11. გამოსახულება

ანი სამოდელო კარიერას იწყებს. ცნობილი ფოტოგრაფი ბენო მას უნიკალურ წინადადებას სთავაზობს – ერთ-ერთი წამყვანი კოსმეტიკური კომპანიის სარეკლამო სახედ ქცევას. წარმატებული ფოტოსესიის შემდეგ ისინი ერთად არჩევენ ფოტოებს სარეკლამო მიზნით გამოსაყენებლად. ამასთან, ბენო ანის 1000 ლარს უხდის და ჰპირდება, საუკეთესო კოსმეტიკური ნაწარმის სარეკლამოდ მისი ფოტოების მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებას. რამდენიმე კვირაში ანის ფოტოები ათობით სარეკლამო სტენდზეა განთავსებული, თუმცა ანი გაოგნებულია - ის კოსმეტიკური ნაწარმის ნაცვლად, ბენოს მიერ დაარსებული კომპანიის სახელით ბავშვის საფენის რეკლამას აკეთებს. ბენო ანის მშვიდი სახით განუმარტავს, რომ ის უნდა ამაყობდეს “პამპერსის” ქართული კონკურენტის გაძლიერებით. ამასთან, ის მას შეახსენებს, რომ პოზირებისთვის ანაზღაურება აიღო, რითაც წინასწარ გამოხატა თანხმობა ფოტოების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე.

აქვს ანის რაიმე მოთხოვნა?

არსი
პოზირებისთვის საზღაურის მიღება შესაძლებელია არ ნიშნავდეს ადამიანის გამოსახულების მისი თანხმობის გარეშე გამოყენებაზე თანხმობას.
 
წესი
გამოსახულების უფლება არის პიროვნული უფლება, რომელიც საკუთარი გამოსახულების საჯაროდ ჩვენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ავტონომიას გულისხმობს. გამოსახული პირი თავად წყვეტს, თუ რა სახით მოხდეს მისი გამოსახულების ჩვენება.
სსკ-ის მე-18 მუხლის V ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, პირს ენიჭება მისი გამოსახულების უნებართვოდ გამოყენების შეწყვეტისა და შემდგომში ასეთ ქმედებაზე უარის თქმის მოთხოვნა.
ამასთან, ადამიანის გამოსახულების დაცვა ვრცელდება ნებისმიერი სახის: სახვითი ხელოვნების მეშვეობით, ფოტოგრაფიის, ვიდეოგადაღებისა თუ სხვა საშუალებით მიღებულ გამოსახულებაზე.
სსკ-ის მე-18 მუხლის V ნაწილის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულია გამონაკლისები. მათ შორის მითითებულია, რომ “თანხმობა არ არის საჭირო, როცა... პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.” თუმცა საზღაურის მიღება არ ნიშნავს მისი გამოსახულების ნებისმიერი სახით გამოყენებაზე თანხმობას. პირის თანხმობა ვრცელდება გამოსახულების კონკრეტულ, ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული ან მისგან უშუალოდ გამომდინარე სახით გამოყენებაზე.

ანალიზი

ანის ბენოს მიმართ შესაძლებელია ჰქონდეს მისი გამოსახულების უნებართვოდ გამოყენების შეწყვეტისა და შემდგომში ასეთ ქმედებაზე უარის თქმის მოთხოვნა, სსკ-ის მე-18 მუხლის V ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად.

წინაპირობაა ის, რომ ანის გამოსახულების გამოყენება უნდა მომხდარიყო მისი თანხმობის გარეშე.

ეს საქმის გარემოებებით შესაძლებელია დადასტურებულად ჩაითვალოს. თუმცა განსახილველია, ხომ არ შეიძლება, ანის მიერ “პოზირებისთვის” საზღაურის მიღება ჩაითვალოს მისი გამოსახულების ნებისმიერი სახით, მათ შორის, ბავშვის საფენის სარეკლამოდ გამოყენებაზე თანხმობად. ამ შემთხვევაში ბენოს მოქმედება მოექცეოდა სსკ-ის მე-18 მუხლის V ნაწილის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ გამონაკლისში.

ამ მოსაზრების გასამყარებლად გამოდგება ასევე არგუმენტი, რომ ანიმ თანხმობა განაცხადა მისი ფოტოების გამოყენების მიზანზეც – ყოფილიყო სარეკლამო სახე.

გასაანალიზებელია ის, რომ ანი მზად იყო, “ერთ-ერთი წამყვანი კოსმეტიკური კომპანიის” სარეკლამო სახე გამხდარიყო. თუმცა შესაძლებელია, იგი არ ყოფილიყო თანახმა, გამოეყენებინათ მისი გამოსახულება ბავშვის საფენის რეკლამაში.

სსკ-ის მე-18 მუხლის V ნაწილის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული გამონაკლისი – პოზირებისთვის საზღაურის მიღება, შესაძლებელია განიმარტოს როგორც თანხმობის გაცხადება გამოსახულების ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული ან მისგან უშუალოდ გამომდინარე სახით გამოყენებაზე.

ამდენად, გადამწყვეტია ის, თუ რამდენად არსებითად უნდა ჩაითვალოს განსხვავება ფოტოების გამოყენების შეთანხმებულ და რეალურად განხორციელებულ სახეში.

იმის მიუხედავად, რომ “ფოტოების მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებას” ანის კარიერისთვის სასურველი ბიძგიც კი შეეძლო მიეცა, ბავშვის საფენის რეკლამისთვის მისი გამოსახულების გამოყენება უნებართვოდ განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს.

შესაბამისად, ბენომ ანის გამოსახულების უნებართვოდ ბავშვის საფენის რეკლამისთვის გამოყენებით ხელყო მისი გამოსახულების უფლება. ის, რომ ანიმ პოზირებისთვის საზღაური მიიღო, არ არის საკმარისი საფუძველი მისი გამოსახულების შეთანხმებულისგან განსხვავებული სახით გამოყენებაზე.

დასკვნა

ანის აქვს მისი გამოსახულების უნებართვოდ გამოყენების შეწყვეტისა და შემდგომში ასეთ ქმედებაზე უარის თქმის მოთხოვნა, სსკ-ის მე-18 მუხლის V ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად.