-18 მუხლის II-IV ნაწილების გავრცელებას განაპირობებს, მათ შორის პირის მოთხოვნას, უარყოფილ იქნეს ინფორმაცია იმავე გზით, რა გზითაც მოხდა მისი გავრცელება.
ალტერნატივის სახით მოთხოვნა საზოგადოებრივი სახის ხელმყოფი ფაქტებისა თუ მონაცემების უარყოფასა და შემდგომი გავრცელებისგან თავის შეკავებაზე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილის ანალოგიით გამოყენებით.

ანალიზი

ანის შესაძლებელია ჰქონდეს ბენოს მიმართ მოთხოვნა მისი საზოგადოებრივი სახის ხელმყოფი ინფორმაციის უარყოფასა და შემდგომი გავრცელებისგან თავის შეკავებაზე, სსკ-ის მე-18 მუხლის II-IV ნაწილების შესაბამისად (ალტერნატივა – სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილის ანალოგიით).

წინაპირობაა ანის საზოგადოებრივი სახის ხელყოფა. კერძოდ, ბენო უნდა ავრცელებდეს ანის შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. პატივის დაცვისაგან განსხვავებით, არ არის აუცილებელი, რომ ეს ინფორმაცია უსამართლოდ შეურაცხმყოფელი იყოს.

ბენო ავრცელებს ანიზე მცდარ ინფორმაციას. ის მას სხვის მიერ დაწერილი ნაწარმოების ავტორობას მიაწერს (“ავტორად საქვეყნოდ აცხადებს და წიგნის ახალი გამოცემის გარეკანს მისი სახელითა და ფოტოთი ამშვენებს”).

საქმის გარემოებებიდან ცალსახაა, რომ ბენო ხელყოფს ანის საზოგადოებრივ სახეს.

გარდა ამისა, შესაძლებელია, ანის მისი ფოტოს უნებართვო გამოყენების გამო გამოსახულების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნაც წარმოშობოდა. თუმცა ამ შემთხვევაში დაყენებული მოთხოვნა უფრო ფართოა. იგი თავის თავში მოიცავს ამ კონტექსტში ანის ფოტოს გამოყენებისგან თავის შეკავებასაც და შესაძლებელია, აღარ იდგეს მისი ცალკე მოთხოვნის სახით დაყენების აუცილებლობა.

დასკვნა

ანის აქვს ბენოს მიმართ მოთხოვნა მისი საზოგადოებრივი სახის ხელმყოფი ინფორმაციის უარყოფასა და შემდგომი გავრცელებისგან თავის შეკავებაზე, სსკ-ის მე-18 მუხლის II-IV ნაწილების შესაბამისად (ალტერნატივა – სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილის ანალოგიით).

 

__________
26. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 146 და შემდგომნი.