ევროპული და ევროატლანტიკური სწავლების ცენტრი

ევროპული და ევროატლანტიკური სწავლების ცენტრი არის პოლიტიკური კვლევების ორგანიზაცია, რომელიც შემდეგ საკითხებს შეისწავლის: ევროპისა და  ევროატლანტიკის გეოპოლიტიკური და რეგიონული უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები. ევროპული და ევროატლანტიკური სწავლების ცენტრი ორიენტირებულია საბოლოო პროდუქტისა და შედეგების მაღალ ხარისხზე, რაც  პერსონალის მკაცრი მერიტოკრატიული წესით შერჩევის, საუკეთესო საერთაშორისო მრჩეველ და კვლევით ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისა და აუდიტორების მიერ ცენტრის საქმიანობის რეგულარული შეფასების გზით მიიღწევა. ცენტრის მისიაა სახელმწიფო და არასამთავრობო სუბიექტებისათვის კვლევითი და აკადემიური მომსახურების გაწევა პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და იმპლემენტაციის პროცედურებზე ზეგავლენის მიზნით, როგორც ევროპის კავშირის, ასევე ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში. გარდა ამისა, თავისი ინტერესებისა და სპეციალიზაციის ფარგლებში, ცენტრი მიზნად ისახავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთათვის ტრენინგების ორგანიზებას, როგორც ევროპის კავშირის, ასევე, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან.

ევროპული და ევროატლანტიკური სწავლების ცენტრის კვლევის სფერო მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური, საგარეო, უსაფრთხოების, სტრატეგიული და საჯარო პოლიტიკის საკითხების შესწავლას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემდეგ თემებს:

  • საქართველოს ურთიერთობა ევროპის კავშირსა და ნატოსთან;
  • საქართველოს ევროპიზაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესი;
  • საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და კავშირი მეზობელ ქვეყნებთან;
  • უსაფრთხოების განვითარება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში;
  • საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე საერთაშორისო ვაჭრობა და უცხოეთის პირდაპირი ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, ევროატლანტიკური ღირებულებების ხაზგასმით;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში.

ევროპული და ევროატლანტიკური სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული  საქმიანობა მიზნად ისახავს:

  • რეგიონთან დაკავშირებული პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგს, კვლევასა და ანალიზს;
  • წიგნების გამოქვეყნების, ბროშურებისა და პერიოდული გამოცემების გზით ინფორმაციის გავრცელებას;
  • სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სუბიექტებისთვის  მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებისა და ანალიზის, ასევე საჯარო პოლიტიკის შესახებ რეკომენდაციების,  კონსულტაციებისა  და სხვა საექსპერტო მომსახურების გაწევას;
  • აღნიშნულ საკითხებზე სემინარებისა და მრგვალი მაგიდის  ორგანიზებას.

** საჭიროების შემთხვევაში, ევროპული და ევროატლანტიკური სწავლების ცენტრი გეგმავს საგანმანათლებლო საქმიანობას სტაჟირებების (ადგილობრივი და საერთაშორისო), პროექტების განხორცილების ან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის  სასწავლო პროცესში  ჩართვის ფორმით. ცენტრისათის პრიორიტეტია ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრებისა და ანალიტიკოსების წახალისება, რათა მათ შეძლონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად რეალიზება.