მეორე კარი – სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის კაზუსები

IV. უფლებაუნარიანობა

1. უფლებაუნარიანობის წარმოშობა

ანი სამყაროს ახალი წლის დამდეგს, ზუსტად 23 საათსა და 59 წუთზე მოევლინა. რამდენიმე წამში მისმა იურისტმა ბიძამ ნაცნობ-მეგობრებს ახალი წლის მილოცვასთან ერთად სამართლებრივი ურთიერთობის ახალი სუბიექტის მოვლენა აცნობა. ხოლო ახალი წლის პირველსავე სამუშაო დღეს ანის სახელზე ბანკში სპეციალური ანაბრის გახსნა გადაწყვიტა. ბანკის თანამშრომლის გაოცებას - როგორ შეიძლება რამდენიმე დღის ბავშვს საკუთარი ანაბარი და, მით უმეტეს, მასზე ამხელა თანხა ჰქონდეს, - ის მშვიდი სახით პასუხობს, რომ “ეს თითოეული ადამიანის ბუნებით დაყოლილი უფლებაა და მას ვერავინ შეუზღუდავს.” 

აქვს ანის რაიმე უფლება?

არსი

ინდივიდის დაბადება შეიძლება განაპირობებდეს ცალკეული უფლების წარმოშობას.

წესი

უფლებაუნარიანია ყველა ადამიანი. ადამიანის ფიზიკურ პირად (სამართლის სუბიექტად) და, შესაბამისად, უფლებაუნარიანად აღიარება უკავშირდება ერთადერთ გარემოებას – მის სიცოცხლეს.

სსკ-ის მე-11 მუხლის I ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა “წარმოიშობა დაბადების მომენტიდან”. „დაბადებაში“ იგულისხმება ცოცხალი ბავშვის სრული გამოყოფა დედის სხეულიდან. უფლებაუნარიანობა წყდება ადამიანის გარდაცვალებით, ანუ, სსკ-ის მე-11 მუხლის IV ნაწილის თანახმად, “თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტით.”(12)  

ანალიზი

შესაძლებელია, ანის დაბადებით უფლებაუნარიანობა და, შესაბამისად, ბანკში ანაბრის ქონის უფლება მოეპოვებინა.

წინაპირობაა ანის დაბადება.

კაზუსის გარემოებებით დადგენილია, რომ “ანი სამყაროს ახალი წლის დამდეგს, ზუსტად 23 საათსა და 59 წუთზე მოევლინა.” შესაბამისად, ანი დაბადებულია. ამ გარემოებაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, ბიძის მოქმედება, გახსნას ანის სახელზე საბანკო ანაბარი, ანის სამართლებრივ სარგებელს ანიჭებს. ანი იღებს უფლებას ისე, რომ არ იტვირთება მოვალეობით. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიზღუდოს იგი შესაბამის უფლებაში.

დასკვნა

ანი უფლებაუნარიანია, ანუ მას აქვს “უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები”, მათ შორის, ბანკში ანაბარი.

2. ჩანასახის პირობითი უფლებაუნარიანობა

ანის მამა დაბადებამდე სამი თვით ადრე გარდაეცვალა. მემკვიდრეობა ორი სახლის, ავტომობილისა და სხვა მრავალი სასარგებლო თუ უსარგებლო ნივთისგან შედგება. ანის 18 წლის ძმა, ბენო, მიიჩნევს, რომ ის მამამისის ერთადერთი მემკვიდრეა.

აქვს ანის რაიმე მოთხოვნა?

არსი
შესაძლებელია, პირს უფლებები, პირობითად, დაბადებამდე წარმოეშვას.
 
წესი
ჩანასახს აქვს პირობითი უფლებაუნარიანობა. მაგალითად, სსკ-ის მე-11 მუხლის II ნაწილით გათვალისწინებულია ჩასახვისთანავე “მემკვიდრედ ყოფნის” უფლების წარმოშობა, რომლის “განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე”.
ამასთან, ჩანასახის უფლებაუნარიანობის შეზღუდვა (მხოლოდ მემკვიდრეობაუნარიანობასთან დაკავშირება(13)), შედარებითსამართლებრივი კვლევის შედეგების გათვალისწინებით, უარსაყოფია. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ჯერ კიდევ რომის სამართალში მოქმედ პრინციპს, რომ ჩანასახი უკვე დაბადებულად განიხილება, თუ ეს მისთვის სარგებლის მომტანია(14).

ანალიზი

ანის მემკვიდრედ ყოფნის უფლება შეიძლება წარმოშობოდა სსკ-ის მე-11 მუხლის II ნაწილიდან გამომდინარე.

წინაპირობაა ის, რომ იგი მამის გარდაცვალების მომენტში უნდა ყოფილიყო ჩასახული. ამ შემთხვევაში ის პირობითად უფლებიანად განიხილებოდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ეს უფლება მისთვის სარგებლის მომტანად ჩათვლილიყო.

ამ შემთხვევაში საქმის გარემოებებიდან უტყუარად დგინდება, რომ ანი მამის გარდაცვალების მომენტში ჩასახული იყო (“მამა დაბადებამდე სამი თვით ადრე გარდაეცვალა”). ამასთან, ანი უფლებაუნარიანად აღიარების შემთხვევაში მხოლოდ სამართლებრივ სარგებელს მიიღებს.

დასკვნა

ანის წარმოეშვა მემკვიდრედ ყოფნის უფლება.

 

3. დაბადებამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა

ანის დედა მშობიარობამდე მცირე ხნით ადრე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა. მას ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ნასვამი ბენო ავტომანქანით დაეჯახა. იგი მძიმედ არ დაშავებულა. თუმცა მოგვიანებით, ანის გამოკვლევისას, დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და პერიოდულ მკურნალობას საჭიროებს.

აქვს ანის რაიმე მოთხოვნა?

არსი
ჩანასახის პირობითმა უფლებაუნარიანობამ შესაძლებელია, განაპირობოს დაბადებამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობა.
 
წესი
უფლებაუნარიანობა ადამიანის ღირსებიდან გამომდინარეობს და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზების წინაპირობაა. შეუძლებელია, ადამიანი თავისუფლად განვითარდეს, მისი ინტერესების განხორციელებისთვის აუცილებელი უფლებების მოპოვების გარეშე.
სსკ-ის 992-ე მუხლით “პირს” ენიჭება მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ამასთან, “პირი” ჩანასახის სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელ ნორმებთან ურთიერთკავშირში უნდა განიმარტოს. კერძოდ, მან უნდა მოიცვას პირობითი უფლებაუნარიანობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც.
მხედველობაშია მისაღები, რომ, ადამიანის ღირსებისა თუ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებიდან გამომდინარე, მიუღებელი იქნებოდა “პირის” ვიწროდ, ზიანის დადგომის მომენტამდე დაბადებულად, განმარტება. ამით პირი დაკარგავდა მოთხოვნას, რომელიც მას ჩანასახად ყოფნის პერიოდში მიყენებული ზიანის გამო უნდა წარმოშობოდა(15). 
შესაბამისად, მიუღებელი იქნებოდა სსკ-ის 992-ე მუხლის ადამიანის ლეგიტიმური უფლებების წარმოშობის სამართლებრივი აღიარების საწინააღმდეგო განმარტება.

შედარებისათვის, მაგალითად, გერმანულ სამართალში შესაბამისი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაშვებად მიიჩნევა ჯერ კიდევ ჩასახვამდე დედის დაინფიცირებითა და შემდგომ ავადმყოფობის ბავშვზე გადასვლის შემთხვევაშიც(16).

ანალიზი

ანის ბენოს მიმართ შესაძლებელია ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე.

მოთხოვნის არსებობის წინაპირობებია: ქმედების მართლსაწინააღმდე-გოობა, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი, მიზეზობრიობა ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

საქმის გარემოებებიდან არცერთი ამ წინაპირობის არსებობა არ არის სადავო და დამატებით განხილვას არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში პრობლემური შეიძლება იყოს ის, რომ ანი ზიანის მიყენების მომენტში ჯერ არ იყო დაბადებული. შესაბამისად, იგი არ იყო უფლებაუნარიანი, რასაც შეიძლება მისი უფლებისა თუ მოთხოვნის წარმოშობა შეეფერხებინა.

თუმცა ადამიანის ღირსებიდან თუ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებიდან გამომდინარეობს ჩანასახის პირობითი უფლებაუნარიანობა, რომელიც ჩანასახის სამართლებრივი სარგებლის მინიჭებითა თუ მისი ინტერესების უპირობო დაცვით არის ნაკარნახევი. ამდენად, მიზანშეწონილია სსკ-ის 992-ე მუხლის შინაარსშიც “პირი” ჩანასახის უფლებების დაცვიხ ადეკვატურად განიმარტოს. შესაბამისი მოთხოვნა უნდა გავრცელდეს პირობითი უფლებაუნარიანობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზეც.

ჩანასახს აქვს პირობითი უფლებაუნარიანობა. პირობითობა მის დაბადებასთან არის დაკავშირებული. დაბადებით პირი მოიპოვებს იმ უფლებებსა თუ მოთხოვნებს, რომლებიც მას ჩანასახად ყოფნის პერიოდში პირობითად წარმოეშვა. ანალოგიურად, დასაშვები უნდა იყოს, პირს დაბადებამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოეშვას.

დასკვნა

ანის აქვს ბენოს მიმართ ზიანის ანაზღაურების (მკურნალობის ხარჯების გადახდის) მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე.

 

4. იურიდიული პირი, როგორც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე

ანის რამდენიმე საინტერესო ბიზნესპროექტის იდეა აქვს, თუმცა მათი განხორციელება საკუთარი სახელით არ უნდა. მას, განსაკუთრებით, პროექტებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების გამო, საკუთარი ქონების რისკის ქვეშ დაყენების პერსპექტივა არ მოსწონს. შესაბამისად, ის არეგისტრირებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) “სტაბილურ პარტნიორს” და მისი სახელით დებს ბენოსთან რამდენიმე მომგებიან ხელშეკრულებას.

ბენოს აინტერესებს, თუ ვის მიმართ წარმოეშვა მას მოთხოვნები?

არსი
სამართლებრივი ურთიერთობის შედეგების ადრესატი შეიძლება იყოს უშუალოდ იურიდიული პირი.
 
წესი
ვინაიდან „პირი“ არა სამართლებრივ-ეთიკური, არამედ სამართლებრივ-ტექნიკური ცნებაა, სამართლებრივად აღიარებულია იურიდიული პირის შესაძლებლობაც, გახდეს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის შედეგების ადრესატი. ამდენად, იურიდიული პირი შეიძლება უშუალოდ აღიჭურვოს ცალკეული ურთიერთობისათვის დამახასიათებელი უფლებებით და/ან იტვირთოს შესაბამისი მოვალეობები(17).  
კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, “მათი შინაარსის გათვალისწინებით”, ვრცელდება იურიდიულ პირებზეც. ანალოგიურად, სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებშიც ყველა ის უფლება, რომელიც თვისებრივად არ უკავშირდება ადამიანს, შესაძლებელია ჰქონდეს იურიდიულ პირსაც.
სსკ-ის 24-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, “იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.”
სსკ-ის მე-8 მუხლის I ნაწილის მე-2 წინადადებით, კანონმდებელი აკონკრეტებს, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ იურიდიულ პირში იგულისხმება “როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის” იურიდიული პირები. 

ანალიზი

ბენოს შესაძლებელია წარმოშობოდა მოთხოვნები იურიდიული პირის – შპს “სტაბილური პარტნიორის” მიმართ.

წინაპირობაა ის, რომ ანის შესაბამისი იურიდიული პირის შესაქმნელად სავალდებულო მოქმედება – იურიდიული პირის რეგისტრაცია _ უნდა განეხორციელებინა და სამართლებრივ ურთიერთობაში ამ იურიდიული პირის სახელით, როგორც მის წარმომადგენელს, ემოქმედა.

კაზუსის გარემოებებიდან დასტურდება როგორც იურიდიული პირის რეგისტრაციის, ისე ანის მიერ იურიდიული პირის სახელით მოქმედების ფაქტი (“ის არეგისტრირებს შპს “სტაბილურ პარტნიორს” და მისი სახელით დებს ბენოსთან რამდენიმე მომგებიან ხელშეკრულებას”).

შესაბამისად, ანიმ ხელშეკრულებები დადო არა საკუთარი სახელით, არამედ როგორც შპს “სტაბილური პარტნიორის” წარმომადგენელმა.

დასკვნა

ბენოს მოთხოვნები უშუალოდ იურიდიული პირის – შპს “სტაბილური პარტნიორის” მიმართ წარმოეშვა.

 

5. იურიდიული პირის მისი დამფუძნებლისგან გამიჯვნა

ანი შპს “დილა მშვიდობისას” რეგისტრაციისათვის ემზადება, თუმცა რეგისტრაციამდე ის შპს-ის სახელით ბენოსგან ოფისს ქირაობს.

ვის მიმართ აქვს ბენოს ოფისის ქირის გადახდის მოთხოვნა?

არსი
იურიდიული პირი შესაძლებელია ჩაითვალოს რეგისტრაციამდე მისი სახელით განხორციელებული ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ.
 
წესი
სსკ-ის 24-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, “იურიდიული პირი... თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს...”
იურიდიული პირის რეგისტრაციამდე მისი სახელით განხორციელებული სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობა და ამ ურთიერთობის მონაწილედ “ჯერ არარსებული” იურიდიული პირის განხილვა დასაშვებად უნდა ჩაითვალოს. ესეც ერთგვარ პირობითი უფლებაუნარიანობის მინიჭებად უნდა განიხილებოდეს – სამართლებრივად მისაღებია, თუ ეს მისთვის (იურიდიული პირისთვის) სარგებლის მომტანია. ამასთან, “სარგებლიანობა” ფართოდ უნდა განიმარტოს როგორც იურიდიული პირის ინტერესებში მოქმედება, რაც იურიდიული პირის შემდგომი თანხმობის სულ მცირე სავარაუდოობას განაპირობებს.
სსკ-ის 26-ე მუხლის I ნაწილით წესრიგდება იურიდიული პირის “იურიდიული მისამართის” – “ადგილსამყოფელის” საკითხი (“ადგილსამყოფელად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი.”)
იურიდიული მისამართი იურიდიული პირის აუცილებელი ატრიბუტია, ის არა მხოლოდ მისი იდენტიფიცირებისათვის, არამედ ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ მოქმედი სამართლის ნორმებისა თუ მათგან გამომდინარე შედეგებისათვის არის არსებითი (მაგალითად, ცალკეული ვალდებულების შესრულების ადგილისა თუ ხელშეკრულების პირობების განმარტების, ასევე სამოქალაქოსაპროცესო და საერთაშორისო კერძოსამართალებრივი თვალსაზრისით).

ანალიზი

ბენოს იურიდიული პირის - შპს “დილა მშვიდობისას” მიმართ შესაძლებელია წარმოშობოდა ოფისის ქირის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

წინაპირობაა ბენოსა და შპს “დილა მშვიდობისას” შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება.

ამ შემთხვევაში პრობლემური შეიძლება იყოს ის, რომ ანის მიერ ხელშეკრულების დადების მომენტში იურიდიული პირი ჯერ არ იყო რეგისტრირებული, ანუ არ არსებობდა. შესაბამისად, შესაძლებელია, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები უშუალოდ ანის, და არა შპს “დილა მშვიდობისას”, წარმოშობოდა.

თუმცა რეგისტრაციამდე მისი სახელით განხორცელებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ იურიდიული პირი შეიძლება მაინც ჩაითვალოს. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია პირობითი უფლებაუნარიანობის ანალოგიაზე საუბარი.

ამის წინაპირობაა ანის მოქმედების “სარგებლიანობა” იურიდიული პირისათვის. იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს ადგილსამყოფელი, ანუ იურიდიული მისამართი. ეს მისი არსებობის ერთ-ერთი წინაპირობაა და რეგისტრაციისას მისათითებელი გარემოება. შესაბამისად, ანის რომ არ დაედო ქირავნობის ხელშეკრულება, იურიდიული პირი ადგილსამყოფელის გარეშე დარჩებოდა. ამდენად, ანის მოქმედება შპს “დილა მშვიდობისას” ინტერესებში მოქმედებად უნდა ჩაითვალოს.

ანი იურიდიული პირის რეგისტრაციამდე და, სავარაუდოდ, რეგისტრაციის შემდეგაც შპს “დილა მშვიდობისას” სახელით მოქმედებს, ანუ ამ იურიდიული პირის წარმომადგენელია სამართლებრივ ურთიერთობებში. ცხადია, ის რეგისტრაციამდეც და რეგისტრაციის შემდეგაც უკვე სამართლებრივად გამყარებული საფუძვლით, როგორც იურიდიული პირის სახელით მოქმედი პირი, მის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების იურიდიულ პირზე გავრცელებას დაეთანხმებოდა.

ამასთან, საქმის გარემოებებიდან არ არსებობს ანის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რაც ბენოსთან დადებული ხელშეკრულების რაიმე დაუშვებელ პირობაზე შეიძლება მიუთითებდეს (მაგალითად, შეუსაბამოდ მაღალი ქირის ოდენობა).

ამდენად, ასეთი ხელშეკრულების დადება იურიდიული პირის – შპს “დილა მშვიდობისას” ინტერესებში მოქმედებად უნდა განიხილებოდეს.

დასკვნა

ბენოს შპს “დილა მშვიდობისას” მიმართ აქვს ოფისის ქირის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

 

6. სახელმწიფოს მონაწილეობა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში

ანიმ გადაწყვიტა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სავარძლების ტენდერში მიიღოს მონაწილეობა და თავისი ხელით დამზადებული ძველებური სავარძლები გაყიდოს. სამინისტროს სატენდერო კომისია ანის შეთავაზებული პროდუქციის აღწერილობითა და ფასით კმაყოფილია და მას ტენდერში გამარჯვებულად აცხადებს. ანისთან დადებულ ხელშეკრულებას მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე აწერს ხელს.

ვის მიმართ აქვს ანის სავარძლების საფასურის გადახდის მოთხოვნა?

არსი
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო თავისი წარმომადგენლისა თუ ორგანოს მეშვეობით შესაძლებელია მონაწილეობდეს როგორც კერძო სამართლის ნებისმიერი სხვა სუბიექტი.
 
წესი
სსკ-ის მე-8 მუხლის II ნაწილის თანახმად, “სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან”, როგორც წესი, წესრიგდება სამოქალაქო კანონმდებლობით. გამონაკლისია “სახელმწიფოებრივი” (იგივე “საზოგადოებრივი”) ინტერესებიდან გამომდინარე ცალკეული მოქმედებები.
სსკ-ის 24-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებულია კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის ფორმის ერთგვარი გათანაბრება “კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან”. ამასთან, სსკ-ის  24-ე მუხლის IV ნაწილის მე-2 წინადადებით ზუსტდება, რომ “უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები... ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.”(18)

ანალიზი

ანის სახელმწიფოს მიმართ შეიძლება წარმოშობოდა სავარძლების ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის II ნაწილიდან გამომდინარე.

წინაპირობაა ანისა და სახელმწიფოს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა.

ამ კაზუსის მიხედვით, ტენდერს აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ანის გამარჯვებულად - სამინისტროს სატენდერო კომისია, ხოლო ხელშეკრულებას ხელს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე აწერს. შესაბამისად, დასადგენია, თუ რამდენად შეიძლება ხელშეკრულების მხარედ სახელმწიფოს მიჩნევა.

სახელმწიფო კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს იმავე უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც აქვს ნებისმიერ სხვა პირს (სსკ-ის მე-8 მუხლის II ნაწილი).

ამასთან, სხვა იურიდიული პირების მსგავსად, მისი სახელით მოქმედებენ სახელმწიფო ორგანოები (სსკ-ის 24-ე მუხლის IV ნაწილის მე-2 წინადადება). სამინისტრო, ცალკეული თანამდებობის პირი თუ კომისია არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი (ამ სტატუსის მინიჭება კანონით განისაზღვრება) და მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

შესაბამისად, ანისთან დადებული ხელშეკრულების მხარე არის სახელმწიფო, რომელსაც ანისთან ურთიერთობებში წარმოადგენს ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანო.

დასკვნა

ანის სახელმწიფოს მიმართ აქვს სავარძლების ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 477-ე მუხლის II ნაწილიდან გამომდინარე.

 

_________
12. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 96 და შემდგომნი.
13. იხ. ასევე სსკ-ის 1307-ე მუხლი.
14. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 104 და შემდგომნი.
15. შეად. გერმანულ სამართალში: Amtliche Sammlung der Entscheidungen des Bundesgerichtshofs in Zivilsachen, 58, 48.
16. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 107, შემდგომი მითითებებით. 
17. იხ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 160 და შემდგომნი.
18. იხ. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამიჯვასთან დაკავშირებით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 170 და შემდგომნი.