10. სახელი

ანი აღშფოთებას ვერ მალავს - მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის – შპს “დილა მშვიდობისას” იდენტური სახელწოდებით ბენო საკუთარ აბაზანაში ჩამოსხმულ ლიმონათს ყიდის. ლიმონათის ეტიკეტზე კარგად იკითხება წარწერა - შპს “დილა მშვიდობისა”. იურიდიულ პირთა რეესტრში გადამოწმებით ანი ადგენს, რომ ამ სახელწოდების სხვა იურიდიული პირი რეგისტრირებული არ არის. ანის პრეტენზიების მშვიდად მოსმენის შემდეგ ბენო აცხადებს, რომ მას ვერც კი წარმოუდგენია, ანის სახელწოდება “დილა მშვიდობისას” გამოყენების ექსკლუზიურობაზე რაიმე უფლება თუ შეიძლება ჰქონდეს.

აქვს შპს “დილა მშვიდობისას” რაიმე მოთხოვნა?

არსი
ადამიანის სახელის დაცვის ანალოგიურად შესაძლებელია განხორციელდეს იურიდიული პირის სახელწოდების სამართლებრივი დაცვაც, ვინაიდან პიროვნული უფლება, რომელიც თვისებრივად არ უკავშირდება მხოლოდ ადამიანს, შესაძლებელია ჰქონდეს იურიდიულ პირსაც.
 
წესი
“პიროვნული უფლებები” აბსოლუტური უფლებებია, რომლებიც ადამიანის პიროვნების თავისუფალ განვითარებას უზრუნველყოფენ და პიროვნულ სფეროში არაკანონიერი ჩარევის აღკვეთას ისახავენ მიზნად(24). პიროვნების ინდივიდუალურობის დაცვის გამოვლინებაა, მაგალითად, ადამიანის სახელის უფლების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული უფლებები.
კერძოდ, სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულია მოთხოვნა, “სახელის ტარების უფლების შეცილებისა” და “სახელით უნებართვო სარგებლობის” შემთხვევებში, ხელმყოფის მიმართ ამ მოქმედების შეწყვეტასა და შემდგომში ასეთ ქმედებაზე უარის თქმაზე.
შესაბამისად, ამ ნორმის მოქმედება ვრცელდება ორი სახის ხელყოფაზე: როდესაც პირის მიერ თავისი სახელის გამოყენების უფლება სადავო ხდება სხვა პირის მიერ და როდესაც სხვა პირი “უნებართვოდ” იყენებს იმავე სახელს სამართლებრივ ურთიერთობებში. ამასთან, პიროვნული უფლებების დაცვის არსიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, სარგებლობა მოგების ან რაიმე სხვა სარგებლის მიღების მიზნით ხორციელდებოდეს(25). 
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, “მათი შინაარსის გათვალისწინებით” ვრცელდება იურიდიულ პირებზეც. ანალოგიური მიდგომა მოქმედებს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებშიც. ყველა ის უფლება, რომელნიც თვისებრივად არ უკავშირდება მხოლოდ ადამიანს, შესაძლებელია ჰქონდეს იურიდიულ პირსაც. ამდენად, პიროვნული უფლებებიც, “მათი შინაარსის გათვალისწინებით”, ვრცელდება იურიდიულ პირებზე.
შესაბამისად, გადამწყვეტია ის, რომ ასეთი გავრცელება კონკრეტული უფლების არსს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ეს კი დასაშვებია, თუ კონკრეტული უფლების არსებობის წინაპირობა არ არის უშუალოდ ადამიანის ისეთი თვისებები, რომელნიც ვერ ექნება იურიდიულ პირს.
სახელი ადამიანის ინდივიდუალურობის გამომხატველია. იგი მის პერსონიფიცირებასა თუ იდენტიფიცირებას ემსახურება. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს დაცული იურიდიული პირის საკუთარ სახელწოდებასთან იდენტიფიცირების ინტერესი.
სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სახელის უფლების დაცვა ვრცელდება ნებისმიერი სახის იურიდიულ პირსა და არარეგისტრირებულ პირთა გაერთიანებებზეც, რომლებიც კონკრეტული სახელწოდებით იდენტიფიცირდებიან.
ამასთან, სსკ-ის 27-ე მუხლის IV ნაწილით უშუალოდ არის გათვალისწინებული, რომ “პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.”

ანალიზი

შპს “დილა მშვიდობისას” შესაძლებელია ჰქონდეს ბენოს მიმართ მისი “სახელით უნებართვო სარგებლობის” შეწყვეტისა და შემდგომში ასეთ ქმედებაზე უარის თქმის მოთხოვნა, სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილიდან და 27-ე მუხლის IV ნაწილიდან გამომდინარე.

წინაპირობაა ის, რომ შპს “დილა მშვიდობისას” სახელწოდებას ბენო უნებართვოდ უნდა იყენებდეს და ამით შპს-ის “ინტერესებს ლახავდეს”.

ის, რომ ბენო უნებართვოდ იყენებს შპს-ის სახელწოდებას, წარმოდგენილი შემთხვევის გარემოებებით დადგენილია. არც ამ ქმედებით შპს-ის ინტერესების ხელყოფის დადასტურება ქმნის განსაკუთრებულ პრობლემას. ძნელი წარმოსადგენია არგუმენტი, რომელიც აბაზანაში ჩამოსხმული ლიმონათით ვაჭრობას შპს-ის ინტერესებში მოქმედებად წარმოაჩენდა.

ამ შემთხვევაში დამატებით უნდა გაანალიზდეს, თუ რამდენად შეიძლება უშუალოდ შპს “დილა მშვიდობისა” ჩაითვალოს მოთხოვნის მფლობელად. ხომ არ შეიძლება არსებობდეს არგუმენტი, რომელიც შპს-ის მისი სახელწოდებით უნებართვო სარგებლობის წინააღმდეგ მოთხოვნას იურიდიული პირის სტატუსთან შეუთავსებლად განიხილავდა. ასეთი პოზიცია შეიძლება გამყარებული ყოფილიყო, თუ სახელის უფლება ადამიანის ისეთ პიროვნულ უფლებად განიხილებოდა, რომლის იურიდიულ პირზე გავრცელებაც ამ უფლების არსს უგულებელყოფდა.  

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების იურიდიულ პირზე გავცელება ხორციელდება “მათი შინაარსის გათვალისწინებით”.

სახელის უფლება ადამიანის პერსონიფიცირებას ემსახურება. შესაბამისად, როგორც ადამიანს აქვს უფლება, იდენტიფიცირდებოდეს საკუთარი სახელით, ისე იურიდიულ პირსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანალოგიური ინტერესი ინდივიდუალური სახელწოდების ქონისა. სწორედ ასეთი სახელწოდებით მონაწილეობს იგი სამართლებრივ ურთიერთობებში. მის სახელწოდებასთან ასოცირდება შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციაც.

შესაბამისად, შპს “დილა მშვიდობისას” სახელწოდება სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილით დაცულია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პირის სახელი. ამასთან, სსკ-ის 27-ე მუხლის IV ნაწილით გათვალისწინებულია უშუალოდ იურიდიული პირის მოთხოვნაც მისი სახელწოდების “მართლსაწინააღმდეგო” სარგებლობის შეწყვეტაზე.

დასკვნა

შპს “დილა მშვიდობისას” ბენოს მიმართ აქვს მისი “სახელით უნებართვო სარგებლობის” შეწყვეტისა და შემდგომში ასეთ ქმედებაზე უარის თქმის მოთხოვნა, სსკ-ის მე-18 მუხლის I ნაწილიდან და 27-ე მუხლის IV ნაწილიდან გამომდინარე.

 

__________
24. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 131 და შემდგომნი.
25. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 142.