წარმომადგენლობითი საბჭო

1. წარმომადგენლობით საბჭოში შედის დაწესებულების აკადემიური პერსონალი, რომელიც არ შედის (არ იქნა არჩეული) აკადემიურ საბჭოში, და სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან არჩეული წარმომადგენლები. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძველია.

2. თუ აკადემიური პერსონალის რაოდენობა გადააჭარბებს 100-ს, ინიშნება აკადემიური პერსონალიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნები, დაწესებულების სკოლების აკადემიური პერსონალის რაოდენობის პროპორციულად იმ პირობით, რომ წევრთა საერთო რაოდენობა არ აღემატება 40-ს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არჩევნებს ნიშნავს და არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს განსაზღვრავს წარმომადგენლობითი საბჭო. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევა ხდება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

4. აკადემიური პერსონალიდან არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წელია. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დატოვება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, აკადემიური საბჭოს წევრი იმავდროულად ვერ იქნება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

5. სტუდენტების რაოდენობა წარმომადგენლობით საბჭოში არ უნდა აღემატებოდეს აკადემიური პერსონალის ერთ მესამედს. არჩევნები ტარდება სტუდენტური თვითთმმართველობის დებულებით განსაზღვრული წესით. ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს წინა არჩევნების ჩატარებიდან 6 თვის შემდეგ.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევენ თავმჯდომარეს (კანცლერს), რომელიც შესაძლებელია არ იყოს დაწესებულების აკადემიური თანამდებობის პირი. კანცლერის არჩევნებს აცხადებს წარმომადგენლობითი საბჭო, განსაზღვრავს საკონკურსო პირობებს, კანდიდატების რეგისტრაციის ვადასა და არჩევნების ჩატარების თარიღს. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. კანცლერი ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობას, იწვევს და ხელმძღვანელობს მის სხდომებს, ხელს აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს.

7. წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს;

ბ) შეიმუშავებს დაწესებულების სტრუქტურის, სტრუქტურული ერთეულების დებულებების,  დაწესებულების ბიუჯეტის შედგენის წესისა და დაწესებულების ბიუჯეტის პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

გ) შეიმუშავებს დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალის სამსახურში მიღების წესის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

დ) ირჩევს კანცლერს და ამტკიცებს კანცლერის წლიურ ანგარიშს;

ე) უფლებამოსილია, კანცლერს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება, თუ დადასტურდება მისი ბოროტად გამოყენება;

ვ) შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს სკოლების საბჭოების მიერ წარდგენილი სკოლის ბიუჯეტისა და დაწესებულების სტრატეგიული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ზ) ახორციელებს დაწესებულების საფინანსო-ეკონომიკურ და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ინიციატივით ან წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

9. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მის საქმიანობაში მონაწილეობს წევრების ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული საშუალებების (მათ შორის ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ან სხდომამდე შედგენილ წერილობით დოკუმენტზე ხელმოწერით. კვორუმის არარსებობის ან გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ინიშნება ახალი სხდომა, რომელიც უფლებამოსილია დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად და რომელზეც გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ბიუჯეტის პროექტის აკადემიური საბჭოსთვის წარდგენის გადაწყვეტილებები საჭიროებს ხმათა 2/3-ს.