1. უფლებაუნარიანობის წარმოშობა

ანი სამყაროს ახალი წლის დამდეგს, ზუსტად 23 საათსა და 59 წუთზე მოევლინა. რამდენიმე წამში მისმა იურისტმა ბიძამ ნაცნობ-მეგობრებს ახალი წლის მილოცვასთან ერთად სამართლებრივი ურთიერთობის ახალი სუბიექტის მოვლენა აცნობა. ხოლო ახალი წლის პირველსავე სამუშაო დღეს ანის სახელზე ბანკში სპეციალური ანაბრის გახსნა გადაწყვიტა. ბანკის თანამშრომლის გაოცებას - როგორ შეიძლება რამდენიმე დღის ბავშვს საკუთარი ანაბარი და, მით უმეტეს, მასზე ამხელა თანხა ჰქონდეს, - ის მშვიდი სახით პასუხობს, რომ “ეს თითოეული ადამიანის ბუნებით დაყოლილი უფლებაა და მას ვერავინ შეუზღუდავს.” 

აქვს ანის რაიმე უფლება?

არსი

ინდივიდის დაბადება შეიძლება განაპირობებდეს ცალკეული უფლების წარმოშობას.

წესი

უფლებაუნარიანია ყველა ადამიანი. ადამიანის ფიზიკურ პირად (სამართლის სუბიექტად) და, შესაბამისად, უფლებაუნარიანად აღიარება უკავშირდება ერთადერთ გარემოებას – მის სიცოცხლეს.

სსკ-ის მე-11 მუხლის I ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა “წარმოიშობა დაბადების მომენტიდან”. „დაბადებაში“ იგულისხმება ცოცხალი ბავშვის სრული გამოყოფა დედის სხეულიდან. უფლებაუნარიანობა წყდება ადამიანის გარდაცვალებით, ანუ, სსკ-ის მე-11 მუხლის IV ნაწილის თანახმად, “თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტით.”(12)  

ანალიზი

შესაძლებელია, ანის დაბადებით უფლებაუნარიანობა და, შესაბამისად, ბანკში ანაბრის ქონის უფლება მოეპოვებინა.

წინაპირობაა ანის დაბადება.

კაზუსის გარემოებებით დადგენილია, რომ “ანი სამყაროს ახალი წლის დამდეგს, ზუსტად 23 საათსა და 59 წუთზე მოევლინა.” შესაბამისად, ანი დაბადებულია. ამ გარემოებაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, ბიძის მოქმედება, გახსნას ანის სახელზე საბანკო ანაბარი, ანის სამართლებრივ სარგებელს ანიჭებს. ანი იღებს უფლებას ისე, რომ არ იტვირთება მოვალეობით. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიზღუდოს იგი შესაბამის უფლებაში.

დასკვნა

ანი უფლებაუნარიანია, ანუ მას აქვს “უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები”, მათ შორის, ბანკში ანაბარი.

 

_________
12. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 96 და შემდგომნი.