პირველი კარი - კაზუსის განხილვის მეთოდის მიმოხილვა

"კაზუსის განხილვის მეთოდი" ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გამომუშავებაზეა ორიენტირებული. იგი მიზნად ისახავს სამართლებრივი პრობლემის იდენტიფიცირების, არსებითი და არაარსებითი გარემოებების გამიჯვნის, დასმული პრობლემის თანმიმდევრული ანალიზისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას. არსებითად იგი ემსახურება იურისტის პროფესიისათვის დამახასიათებელ გარემოებებში მოქმედების სწავლებას.

კაზუსის განხილვის წარმოდგენილი მეთოდი "ამერიკული"(1)  და "გერმანული"(2)  მიდგომების სინთეზის საფუძველზეა ჩამოყალიბებული. 

ამასთან, ამერიკული მიდგომისათვის დამახასიათებელი ელემენტები – არსი ("საკითხი"), წესი, ანალიზი ("შეფარდება") და დასკვნა – გამოყენებულია განხილვის ზოგადი სტრუქტურის ფორმირებისას. მათი ცალ-ცალკე ჩამოყალიბება ხელს უწყობს პრობლემის მრავალმხრივად დანახვასა და სტრუქტურირებულად განხილვას: 

"არსი" პრობლემის იდენტიფიცირებას, მისი არსის ჩამოყალიბებას გულისხმობს და მიზნად ისახავს განსახილველი სამართლებრივი საკითხისა და მისი განხილვისთვის არსებითი გარემოებების გამოკვეთას;

"წესი" გამოსაყენებელ წესსა თუ პრინციპს უთითებს და განმარტავს შესაბამისი ანალიზისა და გადაწყვეტილების მისაღებად არსებით წყაროებს. ამასთან, "წესში", ე.წ. ნორმატიული საფუძვლების გარდა, განიხილება, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილებებში ასახული ან შედარებითსამართლებრივი ანალიზის შედეგად მიღებული განმარტებები; 

"ანალიზი" არსებული გარემოებების განხილვაა გამოსაყენებელ წესსა თუ პრინციპთან ურთიერთკავშირში, ანუ მოწმდება ცალკეული წესის მოქმედების წინაპირობების არსებობა; 

"დასკვნაში" ყალიბდება ანალიზის შედეგი.

გერმანული მიდგომით განხორციელებული "ანალიზი" იწყება მოთხოვნის მფლობელის, მოთხოვნის ადრესატის, უშუალოდ მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლის ჰიპოთეზურ ფორმულაში – "ვინ? ვისგან? რას? საიდან?" – მოქცევით. ამ ფორმულაში ორი ქვესაკითხია გაერთიანებული: "ვინ? ვისგან?" – მოთხოვნის მფლობელისა და მოთხოვნის ადრესატის იდენტიფიცირება და "რას? საიდან?" – მოთხოვნის მიმართება მის საფუძველთან. 

შემდგომ ხდება მოთხოვნის საფუძვლიდან გამომდინარე წინაპირობების გამოკვეთა და მათი თანმიმდევრული შემოწმება კონკრეტული საქმის გარემოებებთან ურთიერთკავშირში. ამასთან, ანალიზის სიღრმე და დამაჯერებლობა მიიღწევა დამხმარე ნორმების, სასამართლო პრაქტიკისა თუ სხვა არსებითი წყაროების გამოყენებით. 

დაბოლოს, წინაპირობების არსებობიდან თუ არარსებობიდან გამომდინარე, ჯამდება მიღებული შედეგი, შესაბამისი მოთხოვნის საფუძვლის გამოყენების შესაძლებლობის თვალსაზრისით. 

__________

1. კაზუსის განხილვის ამერიკულ მეთოდთან დაკავშირებით იხ., მაგალითად, Nedzel, Nadia E., Legal Reasoning, Research, and Writing for International Graduate Students, New York (ASPEN), 2004, 67 et seq.

2. კაზუსის განხილვის გერმანულ მეთოდთან დაკავშირებით იხ., მაგალითად,  ჰენშელი, სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა, თბილისი (“სიესტა”), 2009.