1. აზრის სტრუქტურირება და ჩამოყალიბების სტილის შერჩევა

განხილულ საკითხთა წრესა და თანმიმდევრობას ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს.

დაუშვებელია ყურადღების გამახვილება სამართლებრივად არაარსებით ან განსახილველი პრობლემისთვის უმნიშვნელო გარემოებებზე და მათი სამართლებრივი შეფასების მცდელობა.

ხოლო ის, რაც არსებითია, შეიძლება, შემთხვევის გარემოებებიდან უტყუარად გამომდინარეობდეს (დადგენილი იყოს) ან დამატებით შეფასებას, სამართლებრივ ანალიზს საჭიროებდეს; იმას, რაც დადგენილია, შემოწმება აღარ ესაჭიროება და “მტკიცებითი” ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს; ამის საპირისპიროდ, ის, რაც შესაფასებელია, უნდა შემოწმდეს “ალბათობის” ფორმით.

ამასთან, მოსარიდებელია სტილის აღრევა: თანაბრად მიუღებელია როგორც საქმის გარემოებებში მოცემული ფაქტების ალბათობის ფორმით, ისე შესამოწმებელი გარემოებების შეუმოწმებლად მტკიცებითი ფორმით ჩამოყალიბება.

ცალკეული პრობლემის ანალიზიც მსჯელობის ლოგიკურ ჯაჭვს მოითხოვს:

- მსჯელობა საკითხის დასმით იწყება, რაც შესამოწმებელი პრობლემის იდენტიფიცირებასა და “ალბათობის” ფორმით ჩამოყალიბებას გულისხმობს;

- მომდევნო ეტაპზე ხორციელდება დასმული საკითხის გადაწყვე-ტისათვის ყველა არსებითი წინაპირობის წარმოჩენა;

- შემდგომ ცალკეული წინაპირობა მოწმდება კონკრეტული საქმის გარემოებებთან ურთიერთკავშირში;

- დაბოლოს, მიღებული შედეგი მტკიცებითი ფორმით ფიქსირდება.

ამასთან, კონკრეტული საკითხის ანალიზისას მიღებული შედეგი შუალედური დასკვნის სახით ყალიბდება. ეს სასურველია იმ შემთხვევებში, თუ კაზუსის განხილვისათვის ერთზე მეტი საკითხის დასმა და განხილვაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული შედეგი, ზოგადად, კაზუსის განხილვის შემაჯამებლად უნდა ჩაითვალოს და უშუალოდ დასკვნაში ჩამოყალიბდეს.